1.  სამედიცინო  უზრუნველყოფა (ფუნქცია №6):

ძირითადი უწყებაა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

მხარდამჭერი უწყებებია:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება.

მიზანი:

სამედიცინო უზრუნველყოფის პრევენციული ღონისძიებების შემუშავება და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამედიცინო უზრუნველყოფის განხორციელების კოორდინირება;

საგანგებო სიტუაციების დროს სამედიცინო ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა;

სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების უზრუნველყოფა;

გარდაცვლილთა აღრიცხვა;

საგანგებო სიტუაციების ზონაში მოსახლეობის სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარების ორგანიზება;

განსაკუთრებით საშიში პათოგენებისაგან დაცვის უზრუნველყოფა;

სამედიცინო ტრანსპორტით უზრუნველყოფა.

2. ღონისძიებების შესრულების გადანაწილება

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო  საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში ახორციელებს სამედიცინო უზრუნველყოფის ღონისძიებების მართვას ეროვნულ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების დროს სამედიცინო უზრუნველყოფის სფეროში მართვას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო შტაბი;

გ) ავტონომიურ, სამხარეო და ადგილობრივ დონეზე სამედიცინო უზრუნველყოფის ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო შტაბი, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებთან, სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებთან ერთად.

3. პრევენცია

ა) სამედიცინო უზრუნველყოფა – ფუნქცია №6 მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და დარგობრივი დაქვემდებარების შესაბამისად, ასევე   ორგანიზაციებისა და მოსახლეობის მონაწილეობით, მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციების სამედიცინო უზრუნველყოფის პრევენციული ღონისძიებების მუდმივად ორგანიზებას.

ბ) სამედიცინო უზრუნველყოფის პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება ხორციელდება რისკის მართვისა და საგანგებო მართვის დარგობრივი გეგმების საფუძველზე საგანგებო სიტუაციების განვითარების სავარაუდო სცენარების მიხედვით. სცენარებში განსაზღვრული უნდა იქნეს საპროგნოზო მონაცემებზე დაყრდნობით საგანგებო სიტუაციების ზონა,  საგანგებო სიტუაციების სახეობიდან გამომდინარე დამაზიანებელი ფაქტორების სახეები და რაოდენობრივი მონაცემები, მათი სავარაუდო მასშტაბები და საგანგებო სიტუაციის შესაძლო შედეგები, მათი თავიდან აცილების მიზნით აუცილებელი სამედიცინო ხასიათის პრევენციული ღონისძიებები, აუცილებელი ძალები და საშუალებები.

4. საგანგებო სიტუაციების სამედიცინო უზრუნველყოფის პრევენციული ღონისძიებებია:

ა) ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ზედამხედველობის უზრუნველყოფა;

ბ) საგანგებო სიტუაციებისთვის სამედიცინო მარაგის შექმნის უზრუნველყოფა;

გ) შექმნილი სიტუაციიდან და სეზონურობიდან გამომდინარე მოსახლეობაში ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება – შესაბამისი მედიკამენტური საშუალებების გაცემა;

დ) მოსახლეობაში პროფილაკტიკური იმუნიზაციისა და  მკურნალობის ჩასატარებლად საჭირო ვაქცინებისა და შესაბამისი სამედიცინო პრეპარატების მისაღებად განაცხადების მომზადება და წარდგენა შესაბამის ორგანოებში კანონმდებლობის შესაბამისად, );

ე) მეთოდური მითითებების შემუშავება ნაწლავთა მწვავე ინფექციის, ქოლერის, მუცლის ტიფის, შიგელოზის და განსაკუთრებით საშიში ინფექციების (შავი ჭირი, ყვავილი) წინააღმდეგ საბრძოლველად და მათი პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ;

ვ) სეზონურობიდან გამომდინარე, ეპიდემიოლოგიურად საშიში დაავადებების გამოვლენა და მოსახლეობისპროფილაკტიკური იმუნიზაცია. მოსახლეობაში, იმუნიზაციისა და საერთო სიტუაციის შესაბამისად, ინფორმაციული განმარტებითი სამუშაოების შესრულება.

5. ოპერაციების კონცეფცია

ა) საგანგებო სიტუაციის შეტყობინების შემდეგ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს უფლებამოსილი პირის მივლინებას საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრში.

