1.   თითოეული მხარე მიიღებს იმგვარ ზომებს, როგორიც აუცილებელი შეიძლება აღმოჩნდეს, რათა თავისი შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად სისხლისსამართლებრივ დანაშაულებად ცნოს შემდეგი ქმედებანი, როდესაც ისინი განზრახ არის ჩადენილი:

(a)  (i) ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ან ნებისმიერი ფსიქოტროპული ნივთიერების წარმოება, დამზადება, ექსტრაჰირება, შედგენა, შეთავაზება, გასაყიდად შეთავაზება, გავრცელება, გაყიდვა, მიწოდება ნებისმიერი პირობებით, გასასაღებლად შუამავლობა, გაგზავნა, ტრანზიტით გაგზავნა, იმპორტირება ან ექსპორტირება 1961 წლის კონვენციის, 1961 წლის შესწორებული კონვენციის ან 1971 წლის კონვენციის დებულებათა საწინააღმდეგოდ;

(ii) ოპიუმის ყაყაჩოს, კოკაინის ბუჩქის ან კანაფის მცენარის კულტივირება ნარკოტიკულ საშუალებათა წარმოების მიზნით 1961 წლის კონვენციისა და 1961 წლის შესწორებული კონვენციის დებულებათა საწინააღმდეგოდ;

(iii)  ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების ფლობა ან შეძენა ზემოთ, (i) პარაგრაფში ჩამოთვლილი რომელიმე საქმიანობის წარმოების მიზნით;

(iv)    i ცხრილსა და ii ცხრილში ჩამოთვლილი მოწყობილობის, მასალების ან ნივთიერებების დამზადება, ტრანსპორტირება ან გავრცელება, თუკი ცნობილია, რომ განზრახულია მათი გამოყენება ნარკოტიკული საშუალებების ან ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო კულტივაციის, წარმოების ან დამზადების პროცესში, ან მათი მიზნით;

(v)  ზემოთ, (i), (ii), (iii) ან (iv) პარაგრაფში ჩამოთვლილი რომელიმე სამართალდარღვევის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან დაფინანსება;

(b)   (i) საკუთრების გადაცემა ან კონვერსია, თუკი ცნობილია, რომ ამგვარი საკუთრება მიღებულია შედეგად ამა თუ იმ სამართალდარღვევის ან სამართალდარღვევებისა, რომელიც ასეთად ცნობილია ამ პუნქტის (a) ქვეპუნქტის თანახმად, ან შედეგად ამგვარ სამართალდარღვევაში ან სამართალდარღვევებში მონაწილეობისა, საკუთრების უკანონო წარმომავლობის დაფარვის ან შენიღბვის მიზნით, ან ამგვარი სამართალდარღვევის ან სამართალდარღვევების ჩადენაში მონაწილე პირისთვის საკუთარ ქმედებათა სამართლებრივი შედეგების თავიდან აცილებაში ხელის შეწყობის მიზნით;

(ii)  საკუთრების ჭეშმარიტი ხასიათის, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განკარგვის გზის, გადაადგილების, მასზე უფლებების ან მისი მფლობელობის დაფარვა ან შენიღბვა, თუკი ცნობილია, რომ ამგვარი საკუთრება მიღებულია შედეგად სამართალდარღვევის ან სამართალდარღვევებისა, რომელიც ასეთად ცნობილია ამ პუნქტის (a) ქვეპუნქტის თანახმად, ან შედეგად ამგვარ სამართალდარღვევაში ან სამართალდარღვევებში მონაწილეობისა;

(c)  თავისი საკონსტიტუციო პრინციპებისა და სამართლებრივი სისტემის ძირითადი კონცეფციების გათვალისწინებით:

(i)  საკუთრების შეძენა, ფლობა ან გამოყენება, თუკი ცნობილია, რომ, მიღების დროისათვის, ამგვარი საკუთრება მოპოვებული იყო შედეგად სამართალდარღვევის ან სამართალდარღვევებისა, რომელიც ასეთად ცნობილია ამ პუნქტის (a) ქვეპუნქტის თანახმად, ან შედეგად ამგვარ სამართალდარღვევაში ან სამართალდარღვევებში მონაწილეობისა;

(ii)   i ცხრილსა და ii ცხრილში ჩამოთვლილი მოწყობილობის, მასალების ან ნივთიერებების ფლობა, თუკი ცნობილია, რომ ისინი გამოიყენება, ან გამოყენებული უნდა იქნეს ნარკოტიკული საშუალებების ან ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო კულტივირების, წარმოების ან დამზადებისათვის;

