1. ვიზის გამცემ ორგანოს ვიზის მისაღებად წარედგინება:
ა) სავიზო განაცხადი;
ბ) სამგზავრო დოკუმენტი;
გ) „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საკონსულო მოსაკრებლის, ხოლო სამინისტროს მიერ ვიზის გაცემისას/მოქმედების ვადის გაგრძელებისას, ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზის გაცემისას – „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უცხოელი გათავისუფლებულია საკონსულო მოსაკრებლის/სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
დ) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სავიზო განაცხადის ან ვიზის გასაცემად საჭირო სხვა დოკუმენტის წარდგენა ხდება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით;
ე) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ უცხოელს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის დაეკისრა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმა;
ვ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ შემდეგ გარემოებებს:
ვ.ა) მგზავრობის მიზანს;
ვ.ბ) მგზავრობისა და საქართველოში ყოფნის ვადის განმავლობაში საკმარისი ფინანსური სახსრების არსებობას;
ვ.გ) სამოგზაურო დაზღვევის ფლობას, ხოლო საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი პირისთვის ვიზის გაცემის შემთხვევაში − ჯანმრთელობის დაზღვევის ფლობას;
ვ.დ) უცხოელის მიერ საქართველოში საცხოვრებელი ადგილის არსებობას;
ვ.ე) საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლის შემთხვევაში, პირის დანიშნულების ქვეყანაში შესვლის გარანტიებს, გარდა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვისას, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სატვირთო ავტომანქანის ძირითად და დამატებით მძღოლებზე ტრანზიტული ვიზების გაცემის შემთხვევისა.
2. დიპლომატიური და სპეციალური მოკლევადიანი ვიზების, ასევე ორდინალური ვიზების გაცემის მიზნებისთვის არ მოითხოვება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა.
3. საქართველოში მგზავრობისა და საქართველოში ყოფნის ვადის განმავლობაში საკმარისი ფინანსური სახსრების მინიმალური რაოდენობა საქართველოს გრძელვადიანი ვიზის გაცემის შემთხვევაში არის − სავიზო განაცხადის წარდგენის დღისთვის საქართველოში დადგენილი საარსებო მინიმუმის ხუთმაგი ოდენობა.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ა−ვ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არ არის სავალდებულო, თუ ვიზის გამცემი ორგანოსთვის ცნობილია შესაბამისი ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობის თაობაზე. აღნიშნულის თაობაზე ვიზის გაცემაზე გადაწყვეტილების მიმღები პირის მიერ სამინისტროს შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში, კომენტარის ველში უნდა მიეთითოს სავიზო განაცხადის განხილვის ეტაპზე.
5. არასრულწლოვანი ან/და ფსიქიკური აშლილობის მქონე პირისთვის ვიზის გასაცემად, ვიზის გამცემ ორგანოს, ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა წარედგინოს არასრულწლოვანი ან/და ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენლის/ წარმომადგენლების თანხმობა. თანხმობა გამოხატული უნდა იქნეს სანოტარო წესით დამოწმებული ან ნებისმიერი საკონსულო თანამდებობის პირის ან საკონსულო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის თანდასწრებით გამოხატული წერილობითი ფორმით. ერთ-ერთი მშობლის გარდაცვალების, გარდაცვლილად გამოცხადების, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, მშობლის უფლების ჩამორთმევის ან სხვა შემთხვევაში, როცა მშობელს ჩამორთმეული/შეზღუდული აქვს კანონიერი წარმომადგენლობის უფლება, ვიზის გამცემ ორგანოს უნდა წარედგინოს შესაბამისი გარემოების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
6. ინფექციური ან სხვა გადამდები დაავადების გავრცელების რისკის მქონე ქვეყნებში მყოფი პირებისთვის, რომლის ხასიათმა, სიმძიმემ ან/და ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოში მცხოვრები პირების ჯანმრთელობის დაცვას, ვიზის გაცემის მიზნით წარდგენილი უნდა იქნეს პროფილაქტიკური აცრის (დაავადებებისადმი სპეციფიკური იმუნიტეტის განვითარების მიზნით) ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
7. საქართველოს მოქალაქის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ მოწვევა უნდა გაიცეს ამ წესის №2, №3, №4 ან №5 დანართებით დამტკიცებული ფორმით. ვიზის გამცემ ორგანოს მოწვევა უნდა წარედგინოს საქართველოში სანოტარო წესით დამოწმებული დედნის სახით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შესაძლებელია მოწვევის (მთლიანი დოკუმენტის) და მისი სანოტარო წესით დამოწმების ფაქტის გადამოწმება სსიპ − საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ინტერნეტგვერდის მეშვეობით. ამ შემთხვევაში, ვიზის გამცემ ორგანოს მოწვევა შეიძლება წარედგინოს ასლის სახით. მოწვევის გამცემი პირი მოწვევის გაცემის მომენტში უნდა იმყოფებოდეს საქართველოში.
8. საქართველოს სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული მოწვევა უნდა შეიცავდეს ამ წესის №6 დანართით განსაზღვრულ სავალდებულო რეკვიზიტებს.
9. მოკლევადიანი და გრძელვადიანი ვიზის გაცემის, ასევე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ა“ და „ვ.დ-ვ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების დადასტურების მიზნით, ვიზის გამცემ ორგანოს უნდა წარედგინოს ამ წესის №7 დანართით გათვალისწინებული დოკუმენტები.
10. საჭიროების შემთხვევაში, ვიზის გასაცემად საჭირო დამატებითი ინფორმაციის მოპოვების ან წარდგენილი დოკუმენტების/ინფორმაციის ნამდვილობისა და სისწორის დადასტურების მიზნით, ვიზის გამცემი ორგანო უფლებამოსილია, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები.
11. საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე ვიზის მიღების მსურველ პირს მოსთხოვოს კონკრეტული სახის დოკუმენტის წარდგენა ან ვიზის გაცემის საკითხის გადაწყვეტისას გაითვალისწინოს/მიიღოს კონკრეტული სახის დოკუმენტი.
12. განმცხადებელი ვალდებულია, ვიზის გამცემ ორგანოს წარუდგინოს ვიზის გაცემის საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი/ინფორმაცი