1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ შესაბამისობის პროგრამის დამტკიცება და დანერგვა, რომელიც ადგენს დისკრიმინაციული ქცევის თავიდან ასაცილებლად გატარებულ ზომებს, და ასევე უნდა უზრუნველყონ ამ პროგრამასთან შესაბამისობაზე ადეკვატური მონიტორინგის განხორციელება. შესაბამისობის პროგრამა უნდა ადგენდეს ამ მიზნების მისაღწევად თანამშრომელთა კონკრეტულ ვალდებულებებს. აღნიშნული უნდა დამტკიცდეს მარეგულირებელი ორგანოს მიერ. ეროვნული მარეგულირებლის უფლებამოსილების შეუზღუდავად, დამოუკიდებლად უნდა განხორციელდეს შესაბამისობის პროგრამის მონიტორინგი შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტის მიერ.

2. შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტი უნდა დაინიშნოს სამეთვალყურეო ორგანოს მიერ, მარეგულირებელი ორგანოს თანხმობით. მარეგულირებელ ორგანოს შეუძლია უარი თქვას შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტის დანიშვნაზე მხოლოდ დამოუკიდებლობისა და პროფესიული შესაძლებლობების არქონის გამო. შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი. შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტზე ვრცელდება მე-19(2)-(8) მუხლი.

3. შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტი პასუხისმგებელია:

(a) შესაბამისობის პროგრამის დანერგვის მონიტორინგზე;

(b) წლიური ანგარიშის შემუშავებაზე, რომელიც ადგენს შესაბამისობის პროგრამის განხორციელებისთვის გატარებულ ღონისძიებებს და მის წარდგენაზე მარეგულირებელ ორგანოში;

(c) მარეგულირებელი ორგანოს წინაშე ანგარიშგებაზე და შესაბამისობის პროგრამასა და მის განხორციელებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემაზე;

(d) შესაბამისობის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით ნებისმიერი არსებითი დარღვევის შესახებ მარეგულირებელი ორგანოსთვის შეტყობინებაზე; და

(e) მარეგულირებელი ორგანოს წინაშე ანგარიშგებაზე ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოსა და გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის ნებისმიერი კომერციული და ფინანსური ურთიერთობის შესახებ.

4. შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტმა მარეგულირებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს შემოთავაზებული გადაწყვეტილებები საინვესტიციო გეგმასთან ან ქსელში ინდივიდუალურ ინვესტიციებთან დაკავშირებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს მინიმუმ გადამცემი სისტემის ოპერატორის ხელმძღვანელობის და/ან კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მათი წარდგენისას სამეთვალყურეო ორგანოსთვის.

5. თუ ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმო გენერალური ასამბლეის ან სამეთვალყურეო ორგანოში მის მიერ დანიშნული წევრების ხმების გამოყენებით ხელს შეუშლის გადაწყვეტილების მიღებას, რაც გამოიწვევს ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმით მომდევნო 3 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ინვესტიციების შეფერხებას ან გადავადებას, შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტმა აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოს მარეგულირებელ ორგანოს, რომელმაც შემდგომ უნდა იმოქმედოს 22-ე მუხლის შესაბამისად.

6. პირობები, რომლითაც რეგულირდება შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტის მანდატი ან დასაქმების პირობები, მისი მანდატის ხანგრძლივობის ჩათვლით, უნდა დამტკიცდეს მარეგულირებელი ორგანოს მიერ. ეს პირობები უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტის დამოუკიდებლობას, მათ შორის მის უზრუნველყოფას მისი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი რესურსებით. მისი მანდატის განმავლობაში შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტს არ შეიძლება პირდაპირ ან არაპირდაპირ ეკავოს რაიმე პროფესიული პოზიცია, ჰქონდეს პასუხისმგებლობა ან ინტერესი ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოში ან მის რომელიმე სტრუქტურულ ერთეულში ან მაკონტროლებელ აქციონერებთან.

7. შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტმა რეგულარულად, სიტყვიერად ან წერილობითი ფორმით უნდა წარუდგინოს ანგარიში მარეგულირებელ ორგანოს და უფლება უნდა ჰქონდეს რეგულარულად, სიტყვიერად ან წერილობითი ფორმით წარუდგინოს ანგარიში გადამცემი სისტემის ოპერატორის სამეთვალყურეო ორგანოს.

8. შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტი შესაძლოა ესწრებოდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის ხელმძღვანელობის ან ადმინისტრაციული ორგანოების, სამეთვალყურეო ორგანოს და გენერალური ასამბლეის შეხვედრებს. შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტი უნდა დაესწროს ყველა შეხვედრას, რომელიც იმართება შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

(a) რეგულაციით (EC) N 714/2009 გათვალისწინებული ქსელზე დაშვების პირობები, კერძოდ ტარიფებთან, მესამე მხარის დაშვების მომსახურებასთან, სიმძლავრის განაწილებასა და გადატვირთვის მართვასთან, გამჭვირვალობასთან, დაბალანსებასთან და მეორად ბაზრებთან დაკავშირებით;

(b) გადამცემი სისტემის მუშაობის, ტექნიკური უზრუნველყოფისა და განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტები, ურთიერთდაკავშირებისა და მიერთების ინვესტიციების ჩათვლით;

(c) გადამცემი სისტემის მუშაობისთვის საჭირო ენერგიის შესყიდვა და გაყიდვა.

9. შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტმა მონიტორინგი უნდა გაუწიოს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მე-16 მუხლის პირობების დაცვას.

10. შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტს უნდა ჰქონდეს წვდომა გადამცემი სისტემის ოპერატორის ყველა სათანადო მონაცემსა და სამსახურზე, და მისი ამოცანების შესასრულებლად საჭირო ყოველგვარ ინფორმაციაზე.

11. მარეგულირებელი ორგანოს წინასწარი თანხმობით სამეთვალყურეო ორგანოს შეუძლია თანამდებობიდან გაათავისუფლოს შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტი. მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე მან შესაძლოა თანამდებობიდან გაათავისუფლოს შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტი დამოუკიდებლობის ან პროფესიული უნარ-ჩვევების არქონის გამო.

12. შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტს უნდა ჰქონდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის ოფისში დაშვების უფლება წინასწარი გაფრთხილების გარეშ