ბ) საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იწყებს შესაბამისი ღონისძიებების (ფუნქცია №6) განხორციელებას. შესაბამისად, საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით ფუნქციონირებას იწყებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო შტაბი.

გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს უფლებამოსილი  უფლებამოსილი პირების მივლინებას მუნიციპალიტეტების ოპერატიულ ცენტრებსა და საველე ოპერაციების ცენტრში. საგანგებო სიტუაციების ზონაში მოქმედებას იწყებენ საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირების ჯგუფები.

დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო შტაბმა შეიძლება მოითხოვოს დახმარება მხარდამჭერი უწყებებიდან, თუ საკუთარი ძალებით ვერ უზრუნველყოფს საგანგებო დახმარების ფუნქცია №6-ის შესრულებას.

ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო შტაბი მუდმივ კონტაქტზეა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებთან, რათა განისაზღვროს მიმდინარე სამედიცინო მოთხოვნები.

ვ) საგანგებო დახმარების ფუნქცია №6-ს დახმარებას უწევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, რათა  მოხდეს რისკების შეფასება და დახმარების აღმოჩენა.

ზ) რეაგირების პერიოდში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკისრება სამედიცინო უზრუნველყოფის ხარისხისა და დონის შეფასების პირველადი პასუხისმგებლობა, ხოლო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, ევალება შესაბამისი მოთხოვნის დეკლარირების უზრუნველყოფა.

6. ორგანიზება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო შტაბში

ა) საგანგებო დახმარების ფუნქცია №6-ის ამოქმედებასა და მის კოორდინაციას ახორციელებს სამინისტროს საგანგებო შტაბი, რომელიც მოქმედებს დარგობრივი საგანგებო მართვის გეგმის შესაბამისად, .

ბ) პირველადი რეაგირება. საგანგებო სიტუაციების დროს დარგობრივი საგანგებო მართვის გეგმის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო შტაბი ატარებს კონსულტაციებს შესაბამის დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და განსაზღვრავს მოთხოვნებს შემდეგ სფეროებში:

ბ.ა) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და მოთხოვნების განსაზღვრა სამედიცინო უზრუნველყოფის სფეროში

ბ.ბ) მონიტორინგი. შესაბამის ორგანიზაციებს ევალებათ საგანგებო სიტუაციის ზონაში  მოსახლეობის ჯანმრთელობის მონიტორინგი.

ბ.გ) სამედიცინო დახმარების პერსონალი. ხდება ჯანდაცვის პერსონალის დაკომპლექტება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო შტაბმა შესაძლოა მოიწვიოს ცალკეული სპეციალისტები, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით.

ბ.დ) სამედიცინო აღჭურვილობა და რესურსები. ეროვნული სტრატეგიული მარაგის გარდა რესურსები შეიძლება მოძიებულ იქნეს მხარდამჭერი უწყებებიდან, ასევე, საჭიროებისამებრ საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციებიდან.

ბ.ე) ავადმყოფთა ევაკუაცია. სამინისტროს მოთხოვნით ავადმყოფთა ევაკუაციის ღონისძიებებში მონაწილეობს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ბ.ვ) მოსახლეობის, მედიკამენტების, ბიოლოგიური ნივთიერებების და სამედიცინო აღჭურვილობის უსაფრთხოება;

ბ.ზ) სისხლი და სისხლის პროდუქტები. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სრულად ფლობს ინფორმაციას საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების (ე.წ. სისხლის გადასხმის სადგურების)  შესახე და მათთან ერთად განსაზღვრავს შესაბამისად, სისხლისა და მისი კომპონენტების მიმართ მოთხოვნებს.

ბ.თ) ჯანდაცვის პერსონალის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ბ.ი) სამედიცინო კონსულტაცია, ტექნიკური დახმარება და თანადგომა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიძლება მოითხოვოს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებებიდან დახმარება საშიში ნივთიერებების რისკის შესაფასებლად, სინჯების ასაღებად, პოპულაციის გამოკვლევის ჩასატარებლად და სხვ.

ბ.კ) ჯანმრთელობის დაცვა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიძლება მოითხოვოს შესაბამისი დაწესებულებებიდან დახმარება საგანგებო სიტუაციის შემდგომი მენტალური ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შეფასებაში.