(iii)  სხვების ნებისმიერი საშუალებებით საჯაროდ წაქეზება ან დარწმუნება, ჩაიდინონ ესა თუ ის სამართალდარღვევა, რომელიც ასეთად ცნობილია ამ მუხლის თანახმად, ანდა უკანონოდ გამოიყენონ ნარკოტიკული საშუა-ლებები ან ფსიქოტროპული ნივთიერებები;

(iv)  ნებისმიერ სამართალდარღვევაში, რომელიც ასეთად ამ მუხლის თანახმად არის ცნობილი, მონაწილეობა, მისი ჩადენის მიზნით გაერთიანების ან შეთქმულების მოწყობა, მისი ჩადენის მცდელობანი და ხელშეწყობა, წაქეზება, გაადვილება ან რჩევების მიცემა მის ჩასადენად.

2.  თავისი საკონსტიტუციო პრინციპებისა და სამართლებრივი სისტემის ძირითადი კონცეფციების გათვალისწინებით, თითოეული მხარე მიიღებს იმგვარ ზომებს, როგორიც აუცილებელი შეიძლება აღმოჩნდეს, რათა თავისი შინასახელმწი-ფოებრივი კანონმდებლობის თანახმად სისხლისსამართლებრივ დანაშაულად ცნოს, როდესაც ისინი განზრახ არის ჩადენილი, ნარკოტიკული საშუალებების ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ფლობა, შეძენა ან კულტივირება პირადი მოხმა-რების მიზნით, 1961 წლის კონვენციის, 1961 წლის შესწორებული კონვენციის ან 1971 წლის კონვენციის დებულებათა საწინააღმდეგოდ.

3. ცოდნა, განზრახვა ან მიზანი, რომლებიც აუცილებელია, როგორც ამ მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნული სამართალდარღვევის ელემენტი, შეიძლება გამოყვანილი იქნეს ობიექტური ფაქტობრივი გარემოებებიდან.

4.  (a) თითოეული მხარე ამ მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად სამართალდარღვევებად ცნობილ ქმედებათა ჩადენისათვის დააწესებს ისეთ სანქციებს, რომლებიც მხედველობაში მიიღებს ამ სამართალდარღვევათა მძიმე ხასიათს, როგორებიცაა ციხეში ჩასმა ან თავისუფლების აღკვეთის სხვა ფორმები, ფულადი სანქციები და კონფისკაცია.

(b)   ამ მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად სამართალდარღვევად ცნობილი ქმედებისათვის მსჯავრის დადების ან დასჯის გარდა, მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ სამართალდამრღვევისთვის ისეთი ღონისძიებების ჩატარება, როგორებიცაა მკურნალობა, აღმზრდელობითი მუშაობა, შემდგომი დაკვირვება, რეაბილიტაცია ან სოციალური რეინტეგრაცია.

(c)   წინა ქვეპუნქტების მიუხედავად, ნაკლებად მნიშვნელოვანი ხასიათის შესაბამის შემთხვევებში, მხარეებს შეუძლიათ, მსჯავრის დადების ან დასჯის ალტერნატივის სახით, გაითვალისწინონ ისეთი ღონისძიებები, როგორებიცაა აღმზრდელობითი მუშაობა, რეაბილიტაცია ან სოციალური ინტეგრაცია, და აგრეთვე, როდესაც სამართალდამრღვევი ნარკომანია, მკურნალობა და შემდგომი დაკვირვება.

(d)   მხარეებს შეუძლიათ, მსჯავრის დადების ან დასჯის ალტერნატივის სახით, ანდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სამართალდარღვევად ცნობილი ქმედებისათვის მსჯავრის დადებასთან ან დასჯასთან ერთად, გაითვალისწინონ სამართალდამრღვევის მკურნალობისთვის, აღზრდისთვის, მასზე შემდგომი დაკვირვებისთვის, მისი რეაბილიტაციისთვის ან სოციალური ინტეგრაციისთვის განკუთვნილი ღონისძიებანი.

5.  მხარეები უზრუნველყოფენ, რომ მათმა სასამართლოებმა და სხვა კომპეტენ-ტურმა ორგანოებმა, რომელთაც იურისდიქცია აქვთ, მხედველობაში მიიღონ ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც განსაკუთრებით სერიოზულ ხასიათსა სძენს იმ სამართალდარღვევების ჩადენას, რომლებიც ასეთად ამ მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად არის ცნობილი, სახელდობრ:

(a) სამართალდარღვევაში მონაწილეობა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფისა, რომლის წევრიც არის სამართალდამრღვევი;

(b)სამართალდამრღვევის მონაწილეობა სხვა სახის საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში;

