1. მხარეები მიიღებენ ზომებს, რომელთაც ისინი მიზანშეწონილად ჩათვლიან, რათა არ დაუშვან გადინება i-სა და ii ცხრილში შეტანილი ნივთიერებებისა, რომლებიც ნარკოტიკული საშუალებების ან ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ დასამზადებლად გამოიყენება, და ერთმანეთთან ითანამშრომლებენ ამ მიზნით.
2. თუ მხარეს ან კომიტეტს აქვს ინფორმაცია, რომელიც, მისი აზრით, შეიძლება მოითხოვდეს ამა თუ იმ ნივთიერების შეტანას i-სა ან ii ცხრილში, იგი ამის შესახებ შეატყობინებს გენერალურ მდივანს და მიაწვდის მას ამ შეტყობინების დამადასტურებელ ინფორმაციას. ამ მუხლის 2-7 პუნქტებში აღწერილი პროცედურა გამოიყენება აგრეთვე, როდესაც მხარეს ან კომიტეტს აქვს ინფორმაცია, რომელიც ამართლებს ამა თუ იმ ნივთიერების ამოღებას i ან ii ცხრილიდან, ანდა ამა თუ იმ ნივთიერების გადატანას ერთი ცხრილიდან მეორეში.
3. გენერალური მდივანი ამგვარ შეტყობინებას და ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც იგი მნიშვნელოვნად ჩათვლის, გადაუგზავნის მხარეებს, კომისიას და, როდესაც შეტყობინება ამა თუ იმ მხარის მიერ არის გაკეთებული – კომიტეტს. მხარეები გენერალურ მდივანს მიაწვდიან თავიანთ შენიშვნებს შეტყობინების თაობაზე, მთელ იმ დამატებით ინფორმაციასთან ერთად, რომელიც შეიძლება კომიტეტს შეფასების მომზადებაში დაეხმაროს, ხოლო კომისიას – გადაწყვეტილების მიღებაში.
4. თუ კომიტეტი, გაითვალისწინებს რა ნივთიერების კანონიერი გამოყენების მასშტაბს, მნიშვნელობასა და სხვადასხვაგვარობას და ალტერნატიული ნივთიერებების როგორც კანონიერი მიზნებით, ასევე ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ დასამზადებლად გამოყენების შესაძლებლობასა და სიადვილეს, მიიჩნევს:
(ა) რომ ნივთიერება ხშირად გამოიყენება ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ დამზადებისას;
(ბ) რომ ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო დამზადების მოცულობა და მასშტაბი სერიოზულ საზოგადოების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ და სოციალურ პრობლემებსა ქმნის, რაც საერთაშორისო დონის ზომების მიღების საფუძველს იძლევა,იგი კომისიას მიაწვდის ნივთიერების შეფასებას, რაშიც შევა ნივთიერების i-სა ან ii ცხრილში შეტანის სავარაუდო ზეგავლენა როგორც კანონიერ გამოყენებაზე, ასევე უკანონო დამზადებაზე, და აგრეთვე რეკომენდაციებს სამონიტორინგო ზომების თაობაზე, თუკი ასეთი საჭირო იქნა, რომლებიც მიზანშეწონილი შეიძლება აღმოჩნდეს მისი შეფასების გათვალისწინებით.
5. კომისიას, მხედველობაში მიიღებს რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს და კომიტეტის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, რომლის მიერ მომზადებულ შეფასებასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სამეცნიერო საკითხებთან მიმართებაში, და აგრეთვე სხვა შესაბამისი ფაქტების ჯეროვნად გათვალისწინებით, შეუძლია თავისი წევრების ხმათა ორი მესამედის უმრავლესობით გადაწყვიტოს, შეიტანოს ნივთიერება i-სა ან ii ცხრილში.
6. კომისიის მიერ ამ მუხლის თანახმად მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების შესახებ გენერალური მდივანი შეატყობინებს ყველა სახელმწიფოსა და სხვა ორგანიზაციას, რომლებიც არიან, ან რომელთაც უფლება აქვთ გახდნენ, ამ კონვენციის მხარეები, და კომიტეტს. ამგვარი გადაწყვეტილება თითოეული მხარისათვის სრულად შევა ძალაში ამგვარი შეტყობინების თარიღიდან ას ოთხმოცი დღის შემდეგ.
