1. კომისიის ექსპერტებმა უნდა განახორციელონ სახელმწიფო შემოწმება მესამე ქვეყნებში იმისათვის, რომ 47(1)-ე მუხლში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე შემოწმდეს მესამე ქვეყნების საკანონმდებლო ბაზისა და სისტემების შესაბამისობა ან ეკვივალენტურობა გაერთიანების ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონთან და ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ რეგულაციებთან. კომისიამ უნდა დანიშნოს ექსპერტები წევრი სახელმწიფოებიდან, რომლებიც მის ექსპერტებს გაუწევენ დახმარებას. ასეთი სახელმწიფო კონტროლის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი:

(a) მესამე ქვეყნის კანონმდებლობა;

(b) მესამე ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების ორგანიზაციული სტრუქტურა, მათი უფლებამოსილებანი და დამოუკიდებლობა, ზედამხედველობა რომელსაც ისინი ექვემდებარებიან და უფლებები, რომლებიც მათ გააჩნიათ კანონმდებლობის ეფექტურად განხორციელებისათვის;

(c) სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად პერსონალის მომზადება;

(d) უფლებამოსილი ორგანოებისათვის ხელმისაწვდომი რესურსები, სადიაგნოსტიკო აღჭურვილობის ჩათვლით;

(e) პრიორიტეტებზე დაყრდნობით, დოკუმენტირებული შემოწმებების პროცედურების და კონტროლის სისტემების არსებობა და მუშაობა;

(f) შესაბამის შემთხვევებში ცხოველთა ჯანმრთელობის, ზოონოზების და მცენარეთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ვითარება და ცხოველთა და მცენარეთა დაავადებების კერების შესახებ კომისიის და შესაბამისი საერთაშორისო ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდების პროცედურები;

(g) ცხოველთა, მცენარეთა და მათი პროდუქტების იმპორტზე განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის მუშაობა და მასშტაბი;

(h) გარანტიები, რომლების გაცემაც შეუძლია მესამე ქვეყანას გაერთიანების მოთხოვნებთან შესაბამისობასა და ეკვივალენტურობასთან დაკავშირებით.

2. იმისათვის, რომ მესამე ქვეყანაში კონტროლი ეფექტურად და ოპტიმალურად განხორციელდეს, კომისიას ასეთი კონტროლის განხორციელებამდე შეუძლია წინასწარ მოითხოვოს შესაბამისი ქვეყნისაგან, რომ მან წარადგინოს 47(1)-ე მუხლში მოხსენიებული ინფორმაცია და ასევე, საჭიროებისამებრ, წარმოადგინოს ასეთი კონტროლის განხორციელების შესახებ არსებული წერილობითი ჩანაწერები.

3. გაერთიანების მიერ მესამე ქვეყნებში განხორციელებული კონტროლის სიხშირე უნდა განისაზღვროს შემდეგი ფაქტორების საფუძველზე:

(a) გაერთიანების ტერიტორიაზე ექსპორტირებულ პროდუქტთა რისკის შეფასება;

(b) გაერთიანების კანონმდებლობის დებულებები;

(c) შესაბამისი ქვეყნიდან იმპორტირებული საქონლის მოცულობა და ტიპი;

(d) იმ კონტროლის შედეგები, რომელიც კომისიის შესაბამისმა სამსახურებმა ან ინსპექციის სხვა ორგანოებმა უკვე განახორციელეს;

(e) იმ საიმპორტო ან სხვა ტიპის კონტროლის შედეგები, რომლებიც წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილმა ორგანოებმა განახორციელეს;

(f) ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს ან მსგავსი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაცია;

(g) საერთაშორისოდ აღიარებული ორგანოებიდან, როგორიცაა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, კოდექს ალიმენტარიუსის კომისია, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ან სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია;

(h) დაავადებათა გაჩენასთან დაკავშირებული სიტუაციების ან სხვა გარემოებათა არსებობის მტკიცებულება, რამაც შესაძლოა რისკი შეუქმნას მესამე ქვეყნებიდან იმპორტირებულ საკვებსა და სურსათს, ან ცოცხალი ცხოველებისა და მცენარეების ჯანმრთელობას;

(i) ცალკეულ მესამე ქვეყნებში არსებული საგანგებო სიტუაციების მოკვლევის ჩატარების და მათზე რეაგირების საჭიროება.

(a) ქვეპუნქტში მითითებული რისკის შეფასების მიზნებისათვის რისკის განმსაზღვრელი კრიტერიუმები უნდა დადგინდეს კ 62(3)-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

4. მესამე ქვეყნებში კონტროლის განხორციელების პროცედურები და დეტალური წესები უნდა განისაზღვრებოდეს, ან მათში უნდა მოხდეს ცვლილებების შეტანა 62(3)-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად. კერძოდ, ისინი უნდა შეიცავდნენ შემდეგ პროცედურებსა და დეტალურ წესებს:

(a) ორმხრივი შეთანხმების კონტექსტში მესამე ქვეყანაში განსახორციელებელი კონტროლის შესახებ;

(b) სხვა მესამე ქვეყნებში განსახორციელებელი კონტროლის შესახებ. იგივე პროცედურის მიხედვით, ზემოთ მოყვანილი კონტროლის ხარჯები ერთობლივად უნდა განისაზღვროს.

5. თუ გაერთიანების მიერ განხორციელებული კონტროლის დროს აღმოჩენილ იქნა ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობისათვის სერიოზული რისკის შემქმნელი ფაქტორები, კომისიამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა რეგულაციის (EC) No 178/2002 53-ე მუხლის შესაბამისად, ან დაიცვას გაერთიანების სხვა შესაბამისი კანონმდებლობის დებულებები.

6. კომისიამ თითოეული განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ უნდა წარადგინოს ანგარიში, რომელიც საჭიროებისამებრ უნდა შეიცავდეს რეკომენდაციებს. კომისიამ მისი ანგარიშები საჯაროდ უნდა გამოაქვეყნოს.

7. კომისიამ წინასწარ უნდა მიაწოდოს წევრ სახელმწიფოებს მესამე ქვეყნებში მის მიერ კონტროლის განხორციელების პროგრამა და წარადგინოს ამ კონტროლის ანგარიში. მას შეუძლია შესწორებები შეიტანოს პროგრამაში საკვებისა და სურსათის უვნებლობის, ცხოველებისა და მცენარეების ჯანმრთელობის სფეროებში არსებული სიახლეების გათვალისწინებით.

თავი II

იმპორტის პირობე