(c)  სამართალდამრღვევის მონაწილეობა სხვა უკანონო საქმიანობაში, რომელსაც ხელი შეუწყო მოცემული სამართალდარღვევის ჩადენამ;

(d) სამართალდამრღვევის მიერ ძალადობის ან იარაღის გამოყენება;

(e)    ის ფაქტი, რომ სამართალდამრღვევს სახელმწიფო თანამდებობა უკავია და რომ სამართალდარღვევა აღნიშნულ თანამდებობასთან არის დაკავშირებული;

(f)  არასრულწლოვანთა ვიქტიმიზაცია ან გამოყენება;

(g)    ის ფაქტი, რომ დანაშაული ჩადენილია პენიტენციურ დაწესებულებაში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან საზოგადოებრივ დაწესებულებაში, ან მათს უშუალო სიახლოვეში, ან სხვა ისეთ ადგილებში, რომელთაც სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები საგანმანათლებლო, სპორტული და საზოგადოებრივი ღონისძიებებისთვის იყენებენ;

(h)  ადრე ნასამართლობა, განსაკუთრებით ანალოგიურ სამართალდარღვევათათვის, ჩადენილთათვის საზღვარგარეთ თუ საკუთარ ქვეყანაში, იმდენად, რამდენადაც ეს ნებადართულია კონკრეტული მხარის შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად.

6.  მხარეები ეცდებიან უზრუნველყონ, რომ მათი შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი დისკრეციული იურიდიული უფლებამოსილება, დაკავშირებული პირთა სასამართლო დევნასთან ამ მუხლის თანახმად სამართალდარღვევებად ცნობილ ქმედებათა გამო, გამოყენებულ იქნეს იმგვარად, რომ მოახდინოს სამართალაღმასრულებელი ზომების მაქსიმიზაცია აღნიშნულ სამართალდარღვევებთან მიმართებაში და ამგვარი სამართალდარღვე-ვების ჩადენისთვის ხელის შეშლის აუცილებლობის ჯეროვნად გათვალისწინებით.

7.   მხარეები უზრუნველყოფენ, რომ მათ სასამართლოებს ან სხვა კომპეტენტურ ორგანოებს მხედველობაში ექნებათ ამ მუხლის 1-ელ პუნქტში ჩამოთვლილ სამართალდარღვევათა და ამ მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილ გარემოებათა სერიოზული ხასიათი, როდესაც ამგვარი სამართალდარღვევებისთვის მსჯავრდებულ პირთა ვადამდელი ან პირობითი განთავისუფლების შესაძლებლობას განიხილავენ.

8.  თითოეული მხარე, როდესაც ეს მიზანშეწონილი იქნება თავისი შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად, დააკანონებს ხანდაზმულობის გრძელ ვადას სასამართლო დევნის დასაწყებად ნებისმიერ იმ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც ასეთად ცნობილია ამ მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, და უფრო გრძელ ვადას, როდესაც სავარაუდო სამართალდამრღვევი მართლმსაჯულების აღსრულებას თავს არიდებდა.

9.    თითოეული მხარე მიიღებს თავისი სამართლებრივი სისტემის შესაბამის სათანადო ზომებს, რათა უზრუნველყოს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად სამართალდარღვევად ცნობილი ქმედებისთვის ბრალდებული ან მსჯავრდებული პირის დასწრება აუცილებელ სისხლისსამართლებრივ სამართალწარმოებაზე.

10.   ამ კონვენციის მიხედვით მხარეთა შორის თანამშრომლობის მიზნით, მათ შორის, კერძოდ, მე-5, მე-6, მე-7 და მე-9 მუხლების მიხედვით თანამშრომლობის მიზნით, ამ მუხლის თანახმად სამართალდარღვევებად ცნობილი ქმედებანი არ ჩაითვლება ფინანსურ სამართალდარღვევებად ან პოლიტიკურ სამართალდარღვევებად და მიჩნეული არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებულ სამართალდარღვევებად, მხარეთა საკონსტიტუციო შეზღუდვებისა და ფუნდამენტური შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისთვის ზიანის მიუყენებლად.

11.  არაფერი, შემავალი ამ მუხლში, ზეგავლენას არ ახდენს პრინციპზე, რომლის თანახმადაც სამართალდარღვევების, რომელსაც იგი შეეხება, და მათთან დაკავშირებული სამართლებრივი დაცვის ზომების აღწერა შედის თითოეული მხარის შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის კომპეტენციაში, და რომლის თანახმადაც ამგვარი სამართალდარღვევებისთვის სასამართლო დევნა და დასჯა უნდა მოხდეს აღნიშნული კანონმდებლობის შესაბამისა