1. მხარეები, ამ მუხლის მიხედვით, ერთმანეთს აღმოუჩენენ მაქსიმალურად ფართო სამართლებრივ ურთიერთდახმარებას გამოძიებათა, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო განხილვათა ჩატარებაში იმ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად არის ცნობილი.
2. ამ მუხლის თანახმად აღმოსაჩენი სამართლებრივი ურთიერთდახმარება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს რომელიმე ქვემოჩამოთვლილი მიზნით, როგორიცაა სახელდობრ:
a) პირთათვის ჩვენებათა ჩამორთმევა;
b) სასამართლო დოკუმენტების გადაცემის განხორციელება;
c) ჩხრეკებისა და დაყადაღების წარმოება;
d) საგნებისა და ადგილების დათვალიერება;
e) ინფორმაციისა და მტკიცებულებითი ერთეულების გადაცემა;
f) შესაბამისი დოკუმენტებისა და ჩანაწერების, საბანკო, ფინანსური, კორპორაციული ან საქმიანი დოკუმენტების ათვლით, დედნების ან დამოწმებული ასლების გადაცემა;
g) შემოსავლის, საკუთრების, საშუალებების ან სხვა საგნების გამოვლენა ან კვალის მიგნება მტკიცებულებითი მიზნებისათვის.
3. მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს აღმოუჩინონ ნებისმიერი სხვა სახის სამართლებრივი ურთიერთდახმარება, რომელიც ნებადართულია მოთხოვნის მიმღები მხარის შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით.
4. მოთხოვნის საფუძველზე, მხარეები გააადვილებენ ან წაახალისებენ, იმდენად რამდენადაც ეს შეესაბამება მათს შინასახელმწიფოებრივ სამართალსა და მიღე-ბულ პრაქტიკას, დასწრებას და ხელმისაწვდომობას პირებისა, პატიმრობაში მყოფ პირთა ჩათვლით, რომლებიც დათანხმდებიან გამოძიებისთვის დახმარების გაწევაზე ან სასამართლო განხილვებში მონაწილეობაზე.
5. მხარემ უარი არ უნდა თქვას ამ მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთდახმარების გაწევაზე საბანკო საიდუმლოს შენახვის აუცილებლობის მიზეზით.
6. ამ მუხლის დებულებები ზეგავლენას არ ახდენს ვალდებულებებზე, ნაკისრზე რომელიმე სხვა ხელშეკრულების მიხედვით, იქნება ის ორმხრივი თუ მრავალმხრივი ხელშეკრულება, რომელიც ამჟამად არეგულირებს ან მომავალში დაარეგულირებს, მთლიანად თუ ნაწილობრივ, სამართლებრივ ურთიერთდახმარებას სისხლისსამართლებრივ საკითხებში.
7. ამ მუხლის 8-19 პუნქტები გამოიყენება ამ მუხლის მიხედვით გაკეთებული მოთხოვნების მიმართ, თუკი შესაბამისი მხარეები დავალდებულებულნი არ არიან ხელშეკრულებით სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ. თუ ეს მხარეები დავალდებულებულნი არიან ამგვარი ხელშეკრულებით, მაშინ გამოიყენება აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისი დებულებები, თუკი მხარეები არ შეთანხმდებიან, მათ ნაცვლად გამოიყენონ ამ მუხლის 8-19 პუნქტები.
8. მხარეები დანიშნავენ ორგანოს ან, თუ ეს აუცილებელი იქნა, ორგანოებს, რომლებიც მოვალენი და უფლებამოსილნი იქნებიან, აღასრულონ სამართლებრივი ურთიერთდახმარების მოთხოვნები, ან აღსასრულებლად გადაუგზავნონ ისინი კომპეტენტურ ორგანოებს. ამ მიზნით დანიშნული ორგანოს ან ორგანოების შესახებ უნდა ეცნობოს გენერალურ მდივანს. სამართლებრივი ურთიერთდახმარების მოთხოვნებისა და მათთან დაკავშირებული ნებისმიერი შეტყობინების გადაგზავნა უნდა მოხდეს მხარეთა მიერ დანიშნულ ორგანოთა შორის; ეს აუცილებელი პირობა ზიანს არ აყენებს ამა თუ იმ მხარის უფლებას მოითხოვოს, რომ მას ამგვარი მოთხოვნები და შეტყობინებები გაეგზავნოს დიპლომატიური არხებით და, საგანგებო ვითარებაში, როდესაც მხარეები ამის თაობაზე შეთანხმდებიან, კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის არხებით, თუკი ეს შესაძლებელი იქნა.
