1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები ეხება შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობას:
ა) მიმწოდებელთა შერჩევას;
ბ) ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას;
გ) შესყიდვებთან დაკავშირებული დავის განხილვას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობა, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა.
3. თუ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პრეტენდენტი ან მიმწოდებელი არის ამ წესის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ურთიერთობა, გარდა ამ ნაწილის „გ“-„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა.
4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირს წარმოეშობა ინტერესთა კონფლიქტი, მან დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს აცილება და შეწყვიტოს მონაწილეობა ამ შესყიდვის განხორციელებაში.
5. ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ადგენს ხელწერილს.