7. (a) კომისიის მიერ ამ მუხლის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილებები ექვემდებარება საბჭოს მიერ გადასინჯვას თანახმად ნებისმიერი მხარის მოთხოვნისა, შეტანილისა ას ოთხმოცი დღის განმავლობაში გადაწყვეტილების თაობაზე შეტყობინების თარიღიდან. გადასინჯვის მოთხოვნა გაეგზავნება გენერალურ მდივანს მთელ იმ შესაბამის ინფორმაციასთან ერთად, რომელსაც ეფუძნება გადასინჯვის მოთხოვნა;
(b) გენერალური მდივანი გადასინჯვის მოთხოვნის ასლებსა და შესაბამის ინფორმაციას გადაუგზავნის კომისიას, კომიტეტსა და ყველა მხარეს და შესთავაზებს მათ, ოთხმოცდაათი დღის განმავლობაში წარმოადგინონ თავიანთი შენიშვნები. ყველა მიღებული შენიშვნა განსახილველად წარედგინება საბჭოს.
(c) საბჭოს შეუძლია დაამტკიცოს ან გააუქმოს კომისიის გადაწყვეტილება. შეტყობინება საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ გადაეგზავნება ყველა სახელმწიფოსა და სხვა ორგანიზაციას, რომლებიც არიან, ან რომელთაც უფლება აქვთ გახდნენ, ამ კონვენციის მხარეები, კომისიასა და კომიტეტს.
8. (a) ამ მუხლის 1-ლ პუნქტში შემავალ დებულებათა და 1961 წლის კონვენციის, 1961 წლის შესწორებული კონვენციისა და 1971 წლის კონვენციის დებულებათა ზოგადი ხასიათისთვის ზიანის მიუყენებლად, მხარეები მიიღებენ ისეთ ზომებს, როგორსაც ისინი მიზანშეწონილად მიიჩნევენ, რათა აწარმოონ მონიტორინგი i-სა და ii ცხრილში შემავალ ნივთიერებათა დამზადებისა და გავრცელებისა, რომელიც მათი ტერიტორიის ფარგლებში ხდება.
(b) ამ მიზნით, მხარეებს შეუძლიათ:
(i) გააკონტროლონ ამგვარ ნივთიერებათა დამზადებასა და გავრცელებაში ჩაბმული ყველა პირი და საწარმო;
(ii) სპეციალური ნებართვის საფუძველზე, გააკონტროლონ ის საწარმოები და სათავსები, სადაც ამგვარი დამზადება ან გავრცელება შეიძლება ხდებოდეს;
(iii) მოსთხოვონ ლიცენზიანტებს ნებართვის აღება ზემოხსენებული ოპერაციების საწარმოებლად;
(iv) ხელი შეუშალონ დამამზადებელთა და გამავრცელებელთა ხელში ამგვარ ნივთიერებათა ისეთი რაოდენობის დაგროვებას, როგორიც აღემატება რაოდენობას, რომელსაც კომერციული საქმიანობის ნორმალური წარმოება და საბაზრო კონიუნქტურა მოითხოვს.
9. თითოეული მხარე i-სა და ii ცხრილში შეტანილ ნივთიერებებთან მიმართებაში მიიღებს შემდეგ ზომებს:
(ა) შექმნის და იქონიებს i-სა და ii ცხრილში შეტანილი ნივთიერებებით საერთაშორისო ვაჭრობის მონიტორინგის სისტემას, რათა გააადვილოს საეჭვო გარიგებათა გამოვლენა. ამგვარი მონიტორინგის სისტემების გამოყენება მოხდება მჭიდრო თანამშრომლობით დამამზადებლებთან, იმპორტიორებთან, ექსპორტიორებთან, ბითუმად მოვაჭრეებთან და ცალობით მოვაჭრეებთან, რომლებიც კომპეტენტურ ორგანოებს საეჭვო შეკვეთებისა და გარიგებების შესახებ აცნობებენ.
(ბ) უზრუნველყოფს i ცხრილში ან ii ცხრილში შემავალი ნებისმიერი ნივთიერების დაყადაღებას, თუკი არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ იგი ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ დამზადებისას გამოყენებისთვის არის განკუთვნილი.
(c) შეატყობინებს, რაც კი შეიძლება მალე, დაინტერესებულ მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებსა და სამსახურებს, თუკი არსებობს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ i-სა ან ii ცხრილში შეტანილი ნივთიერების იმპორტი, ექსპორტი ან ტრანზიტი ხორციელდება ნარკოტიკული საშუალებების ან ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო დამზადების მიზნით, კერძოდ, გადახდის საშუალებებთან და სხვა არსებით ელემენტებთან დაკავშირებული იმ ინფორმაციის ჩათვლით, რომელმაც ამგვარ ვარაუდამდე მიიყვანა იგი.