9. მოთხოვნა უნდა გაკეთდეს წერილობით, მოთხოვნის მიმღები მხარისათვის მისაღებ ენაზე. თითოეული მხარისათვის მისაღები ენის ან ენების თაობაზე უნდა ეცნობოს გენერალურ მდივანს. საგანგებო ვითარებაში, და როდესაც მხარეები ამის თაობაზე შეთანხმდებიან, მოთხოვნები შეიძლება გაკეთდეს სიტყვიერად, მაგრამ დაუყოვნებლივ უნდა დადასტურდეს წერილობით.
10. სამართლებრივი ურთიერთდახმარების მოთხოვნაში უნდა შევიდეს:
ინფორმაცია იმ ორგანოს შესახებ, რომელიც მოთხოვნას აკეთებს;
a) შინაარსი და ხასიათი გამოძიებისა, სისხლისსამართლებრივი დევნისა ან სასამართლო განხილვისა, რომელსაც მოთხოვნა შეეხება, და იმ ორგანოს სახელწოდება და ფუნქციები, რომელიც ამგვარ გამოძიებას, სისხლისსამართლებ-რივ დევნას ან სასამართლო განხილვას ატარებს;
b) შესაბამისი ფაქტების მოკლე შეჯამება, იმ ფაქტების გამოკლებით, რომლებიც სასამართლო დოკუმენტების გადაცემასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს შეეხება;
c) მოთხოვნილი დახმარების აღწერა და ცალკეული დეტალები ამა თუ იმ პროცედურისა, რომელიც მომთხოვნ მხარეს სურს, რომ შესრულდეს;
d) როდესაც ეს შესაძლებელია, ვინაობა, ადგილსამყოფელი და მოქალაქეობა ნებისმიერი პირისა, ვისაც საქმე შეეხება;
e) მტკიცებულებათა, ინფორმაციის ან ქმედების მოთხოვნის მიზანი.
11. მოთხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, როდესაც იგი აუცილებელი ჩანს მოთხოვნის შესასრულებლად ამ მხარის შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად, ან როდესაც მას ამგვარი შესრულების გაადვილება შეუძლია.
12. მოთხოვნა უნდა შესრულდეს მოთხოვნის მიმღები მხარის შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად და, იმდენად რამდენადაც ეს მოთხოვნის მიმღები მხარის შინასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება და როდესაც ეს შესაძლებელია, მოთხოვნაში კონკრეტულად დასახელებული პროცედურების თანახმად.
13. მომთხოვნმა მხარემ სხვას არ უნდა გადასცეს და არ უნდა გამოიყენოს მოთხოვნის მიმღები მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ან მტკიცებულებები სხვა გამოძიებებისთვის, სისხლისსამართლებრივი დევნისთვის ან სასამართლო განხილვებისთვის გარდა იმ მათგანისა, რომლებიც მოთხოვნაშია მოყვანილია, თუკი არ იქნა მოთხოვნის მიმღები მხარის წინასწარი თანხმობა ამაზე.
14. მომთხოვნმა მხარემ შეიძლება მოითხოვოს, რომ მოთხოვნის მიმღებმა მხარემ კონფიდენციალურად შეინახოს მოთხოვნის გაკეთების ფაქტი და მისი შინაარსი, იმის გამოკლებით, რაც მოთხოვნის შესასრულებლად არის აუცილებელი. თუ მოთხოვნის მიმღებ მხარეს კონფიდენციალურობის მოთხოვნის შესრულება არ ძალუძს, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მომთხოვნ მხარეს.
