1. ვიზის გასაცემად საჭირო დოკუმენტი სამინისტროს უნდა წარედგინოს საქართველოს სახელმწიფო ან ინგლისურ ენაზე. სხვა უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ქართულ ან ინგლისურენოვან თარგმანთან ერთად.

2. ვიზის გასაცემად საჭირო დოკუმენტი წარმომადგენლობას უნდა წარედგინოს საქართველოს სახელმწიფო ან ინგლისურ ენაზე, ხოლო მოკლევადიანი ვიზის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტი შეიძლება ასევე წარედგინოს წარმომადგენლობის მიერ განსაზღვრულ ნებისმიერ უცხო ენაზე. ამ პუნქტით განსაზღვრულის გარდა, ნებისმიერ სხვა უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ქართულ ან ინგლისურენოვან თარგმანთან ერთად, ხოლო მოკლევადიანი ვიზის შემთხვევაში − შესაძლოა წარდგენილი იქნეს წარმომადგენლობის მიერ განსაზღვრულ ნებისმიერ უცხოენოვან თარგმანთან ერთად.

3. სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით, შეიძლება წარდგენილი იქნეს თარგმანის გარეშე.

4. საქართველოს მოკლევადიანი ვიზის გაცემის მიზნებისათვის ვიზის გამცემ ორგანოს დოკუმენტები (გარდა მოწვევისა) წარედგინება ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმების გარეშე, დედნებისა და მათი ასლების სახით. დოკუმენტის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში, ვიზის გამცემი ორგანო უფლებამოსილია, მოითხოვოს დოკუმენტის ლეგალიზება ან აპოსტილით დამოწმება. დოკუმენტის დედნისა და ასლის ურთიერთშედარების შემდეგ, დოკუმენტის დედანი უბრუნდება განმცხადებელს, ხოლო ასლები რჩება ვიზის გამცემ ორგანოში ან დოკუმენტების მიღებაზე უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოში. დოკუმენტის ასლზე კეთდება წარწერა დოკუმენტის დედნისა და ასლის იდენტურობის შესახებ, დაისმება საკონსულო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის/საკონსულო თანამდებობის პირის ხელმოწერა და თარიღი.

5. საქართველოს გრძელვადიანი ვიზის გაცემის მიზნით, ვიზის გამცემ ორგანოს დოკუმენტები წარედგინება ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული დედნების ან ასლების სახით (თუ დოკუმენტი საჭიროებს ლეგალიზებას ან აპოსტილით დამოწმებას). დიპლომატიური და სპეციალური გრძელვადიანი ვიზების გაცემის მიზნით, ვიზის გამცემ ორგანოს დოკუმენტების დედნები წარედგინება ლეგალიზების/აპოსტილით დამოწმების გარეშე, ხოლო დოკუმენტების ასლების წარდგენის შემთხვევაში − ლეგალიზებული/აპოსტილით დამოწმებული ან სანოტარო წესით დამოწმებული სახით.

6. მოწვევა შედგენილი უნდა იქნეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ამავე პუნქტით განსაზღვრული თავისებურების გათვალისწინებით. მოსაწვევი პირის სახელის, გვარისა და სხვა გვარ(ებ)ის მონაცემები უნდა მიეთითოს მხოლოდ ინგლისურ ენაზე, ლათინური ტრანსლიტერაციი