1. ამ კანონის მიზნებისთვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აფილირებული პირი
– ნებისმიერი პირისთვის:
ა.ა) წილობრივი მონაწილეობის ათ პროცენტზე (10%) მეტის მფლობელი, ან წილობრივი მონაწილეობის ათ პროცენტზე (10%) ნაკლების მფლობელი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენა მოახდინოს ამ პირის გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე;
ა.ბ) ნებისმიერი სხვა იურიდიული პირი, რომლის წილის ოცდახუთ (25%) პროცენტზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი ამავე დროს პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ამ პირის წილის ოცდახუთ პროცენტზე (25%) მეტს;
ა.გ) საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიმღები ან სამეთვალყურეო ორგანოს ნებისმიერი წევრი;
ბ) აქტივების მმართველი კომპანია
– საქართველოს ეროვნული ბანკის ან სხვა სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ აქტივების მართვის მიზნით ლიცენზირებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული ნდობითი ვალდებულების მქონე იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საპენსიო სააგენტოს აქტივების მართვას აქტივების მართვის ხელშეკრულების საფუძველზე
, ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აქტივების მართვის მიზნით ან/და საინვესტიციო რჩევების გაცემის მიზნით შექმნილი ან დაფუძნებული პირი, რომლის წევრ სახელმწიფოს წარმოადგენს საქართველო და რომელიც არ ექვემდებარება ცალკეული ქვეყნის შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებას;
გ) აქტივების განთავსების სტრატეგია
– საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც მოიცავს საინვესტიციო პორტფელში სხვადასხვა კლასის აქტივების განთავსების იმ მიზნობრივ მაჩვენებლებს, მაჩვენებლების განსაზღვრის საფუძველს და მიზნობრივი მაჩვენებლებიდან გადახრის დაშვებულ ნორმებს, რომლებიც დამოკიდებულია საპენსიო სააგენტოს ან/და აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ის რისკის მიმართ ტოლერანტულობაზე, საინვესტიციო პერიოდზე, საინვესტიციო მიზნებზე და რომლებიც დროთა განმავლობაში შესაძლებელია შეიცვალოს აღნიშნული პარამეტრების ცვლილების შესაბამისად;
დ) განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემა
–საპენსიო სქემა, რომელშიც მონაწილის სასარგებლოდ განსახორციელებელი შენატანები გამოითვლება ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრული წესით და აისახება ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, ხოლო მიღებული სარგებელი გამოითვლება მხოლოდ განხორციელებული შენატანების და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე დარიცხული შემოსავლის, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახვის შედეგად, ხოლო პენსიის გაცემა ხდება ამ კანონის შესაბამისად;
ე) დამსაქმებელი
– პირი, რომელიც ანაზღაურებს დასაქმებულის მიერ შესრულებულ სამუშაოს;
ვ) დასაქმებული
- ფიზიკური პირი, რომელიც:
ვ.ა) ვალდებულებებს ასრულებს იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით ან/და საქართველოს ან უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით;
ვ.ბ) ასრულებს ვალდებულებებს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სამართალდამცავ და მასთან გათანაბრებულ ორგანოებში მის სამსახურთან;
ვ.გ) არის საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელი (დირექტორი), ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შემსრულებელი;
ზ) ერთიანი გადახდა
– ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი სრული ღირებულების გადახდა;
თ) ეროვნული ბანკი
– საქართველოს ეროვნული ბანკი;
ი) თვითდასაქმებული
– ინდივიდუალური მეწარმე, ასევე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, საქმიანობის იმ ნაწილში, რომელიც არ ექვემდებარება გადასახადის წყაროსთან დაკავებას;
კ) თვითდასაქმებულის შემოსავალი:
კ.ა.) ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სამეწარმეო საქმიანობიდან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავალი
;
კ.ბ.) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირების შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავალი;
ლ) ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში
– საპენსიო სააგენტოს მიერ დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილისთვის შექმნილი აღრიცხვის ფორმა, რომელიც ასახავს მონაწილის სასარგებლოდ განხორციელებულ შენატანებს, საპენსიო აქტივების მართვის შედეგებს და ყველა დაკავშირებულ ხარჯს;
მ) მონაწილე
– ფიზიკური პირი, რომელსაც შეაქვს საპენსიო შენატანი ან/და რომლის სასარგებლოდაც ხდება საპენსიო შენატანების შეტანა საპენსიო სააგენტოს დაგროვებით საპენსიო სქემაში;
ნ) ნდობითი ვალდებულების მქონე პირი
– საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეების მიმართ პასუხისმგებელი პირი, რომელიც:
ნ.ა) ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საპენსიო აქტივების მართვის პროცესში ნებისმიერ უფლებამოსილებას ან კონტროლს
, გარდა ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების მიზნებისთვის კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ნ.ბ) უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო რჩევით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე;