15. სამართლებრივ ურთიერთდახმარებაზე უარი შეიძლება იქნეს ნათქვამი:
a) თუ მოთხოვნა ამ მუხლის დებულებათა თანახმად არ არის გაკეთებული;
b)თუ მოთხოვნის მიმღები მხარე თვლის, რომ მოთხოვნის შესრულებამ ზიანი შეიძლება მიაყენოს მის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან სხვა არსებით ინტერესებს;
c) თუ მოთხოვნის მიმღები მხარის ორგანოთათვის, მისი შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად, აკრძალული იქნებოდა მოთხოვნილი ქმედების განხორციელება რომელიმე ანალოგიურ სამართალდარღვევასთან მიმართებაში, იგი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის ან სასამართლო განხილვის საგანი რომ გამხდარიყო მათი საკუთარი იურისდიქციის მიხედვით;
d) თუ მოთხოვნის შესრულება ეწინააღმდეგება მოთხოვნის მიმღები მხარის სამართლებრივი სისტემის პრინციპებს, რომლებიც სამართლებრივ ურთიერთდახმარებას შეეხება.
16. უნდა დასახელდეს სამართლებრივ ურთიერთდახმარებაზე ნებისმიერი უარის მიზეზები.
17. სამართლებრივი ურთიერთდახმარება შეიძლება გადაიდოს მოთხოვნის მიმღები მხარის მიერ იმ მიზეზით, რომ იგი ხელს უშლის მიმდინარე გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას ან სასამართლო განხილვას. ამგვარ შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები მხარე კონსულტაციას გამართავს მომთხოვნ მხარესთან, რათა გაარკვიოს, შესაძლოა თუ არა, დახმარება მაინც იქნეს აღმოჩენილი ისეთ ვადებში და ისეთი პირობებით, როგორსაც მოთხოვნის მიმღები მხარე ჩათვლის აუცილებლად.
18. მოწმე, ექსპერტი ან სხვა პირი, რომელიც დათანხმდება, ჩვენება მისცეს სასამართლო განხილვისას, ან დაეხმაროს გამოძიებას მომთხოვნი მხარის ტერიტორიაზე, არ უნდა დაექვემდებაროს სისხლისსამართლებრივ დევნას, დაკავებას, დასჯას ან მისი პირადი თავისუფლების რაიმე სხვაგვარ შეზღუდვას ამ ტერიტორიაზე რომელიმე იმ ქმედებასთან, უმოქმედობასთან ან მსჯავრის დადებასთან დაკავშირებით, რომელთაც ადგილი ჰქონდათ მოთხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიიდან მის გამომგზავრებამდე. ამგვარი ხელშეუხებლობის გარანტია მოქმედებას შეწყვეტს, როდესაც მოწმე, ექსპერტი ან სხვა პირი, რომელსაც ზედიზედ თხუთმეტი დღის განმავლობაში, ან მხარეთა შორის შეთანხმებული ნებისმიერი ვადის განმავლობაში, დაწყებული იმ თარიღიდან, როდესაც მას ოფიციალურად აცნობეს, რომ მისი ყოფნა საჭირო აღარ არის სასამართლო ორგანოთათვის, ჰქონდა გამგზავრების შესაძლებლობა, მიუხედავად ამისა, ნებაყოფლობით დარჩება ტერიტორიაზე ან, მისი დატოვების შემდეგ, საკუთარი ნებით დაბრუნდება იქ.
19. მოთხოვნის შესრულების ჩვეულებრივ ხარჯებს გასწევს მოთხოვნის მიმღები მხარე, თუკი დაინტერესებული მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. თუ მოთხოვნის შესასრულებლად საჭიროა ან საჭირო იქნება ექსტრაორდინარული ხასიათის ხარჯები, მხარეები გამართავენ კონსულტაციას, რათა დაადგინონ მოთხოვნის შესრულების ვადები და პირობები, და აგრეთვე ხარჯების გაღების მეთოდი.
20. აუცილებლობისდა მიხედვით, მხარეები განიხილავენ შესაძლებლობას, დადონ ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებები ან მორიგებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მუხლის დებულებათა მიზნების მიღწევას, ამ დებულებათა რეალურად ამოქმედებას და მათი მოქმედების გაძლიერება