1. ეს მუხლი გამოიყენება იმ სამართალდარღვევათა მიმართ, რომლებიც მხარეთა მიერ ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად არის ცნობილი.
2. ყოველი სამართალდარღვევა, რომლის მიმართაც ეს მუხლი გამოიყენება, უნდა ჩაითვალოს შესულად მხარეთა შორის არსებულ ნებისმიერ ხელშეკრულებაში ექსტრადიციის შესახებ, როგორც სამართალდარღვევა, რომელსაც დამნაშავის ექსტრადიცია მოსდევს. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, შეიტანონ ამგვარი სამართალდარღვევები მათ შორის დასადებ ყოველ ხელშეკრულებაში ექსტრადიციის შესახებ, როგორც სამართალდარღვევები, რომელთაც დამნაშავის ექსტრადიცია მოსდევს.
3. თუ ესა თუ ის მხარე, რომელიც ექსტრადიციას ხელშეკრულების არსებობით განაპირობებს, მიიღებს ექსტრადიციის თაობაზე მოთხოვნას მეორე მხარისაგან, რომელთანაც მას დადებული არა აქვს ხელშეკრულება ექსტრადიციის შესახებ, მას შეუძლია ეს კონვენცია განიხილოს ექსტრადიციის სამართლებრივ ბაზად ნებისმიერ იმ სამართალდარღვევასთან მიმართებაში, რომლის მიმართაც ეს მუხლი გამოიყენება. მხარეები, რომელთაც ამ კონვენციის ექსტრადიციის სამართლებრივ ბაზად გამოსაყენებლად დეტალური საკანონმდებლო აქტი ესაჭიროებათ, განიხილავენ იმგვარი საკანონმდებლო აქტის მიღების შესაძლებლობას, როგორიც აუცილებელი შეიძლება იყოს.
4. მხარეები, რომლებიც ექსტრადიციას ხელშეკრულების არსებობით არ განაპირობებენ, სამართალდარღვევებს, რომელთა მიმართაც ეს მუხლი გამოიყენება, აღიარებენ სამართალდარღვევებად, რომელთაც მოსდევს ექსტრადიცია მათ შორის.
5. ექსტრადიცია ხდება თანახმად პირობებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მოთხოვნის მიმღები მხარის კანონმდებლობით, ან გამოყენებადი ხელშეკრულებებით ექსტრადიციის შესახებ, იმ მიზეზების ჩათვლით, რომელთა გამოც მოთხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია უარი განაცხადოს ექსტრადიციაზე.
6. ამ მუხლის თანახმად გაკეთებული მოთხოვნების განხილვისას, მოთხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია უარი განაცხადოს ამგვარი მოთხოვნების შესრულებაზე, თუკი არსებობს სერიოზული საფუძველი, რომელიც მის სასამართლო ან სხვა კომპეტენტურ ორგანოებს აფიქრებინებს, რომ ამ მოთხოვნათა შესრულება გააადვილებს ამა თუ იმ პირის სასამართლო დევნას ან დასჯას მისი რასის, რელიგიის, ეროვნების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო, ან რომელიმე ამ მიზეზით ზიანს მიაყენებს ამა თუ იმ პირს, რომელსაც ეს მოთხოვნა შეეხება.
7. მხარეები ეცდებიან, დააჩქარონ საექსტრადიციო პროცედურები და გაამარტივონ მათთან დაკავშირებული მოთხოვნები მტკიცებულებათა წარდგენის თაობაზე ნებისმიერ იმ სამართალდარღვევასთან მიმართებაში, რომლის მიმართაც ეს მუხლი გამოიყენება.
8. თავისი შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და ექსტრადიციის შესახებ თავისი ხელშეკრულებების დებულებათა მიხედვით, მოთხოვნის მიმღებ მხარეს, თუ იგი დარწმუნდება, რომ გარემოებები ამის საფუძველს იძლევა და ისინი გადაუდებელ ხასიათს ატარებს, შეუძლია, მომთხოვნი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, პატიმრობაში აიყვანოს პირი, ვის ექსტრადიციასაც მას სთხოვენ და რომელიც მის ტერიტორიაზე იმყოფება, ანდა მიიღოს სხვა შესაბამისი ზომები საექსტრადიციო პროცედურებზე მისი დასწრების უზრუნველსაყოფად.
9. მისი შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად დამყარებული ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი იურისდიქციისთვის ზიანის მიუყენებლად, მხარემ, რომლის ტერიტორიაზეც აღმოჩენილი იქნება სავარაუდო სამართალდამრღვევი:
(a) თუ იგი არ ახდენს მის ექსტრადირებას მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად სამართალდარღვევად ცნობილ ქმედებასთან მიმართებაში, იმ მიზეზების გამო, რომლებიც მოყვანილია მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის (a) ქვეპუნქტში, საქმე თავის კომპეტენტურ ორგანოებს უნდა გადასცეს სასამართლო დევნის მიზნით, თუკი სხვაგვარად არ არის შეთანხმებული მომთხოვნ მხარესთან;
(b) თუ იგი არ ახდენს მის ექსტრადირებას ამგვარ სამართალდარღვევასთან მიმართებაში და დამყარებული აქვს საკუთარი იურისდიქცია ამ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით თანახმად მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის (ბ) ქვეპუნქტისა, საქმე თავის კომპეტენტურ ორგანოებს უნდა გადასცეს სასამართლო დევნის მიზნით, თუკი მომთხოვნი მხარის მიერ სხვაგვარად არ იქნა მოთხოვნილი მისი კანონიერი იურისდიქციის შენარჩუნების მიზნით.
10. თუ ექსტრადიციაზე, რომელიც განაჩენის აღსრულების მიზნით არის მოთხოვნილი, უარი იქნა განცხადებული იმის გამო, რომ პირი, ვის ექსტრადიციასაც ითხოვენ, არის მოთხოვნის მიმღები მხარის მოქალაქე, მაშინ მოთხოვნის მიმღები მხარე, თუკი მისი კანონმდებლობა ამის უფლებას იძლევა და ამგვარი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, მომთხოვნი მხარის განაცხადის საფუძველზე განიხილავს შესაძლებლობას, აღასრულოს მომთხოვნი მხარის კანონმდებლობის მიხედვით გამოტანილი განაჩენი, ან მისი ნაწილი.
11. მხარეები ეცდებიან, დადონ ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებები ექსტრადიციის განხორციელების, ან მისი ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.
12. მხარეებს შეუძლიათ განიხილონ შესაძლებლობა, დადონ ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებები, იქნება ეს სპეციალური თუ ზოგადი ხასიათის შეთანხმებები, რომლებიც შეეხება მათს ქვეყანაში გადაგზავნას იმ პირებისა, რომელთაც მისჯილი აქვთ ციხეში პატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთის სხვა ფორმები ისეთ სამართალდარღვევათათვის, რომელთა მიმართაც ეს მუხლი გამოიყენება, იმისთვის რათა მათ შეეძლოთ, თავისი განაჩენი ბოლომდე იქ მოიხადო