1. ამ წესის მიზნებისთვის კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის ფარგლებში პროფესიული ორგანიზაცია უზრუნველყოფს წევრ აუდიტორებთან/აუდიტორულ ფირმებთან მუდმივ თანამშრომლობასა და შემდეგი ღონისძიებების განხორციელებას:

ა) ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით, აუდიტორებისა და აუდიტორულ ფირმაში დასაქმებული  ყველა პირის ტრენინგებსა და განგრძობით განათლებას, ფირმებს შორის თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებას;

ბ) ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული, სამსახურის მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტებზე მითითებასა და ამ წესით დადგენილ ფარგლებში  მეთოდური დოკუმენტაციის და სახელმძღვანელო მასალების შემუშავებას ან/და მიწოდებას;

გ) მონიტორინგისათვის მზადყოფნის მიზნით, წევრი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის დიაგნოსტიკურ შეფასებას, მათ მიერ მოთხოვნის შემთხვევაში;

დ) სხვა ღონისძიებებს (მათ შორის, პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის სემინარებს), რაც უზრუნველყოფს აუდიტორული საქმიანობის მარეგულირებელი სტანდარტების მოთხოვნების პრაქტიკაში დანერგვას;

ე) სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობას.

2.  აუდიტორი და აუდიტორული ფირმა, რომელსაც არ გააჩნია საკმარისი რესურსი ხარისხის კონტროლის სისტემის დასანერგად, უფლებამოსილია მიმართოს პროფესიულ ორგანიზაციას სათანადო ხელშეწყობის მოთხოვნით. თავის მხრივ, პროფესიული ორგანიზაცია, აუდიტორულ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების წარმოჩენისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი ქმედებები მისი წევრი აუდიტორი/აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვისა და მონიტორინგისათვის მზადყოფნის ხელშეწყობისათვის.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის, პროფესიულმა ორგანიზაციამ მისი წევრი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის დიაგნოსტიკური შეფასებისთვის უნდა უზრუნველყოს მაღალი კვალიფიკაციის მქონე ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტების მოწვევა.

4. ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტების მიერ ხარისხის კონტროლის სისტემის დიაგნოსტიკური შეფასების  შედეგად მომზადებული დიაგნოსტიკური ანგარიში აღწერს აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმაში არსებულ შეუსაბამობებს და შესაბამის აუდიტორს/გარიგების პარტნიორს მიუთითებს გამოსწორების გზებზე. დიაგნოსტიკური ანგარიში არ მოიცავს მტკიცებას პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით ხარისხის კონტროლის გავლის თაობაზე.

5. ხარისხის კონტროლის სისტემის დიაგნოსტიკური შეფასების პროცესი ხორციელდება:

ა) ფირმის დონეზე – ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტებთან (ISQC 1) შესაბამისობის კუთხით;

ბ) გარიგების დონეზე – აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებთან (ISA) შესაბამისობის კუთხით.

6. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა/გარიგების პარტნიორი, რომელსაც გავლილი აქვს მონიტორინგი და შეფასებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აუდიტორის/გარიგების პარტნიორის მიერ ძირითადი ან/და არაძირითადი სამუშაო ადგილის შეცვლის ან/და აუდიტორული ფირმის რეორგანიზაციის/უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სამსახური უფლებამოსილია ახალი სამუშაო ადგილის/რეორგანიზებული პირის ფარგლებში გამარტივებული წესით ჩაატაროს აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მონიტორინგი, რაც აუდიტორული ფირმის რეორგანიზაციის/უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში გულისხმობს ხარისხის კონტროლის სისტემის შესაბამისი კომპონენტების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმებას.

7. პროფესიული ორგანიზაცია და მისი ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტები არ არიან პასუხისმგებელნი ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვაზე და მონიტორიგის შედეგზე. საჭიროების არსებობისას, სამსახური უფლებამოსილია მოითხოვოს სპეციალისტთა ჩანაცვლება, თუ მათ  კვალიფიკაციის დონეს არადამაკმაყოფილებლად ჩათვლის.

8. დიაგნოსტიკური ანგარიშის მისაღებად პროფესიული ორგანიზაციისათვის აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ წარდგენილი  ინფორმაცია და ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტების მიერ დადებული დასკვნა კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება გასაჯაროვებას. პროფესიულმა ორგანიზაციამ ხარისხის კონტროლის სისტემის დიაგნოსტიკური შეფასების პროცესში ეთიკური ნორმების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ვალდებულია იმოქმედოს  მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

9. ხარისხის კონტროლის სისტემის დიაგნოსტიკურ შეფასებასთან დაკავშირებული პირობები, პროცედურები და ვადები განისაზღვრება მხარეთა მიერ დადებული ხელშეკრულებებით.

10. პროფესიული ორგანიზაციის  როლი შემოიფარგლება მხოლოდ იმ აუდიტორული მომსახურებების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობით, რომელსაც აუდიტორი ახორციელებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

11. სამსახურს დიაგნოსტიკური ანგარიში არ წარედგინება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, ამ წესის მე-7 მუხლის საფუძველზე, საკუთარი ინიციატივით განცხადებით მიმართავს სამსახურს მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ.

12. დიაგნოსტიკური ანგარიში გაცემული უნდა იყოს სამსახურისათვის მიმართვამდე არაუადრეს 6 თვით ადრ