1. მატერიალურ-ტექნიკური  უზრუნველყოფა (ფუნქცია №12):

ძირითადი უწყებაა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი  სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი.

მხარდამჭერი უწყებებია:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

მიზანი:

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელების კოორდინირება;

ტრანსპორტითა და კავშირგაბმულობით უზრუნველყოფა;

მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების დაცვის უზრუნველყოფა.

2. ღონისძიებების შესრულების გადანაწილება

ა) ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში მართვას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი.

ბ) ავტონომიურ, სამხარეო და ადგილობრივ დონეზე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებას ხელმძღვანელობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებთან, სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებთან ერთად.

3. მზადყოფნა

ა) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა – ფუნქცია №12 მოიცავს,  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და დარგობრივი დაქვემდებარების შესაბამისად, მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების და გარემოს დაცვის მიზნით მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მზადყოფნის ღონისძიებების მუდმივად ორგანიზებას;

ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მზადყოფნის ღონისძიებების ორგანიზება ხორციელდება  რიკის მართვისა და საგანგებო მართვის დარგობრივი გეგმების საფუძველზე საგანგებო სიტუაციების განვითარების სავარაუდო სცენარების მიხედვით. სცენარებში განსაზღვრული უნდა იქნეს საპროგნოზო მონაცემებზე დაყრდნობით საგანგებო სიტუაციის შესაძლო შედეგების (როგორც პირდაპირი, ისე მეორადი –
ხანძარი, მოწამვლა, მეწყერი და სხვ.) რაოდენობრივი მონაცემები;

გ) საგანგებო სიტუაციების განვითარების სავარაუდო სცენარების მომზადების დროს, გათვალისწინებულ უნდა იქნეს საფრთხის წინაშე არსებული მოსახლეობის რაოდენობა, სიმჭიდროვე, დაცულობა, რისკების მართვისა და უსაფრთხოების სფეროში მათი ცნობიერებისა და მზადყოფნის დონე,  საგანგებო სიტუაციების ზონაში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ძალები და საშუალებები.

4. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მზადყოფნის ძირითადი ღონისძიებებია:

ა) საგანგებო სიტუაციისა და საომარი მოქმედებებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით საჭირო რესურსების განსაზღვრა და მათი შენახვისა და დაგროვების ორგანიზება. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ღონისძიებების დაგეგმვის კოორდინირება საგანგებო სიტუაციების მართვის ყველა დონეზე;

ბ) ქვეყანაში არსებული სპეციალური რეზერვების საწყობების მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და შეფასება;

გ) ქვეყანაში არსებული სპეციალური რეზერვების საწყობების განახლების მიზნით შესაძლო საგანგებო სიტუაციების რისკების შეფასება. გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე არსებული მარაგების ოპტიმიზაცია და საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება.

5. ოპერაციების კონცეფცია

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი:

ა.ა) აფასებს საწვავის და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანებადობის ხარისხს, ასევე დახმარების მოთხოვნათა აუცილებლობას;

ა.ბ) კოორდინირებს სხვა სტრუქტურებთან, რათა მოამზადოს დროული და ზუსტი ინფორმაცია, რეკომენდაციები და რჩევები საგანგებო სიტუაციის შედეგების აღმოსაფხვრელად.

ბ) საგანგებო დახმარების ფუნქცია №12-ის ამოქმედების შემდეგ შსს სსიპ – სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი აყალიბებს საგანგებო მართვის ჯგუფს და მოქმედებაში მოჰყავს საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების გეგმა;

გ) დეპარტამენტი აფასებს ვითარებას, განსაზღვრავს საჭირო რესურსებს, ასევე ადგენს ზარალს.

დ) მონაწილეობს ზარალის მიტიგაციის კვლევებში, რათა მომავალში მინიმუმამდე შემცირდეს ზარალის რაოდენობა.

ე) საჭიროების შემთხვევაში დახმარებას უწევს სათანადო უწყებებს ზარალის განსაზღვრაში.

6. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ღონისძიებები

ა) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების შემადგენელი ნაწილია მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება.

ბ) საგანგებო სიტუაციების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ღონისძიებებია:

ბ.ა) საგანგებო სიტუაციების დროს საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების რაოდენობის განსაზღვრა;

ბ.ბ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საჭირო რესურსების განსაზღვრა;

ბ.გ) საგანგებო სიტუაციების ზონაში პირველადი მოხმარების ნივთებისა და სასიცოცხლო უზრუნველყოფის საშუალებების (კარვები, თბილი ტანსაცმლის კომპლექტი, საბნები, ინდივიდუალური აფთიაქები და სხვ.) უზრუნველყოფის ორგანიზება;

ბ.დ) დაზიანების ზონებში, რეაგირების ძალების, შესაბამისად, ჩართული ტექნიკისათვის საწვავ-საპოხი მასალების მარაგების შექმნის ორგანიზება;

ბ.ე) დაზარალებული მოსახლეობის სამედიცინო დახმარების პუნქტებზე და მათი დროებით განსახლების ადგილებში  სურსათითა და პირველადი მოხმარების სამრეწველო საქონლით მომარაგებისათვის მარაგების შექმნის ორგანიზება;

ბ.ვ) ევაკუირებული მოსახლეობისათვის სურსათისა და ნივთების  მომარაგების მოძრავი პუნქტების შექმნის ორგანიზება;

ბ.ზ) დაზარალებული მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის ორგანიზება;

ბ.თ) დაზიანების კერაში არსებული სპეციალური რეზერვების საწყობების მდგომარეობის შეფასება;

ბ.ი) დაზიანების კერაში არსებული ნავთობგადამამუშავებელი ბაზებისა და ბენზინგასამართი სადგურების მდგომარეობის შეფასება და გამოყენება.

7. აღდგენითი სამუშაოების ორგანიზება. მატერიალურ-ტექნიკური  უზრუნველყოფა – ფუნქცია №12 მოიცავს, აღდგენითი სამუშაოების მხარდაჭერის მიზნით, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ორგანიზებას. აღნიშნული მხარდაჭერა ხორციელდება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის დასრულების ფაზაში, ან/და მისი დასრულებისთანავე. ეს სამუშაოები მოიცავს სასიცოცხლო პროცესებისა და სოციალური ყოფის აღდგენის პროცესის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებისას მატერიალურ-ტექნიკური  უზრუნველყოფა ასევე გულისხმობს რეზერვების დაუყოვნებლივ, წინასწარ განსაზღვრულ აუცილებელ მინიმუმამდე შევსების მიზნით გასატარებელ პირველი რიგის გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელებას.

8. მხარდამჭერი უწყებების მონაწილეობა

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო – კოორდინირებას უწევს მატერიალურ-ტექნიკური რეზერვების მარაგების განაწილებას;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი – ახორციელებს მატერიალური რესურსების ტრანსპორტირების დროს მოძრაობის მარშრუტებზე ტრანსპორტის დაუბრკოლებელი გადაადგილებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას;

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო – ახორციელებენ საგანგებო სიტუაციების ზონაში მატერიალური რესურსების გადაადგილების საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტით უზრუნველყოფის კოორდინირება