ნ.გ) ახორციელებს გარიგებების აღრიცხვას და ამ გარიგებებთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავებას, მონაწილეთა შესახებ ჩანაწერთა წარმოებას ან/და შენახვას
;
ო) პენსია
– ფულადი სარგებელი, რომლის გადახდა მონაწილისათვის ხორციელდება ამ კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით;
პ) პროგრამული გატანა
– პენსიის პერიოდული გატანა ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან ამ კანონის შესაბამისად;
ჟ) საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი
– საინვესტიციო საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საინვესტიციო სტრატეგიას და პრინციპებს და რომლითაც ხელმძღვანელობს საპენსიო სააგენტო ან/და აქტივების მმართველი კომპანი(ები)ა დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა საპენსიო აქტივების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
რ) საპენსიო ასაკი
– „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასაკი;
ს) საპენსიო აქტივები
– ყველა იმ აქტივის ერთობლიობა, რომელიც ყველა შემოსავლისა და ხარჯის, მათ შორის, საპენსიო სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯის, გათვალისწინებით აღრიცხულია მონაწილეების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე;
ტ) საპენსიო შენატანი
– მონაწილის სასარგებლოდ ამ კანონით განსაზღვრული წესით და ოდენობით მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ასახვის მიზნით გადახდილი თანხა, რომელსაც იხდის დამსაქმებელი, დასაქმებული და სახელმწიფო
, თუ მონაწილე დასაქმებული პირია ან/და თვითდასაქმებული და სახელმწიფო, თუ მონაწილე თვითდასაქმებული პირია;
უ) სამეთვალყურეო საბჭო
– საპენსიო სააგენტოს საბჭო, რომელიც შედგება საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარისაგან და რომლის თითოეული წევრი სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციას იკავებს საკუთარი თანამდებობიდან გამომდინარე;
ფ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი
– საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი;
ქ) სახელმწიფო ხაზინა
– საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახური;
ღ) საინვესტიციო საბჭო
– საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო, რომელიც განსაზღვრავს საპენსიო აქტივების საინვესტიციო პოლიტიკას;
ყ) საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა
– საინფორმაციო ტექნოლოგიით მხარდაჭერილი საპენსიო სააგენტოს ელექტრონული სისტემა და შესაბამისი მონაცემთა ბაზა;
შ) სპეციალიზებული დეპოზიტარი
– საქართველოს ეროვნული ბანკის ან სხვა სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული ნდობითი ვალდებულების მქონე იურიდიული პირი ან ასეთი პირის ფილიალი, რომელიც შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს საპენსიო სააგენტოს უზრუნველყოფას სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურებით;
ჩ) საინვესტიციო ჰორიზონტი
– დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც აქტივების განთავსების სტრატეგიის შესაბამისად განსაზღვრული რისკის მიმართ ტოლერანტულობისა და სასურველი საინვესტიციო შემოსავლის გათვალისწინებით საპენსიო სააგენტო ან/და აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ა გეგმავს განათავსოს ინვესტიცია კონკრეტული კლასის აქტივებში ან საინვესტიციო პორტფელში;
ც) საინვესტიციო პორტფელი
– საინვესტიციო ინსტრუმენტების ერთობლიობა, რომელშიც ინსტრუმენტების კომპოზიცია დამოკიდებულია საინვესტიციო პერიოდზე, ინვესტორის საინვესტიციო მიზნებსა და რისკის მიმართ ტოლერანტულობაზე;
ძ) სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმი
– საპენსიო სააგენტოს ადმინისტრირების დროებითი რეჟიმი, რომლის დაწყებაც ხორციელდება ამ კანონის შესაბამისად და რომლის მიზანია საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული საქმიანობის განგრძობადობის უზრუნველყოფა ეროვნული ბანკის მიერ;
წ) ღია საფონდო ინსტრუმენტი
– ინვესტიცია ისეთი პირის ან ინსტრუმენტის მეშვეობით, რომელიც ორგანიზებულია და მოქმედებს, როგორც საინვესტიციო კომპანია სხვა ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ან საინვესტიციო ფონდი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და უფლებამოსილია გამოუშვას საკუთარი წილობრივი მონაწილეობის (დანაწევრებული ან მთლიანი) შეუზღუდავი რაოდენობის ერთეული (პაი) ან აქცია, რომელიც წარმოადგენს წილობრივი მონაწილეობის პროპორციულ საკუთრებას ასეთ პირში ან ფონდში. ღია საფონდო ინსტრუმენტი მოიცავს მათ შორის ღია საპაიო ფონდებს, საინვესტიციო ფონდებს, ასევე უცხო ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საინვესტიციო ინსტრუმენტებს, რომლებიც ოპერირებენ აგრეგირების საფუძველზე;
ჭ) შემოსავლების სამსახური
– საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
ხ) შესაძლებლობის შეზღუდვა
– „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მდგომარეობა;
ჯ) შესარჩევი კომისია
– კომისია, რომელიც უზრუნველყოფს საინვესტიციო საბჭოს წევრების კანდიდატურების შერჩევას;
ჰ) ხელფასი
– მომსახურების გაწევით მიღებული ის შემოსავალი რომელიც იბეგრება გადახდის წყაროსთან, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლით დადგენილი ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად (გარდა როიალტისა, ქირისა,იჯარისა და საპროცენტო შემოსავლისა).