კონვენციის მე-11 მუხლი შეიცვალოს შემდეგი დებულებებით:
„1. პატიმრობაში მყოფი პირი, რომლის პირადი გამოცხადება, გარდა სასამართლოზე გამოცხადებისა, მოთხოვნილია მომთხოვნი მხარის მიერ, დროებით გადაეცემა მომთხოვნ მხარეს იმ პირობით, თუ ის უკან იქნება დაბრუნებული მოთხოვნის მიმღები მხარის მიერ მითითებულ ვადებში, და ასევე კონვენციის მე-12 მუხლის დებულებების დაცვით, მათი გავრცელების ფარგლებში.
გადაცემაზე შეიძლება ითქვას უარი, თუ:
ა. პატიმრობაში მყოფი პირი არ ეთანხმება აღნიშნულს;
ბ. მისი ყოფნა აუცილებელია სისხლის სამართლის სამართალწარმოებაზე, რომელიც ხორციელდება მოთხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე;
გ. პირის გადაცემამ შეიძლება გაახანგრძლივოს მისი დაკავების ვადები;
დ. არსებობს პირის მომთხოვნი მხარის ტერიტორიაზე გადაცემაზე უარის თქმის სხვა განსაკუთრებული საფუძვლები.
2. წინამდებარე კონვენციის მე-2 მუხლის დებულებათა შესაბამისად, პირველ პარაგრაფთან დაკავშირებულ შემთხვევაში, პატიმრობაში მყოფი პირის მესამე სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტის ნებართვა გაიცემა განაცხადის საფუძველზე, რომლესაც თან უნდა ახლდეს ყველა საჭირო დოკუმენტაცია და რომელიც მომთხოვნი მხარის იუსტიციის სამინისტროს მიერ გაეგზავნება იმ მხარის იუსტიციის სამინისტროს, რომლის ტერიტორიის გავლითაც არის მოთხოვნილი ტრანზიტი. მხარეს შეუძლია უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქეებისათვის ტრანზიტის ნებართვის გაცემაზე.
3. გადაცემული პირი პატიმრობაში დარჩება მომთხოვნი მხარის ტერიტორიაზე და, საჭიროების შემთხვევაში, იმ მხარის ტერიტორიაზე, რომლის ტერიტორიის გავლითაც არის მოთხოვნილი ტრანზიტი, თუ გადაცემის მომთხოვნი მხარე არ მოითხოვს მის გათავისუფლებას.