1. თუ  საარბიტრაჟო მოსარჩელემ არ წარადგინა საარბიტრაჟო სარჩელი წესების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მან საარბიტრაჟო საქმის პროცედურული განრიგით გათვალისწინებულ ან საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ სხვაგვარად განსაზღვრულ ვადაში უნდა წარმოადგინოს საარბიტრაჟო სარჩელი, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) ფაქტებს, რომლებზედაც საარბიტრაჟო მოსარჩელე აფუძნებს თავის მოთხოვნებს;

ბ) სამართლებრივ არგუმენტებს, რომლებზედაც საარბიტრაჟო მოსარჩელე აფუძნებს თავის მოთხოვნებს;

გ) მტკიცებულებებს, რომლებსაც ეყრდნობა საარბიტრაჟო მოსარჩელე;

დ) საარბიტრაჟო სასარჩელო მოთხოვნებს.

2. თუ საარბიტრაჟო მოპასუხემ არ წარადგინა საარბიტრაჟო შესაგებელი წესების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მან საარბიტრაჟო საქმის პროცედურული განრიგით გათვალისწინებულ ან საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ სხვაგვარად განსაზღვრულ ვადაში უნდა წარმოადგინოს საარბიტრაჟო შესაგებელი, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) ნებისმიერ შედავებას (პრეტენზიას) საარბიტრაჟო ტრიბუნალის იურისდიქციასთან ან მოთხოვნის (მოთხოვნების) დასაშვებობასთან დაკავშირებით (არსებობის შემთხვევაში);

ბ) ფაქტებს, რომლებზედაც საარბიტრაჟო მოპასუხე აფუძნებს საარბიტრაჟო შესაგებელს, აგრეთვე შეგებებულ სარჩელს ან ვალდებულებათა გაქვითვის მოთხოვნას (არსებობის შემთხვევაში);

გ) სამართლებრივ არგუმენტებს, რომლებზედაც საარბიტრაჟო მოპასუხე აფუძნებს საარბიტრაჟო შესაგებელს, აგრეთვე შეგებებულ სარჩელს ან ვალდებულებათა გაქვითვის მოთხოვნას (არსებობის შემთხვევაში);

დ) მტკიცებულებებს, რომლებსაც ეყრდნობა საარბიტრაჟო მოპასუხე.

3. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ და/ან საარბიტრაჟო ტრიბუნალს, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს კონკრეტული საქმის განხილვის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლია ამ საქმის განხილვის მიმდინარეობისას მოითხოვოს დამატებითი პოზიციების წერილობით წარმოდგენა.

4. საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს დავის ეფექტიანი მოგვარებისთვის საჭირო ნებისმიერი არსებითი საკითხი და ასევე ისეთი საკითხი, რომელზედაც არ უმსჯელიათ მხარეებს წერილობით პოზიციებში ან ზეპირ ახსნა-განმარტებებში, იმის გათვალისწინებით, რომ საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარეებს ყურადღება ნათლად გაამახვილებინა ამ საკითხზე და მათ მიეცათ ადეკვატური შესაძლებლობა, ყოველ ასეთ  საკითხზე თავიანთი პოზიციები წერილობით ან საარბიტრაჟო სხდომის დროს ზეპირად წარმოედგინა