ბ.ლ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და ინფორმირება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიძლება დაავალოს შესაბამის ორგანიზაციებს დაავადებათა პრევენციის მიზნით მიაწოდონ ადგილობრივ მოსახლეობას სათანადო ინფორმაცია;

ბ.მ) დაავადებათა კონტროლი.

გ) გრძელვადიანი რეაგირება

გ.ა) საგანგებო დახმარების ფუნქცია №6-ს ფარგლებში ხდება საგანგებო სიტუაციის ზონის მუდმივი მონიტორინგი. განისაზღვრება სამედიცინო ხასიათის პრობლემები და მათი მასშტაბები, ამ მიზნით გამოიყენება ინფორმაცია მოწოდებული: საგანგებო დახმარების ფუნქცია №6-ის დამხმარე უწყებებიდან, შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტოდან და სამედიცინო დაწესებულებებიდან. შეიძლება საჭირო გახდეს საგანგებო დახმარების ფუნქცია №6-ის შემსრულებელი ექსპერტების მონაწილეობა, რათა მათ მოახდინონ შექმნილი ვითარების ანალიზი და შეიმუშაონ რეკომენდაციები.

გ.ბ) სამედიცინო რეაგირების ჯგუფების აქტივაცია. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს ჯანდაცვის პერსონალის დაკომპლექტებას. საგანგებო დახმარების ფუნქცია №6-ის დამხმარე ორგანიზაციებს ევალებათ სამედიცინო დახმარების ჯგუფების დაკომპლექტება.

გ.გ) სამედიცინო ტრანსპორტირების მოთხოვნის კოორდინირება. მასშტაბური სამედიცინო საგანგებო ვითარების დროს ადგილობრივი სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში საგანგებო შტაბი ახდენს მხარდამჭერ უწყებებთან ტრანსპორტირების მოთხოვნის კოორდინირებას.

გ.დ) სამედიცინო აღჭურვილობის შეძენის და მიწოდების კოორდინირება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან ერთად ახორციელებს საგანგებო სიტუაციენზე რეაგირების სამედიცინო უზრუნველყოფისათვის საჭირო სტრატეგიული მარაგის პირველი რიგის მატერიალურ ფასეულობათა დაგროვებას, დაკომპლექტებას, გამოყენებისათვის მზაობას და მის პერიოდულ განახლებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გ.ე) მოქმედების შემდგომი მოხსენებები. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახდენს საგანგებო სიტუაციის შემდგომ შეფასებასა და ანალიზს და აწვდის საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრს.

7. რეაგირების ორგანიზება საგანგებო სიტუაციის ზონაში

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო შტაბი საგანგებო დახმარების ფუნქცია №6-ის შესაბამისად, რეკომენდაციებს აძლევს საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრს, რომელიც შესაბამისად, კოორდინირებას უწევს საველე ოპერაციების ცენტრს.

ბ) საგანგებო დახმარების ფუნქცია №6-ის განხორციელების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო შტაბი საჭიროების შემთხვევაში აგზავნის წარმომადგენლებს საგანგებო სიტუაციის ზონაში პირველადი რეაგირების ჯგუფთან ერთად.

გ) საგანგებო სიტუაციის ზონაში სანიტარულ-ჰიგიენური და ფსიქოლოგიური   სარეაბილიტაციო სამუშაოების ორგანიზება. სამედიცინო უზრუნველყოფა – ფუნქცია №6 მოიცავს საგანგებო სიტუაციის ზონაში გადარჩენილი მოსახლეობის და რეაგირების ძალების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, მათი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის და საგანგებო სიტუაციის ზონაში სანიტარულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო  ღონისძიებების ორგანიზებას. იგი იწყება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დასრულების ფაზაში ან მისი დასრულებისთანავე და გრძელდება საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში.

8. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამედიცინო უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებები:

ა) სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა;

ბ) დაზარალებულთა დანიშნულების პუნქტში გაგზავნის ორგანიზება;

გ) საჭიროების შემთხვევაში საგანგებო სიტუაციის ზონაში საველე ჰოსპიტლების გაშლა;

დ) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა, შემდგომი დიფერენცირებული საექიმო დახმარების აღმოჩენის საკითხის გადაწყვეტა;

ე) ტუბერკულოზური, ნარკოლოგიური, ფსიქონევროლოგიური, ინფექციური და ეპიდემიოლოგიურად საშიში ავადმყოფების, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დისპანსერული და სხვა სააღრიცხვო ბარათებით განსაკუთრებული დაცვის ქვეშ აყვანა;

ვ) ეპიზოოტიური ზედამხედველობის უზრუნველყოფა – განსაკუთრებულად საშიში ინფექციების წარმოშობის ასაცილებლად პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება (საგანგებო სიტუაციების ზონის ეპიზოოტოლოგიური კვლევის ჩატარება და განსაკუთრებულად საშიში ინფექციების ლაბორატორიული გამოკვლევების განხორციელება);

ზ) ეპიდემიის სავარაუდო კერების გამოვლენა და მათი ლიკვიდაციისათვის გასატარებელი ღონისძიებების კოორდინირება;

თ) საგანგებო სიტუაციებისაგან დაზარალებულებისათვის პირველადი სამედიცინო და სასწრაფო დახმარების აღმოსაჩენად სამედიცინო დაწესებულებების გადარჩენილი (შენარჩუნებული) სტრუქტურული ერთეულების გამოყენების ხარისხის შეფასება;

ი) ბიოლოგიური საგანგებო ვითარების შეფასება;

კ) პირველადი საექიმო (ამბულატორიული) და სასწრაფო დახმარების სამუშაო ბრიგადების ფორმირება და კოორდინირება;

ლ) განსაკუთრებულად მძიმე ავადმყოფების სხვა ქალაქებსა და სახელმწიფოებში ევაკუაციის შესაძლებლობის განსაზღვრა და ორგანიზება;

მ) ავადმყოფთა კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა;

ნ) სამედიცინო უზრუნველყოფის ორგანოების სხვა უწყებებთან ურთიერთმოქმედების მექანიზმების დაზუსტება;

ო) აუცილებელ სამედიცინო ინვენტარსა და პრეპარატებზე, ადამიანთა რესურსებსა და სპეციალისტებზე მოთხოვნილების განსაზღვრა, როგორც საკუთარი ქვეყნიდან, ისე სხვა სახელმწიფოებიდან;

პ) მოსახლეობის წინასწარი შეტყობინება სხვადასხვა სამედიცინო სამსახურის დისლოკაციის ან ადგილის შეცვლის შესახებ;

ჟ) ჯანდაცვის პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა.

9. მხარდამჭერი უწყებების მონაწილეობა

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო – საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების და შედეგების ლიკვიდაციის მიზნით კოორდინაციას უწევს  სამედიცინო დაწესებულებებს; მონაწილეობას ღებულობს საგანგებო სიტუაციის შედეგად გარდაცვლილთა სიკვდილის მიზეზების დოკუმენტირების, ფოტოგრაფირების და აღრიცხვის ორგანიზებაში;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი – უზრუნველყოფს ავადმყოფების ტრანსპორტირების მარშრუტებსა და სასწრაფო დახმარების მანქანების დაუბრკოლებლად გადაადგილებას, კარანტინის ტერიტორიის იზოლირებას და  საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას.

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი – უზრუნველყოფს სამედიცინო დაწესებულებების დაცვას.

დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – აწარმოებს საგანგებო სიტუაციის შედეგად გარდაცვლილთა რეგისტრაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – მონაწილეობას იღებს საგანგებო სიტუაციების ზონაში დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო და სასწრაფო დახმარების აღმოჩენაში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ვ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო – ახორციელებს სურსათით, ცხოველის საკვები ნედლეულის და ფურაჟის კონტროლსა და ექსპერტიზას. აწყობს დაზიანების კერებში ფიტო და ვეტერინარულ კარანტინებს, წყვეტს ავადმყოფების სურსათით უზრუნველყოფის საკითხებს და დახმარების აღმოჩენის დროს წარმოქმნილ სხვა პრობლემებს.

ზ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური – უზრუნველყოფს სგპ-ებზე საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო შტაბების რეკომენდაციების შესაბამისად, და საუწყებათშორისო ოპერატიული  ცენტრთან კოორდინირებაში სანიტარულ-საკარანტინო კონტროლის ღონისძიებებს სგპ-ებზე გადაადგილებული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და პირების მიმართ;

თ) საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება – უზრუნველყოფს პირველად სამედიცინო დახმარებასა და დაზარალებულთა სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე საველე ჰოსპტალის მოწყობა