(d) მოითხოვს, რომ საიმპორტო და საექსპორტო საგნები სათანადოდ იყოს მარკირებული და დოკუმენტირებული. კომერციული დოკუმენტები, როგორიცაა ანგარიშ-ფაქტურები, ტვირთის დეკლარაციები, საბაჟო, სატრანსპორტო და სხვა სატვირთო დოკუმენტები, უნდა შეიცავდეს i ან ii ცხრილში მითითებულ სახელწოდებებს იმპორტირებული ან ექსპორტირებული ნივთიერებებისა, იმპორტირებულ ან ექსპორტირებულ რაოდენობებს და ექსპორტიორის, იმპორტიორის და, როდესაც ეს შესაძლებელია, ტვირთის მიმღების, სახელსა და მისამართს.
(e) უზრუნველყოფს, რომ ამ პუნქტის (d) ქვეპუნქტში მოხსენიებული დოკუმენტები ინახებოდეს არანაკლებ ორი წლის განმავლობაში და კომპეტენტურ ორგანოთათვის შესაძლებელი იყოს მათთან გაცნობა შემოწმების ჩასატარებლად.
10. (a) მე-9 მუხლის პუნქტის დებულებათა დამატების სახით, და დაინტერესებული მხარის მიერ გენერალური მდივნისთვის გაგზავნილი მოთხოვნის საფუძველზე, თითოეული მხარე, რომლის ტერიტორიიდანაც უნდა მოხდეს i ცხრილში შეტანილი ნივთიერების ექსპორტი, უზრუნველყოფს, რომ ამგვარ ექსპორტამდე მისი კომპეტენ¬ტური ორგანოების მიერ იმპორტიორი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებს მიეწოდება შემდეგი ინფორმაცია:
(i) ექსპორტიორისა და იმპორტიორის და, როდესაც ეს შესაძლებელია, ტვირთის მიმღების, სახელი და მისამართი;
(ii) i ცხრილში შეტანილი ნივთიერების სახელწოდება;
(iii) საექსპორტო ნივთიერების რაოდენობა;
(iv) შესვლის სავარაუდო პუნქტი და გაგზავნის სავარაუდო თარიღი;
(v) მხარეთა შორის შეთანხმებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია.
(b) მხარეს შეუძლია მიიღოს ამ პუნქტით გათვალისწინებულზე უფრო მკაცრი ან ხისტი ზომები, თუ, მისი აზრით, ამგვარი ზომები სასურველი ან აუცილებელია.
11. როდესაც ერთ-ერთი მხარე მიაწვდის ინფორმაციას მეორე მხარეს ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების თანახმად, ამგვარი ინფორმაციის მიმწოდებელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს, რომ მისმა მიმღებმა მხარემ კონფიდენციალურად შეინახოს ნებისმიერი სავაჭრო, საქმიანი, კომერციული ან პროფესიული საიდუმლო ან სავაჭრო პროცესი.
12. თითოეული მხარე ყოველწლიურად მიაწვდის კომიტეტს, მის მიერ გათვალისწინებული ფორმითა და სახით და მის მიერ მოწოდებულ ბლანკებზე, ინფორმაციას, რომელიც შეეხება:
a) i-სა და ii ცხრილში შეტანილ ნივთიერებათა რაოდენობებს, რომლებიც დაყადაღებულია, და მათს წარმომავლობას, როდესაც იგი ცნობილია;
b) ნებისმიერ ნივთიერებას, რომელიც შეტანილი არ არის i ან ii ცხრილში და რომელთან დაკავშირებითაც გამოვლინდება, რომ იგი ნარკოტიკული საშუალებების ან ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო დამზადებისას გამოიყენება, და რომელსაც ეს მხარე საკმარისად მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმისთვის, რათა კომიტეტს მასზე ყურადღება გაამახვილებინოს.
c) გადინებისა გზებსა და უკანონო დამზადების ხერხებს.
13. კომიტეტი ყოველწლიურად ჩააბარებს კომისიას ანგარიშს ამ მუხლის რეალიზაციის შესახებ, ხოლო კომისია პერიოდულად განიხილავს i-სა და ii ცხრილის ადეკვატურობასა და სისწორეს.
14. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება ფარმაცევტული პრეპარატების მიმართ, და არც i ან ii ცხრილში შეტანილ ნივთიერებათა შემცველ იმ სხვა პრეპარატების მიმართ, რომლებიც ისეთნაირად არის შედგენილი, რომ შეუძლებელია ამგვარ ნივთიერებათა ადვილად გამოყენება ან გამოყოფა ჩვეულებრივ ხელმისაწვდომი საშუალებები