1. დაგროვებითი საპენსიო სქემა წარმოადგენს განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემას.

2. დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში.

3. დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება ნებაყოფლობითია ყველა თვითდასაქმებულისათვის თვითდასაქმებულის შემოსავლის ნაწილში.

4. დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე დასაქმებული და თვითდასაქმებული პირებისთვის საპენსიო შენატანების დაფინანსება განხორციელდება დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფოს მიერ ამ კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით.

5. დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე დასაქმებულის შენატანების დაფინანსება განხორციელდება შემდეგი სახით:

ა) თითოეული დამსაქმებელი ხელფასის გაცემისას დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე თითოეული დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხავს მასზე გასაცემი ხელფასის ორ (2) პროცენტს დასაბეგრი ხელფასის იმ მოცულობაზე, რომელიც არ აღემატება ამ დასაქმებულისათვის წლიურად ხელფასის სახით გაცემულ სამოცი ათას (60 000) ლარს. დამსაქმებელი არ განახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულის სასარგებლოდ წლიურად დასაბეგრი ხელფასის სახით გაცემულ იმ მოცულობაზე, რომელიც აღემატება სამოცი ათას (60 000) ლარს;

ბ) დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე თითოეული დასაქმებულის სახელით დამსაქმებელი დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხავს დასაქმებულზე გასაცემი ხელფასის ორ (2) პროცენტს დასაბეგრი ხელფასის იმ მოცულობაზე, რომელიც არ აღემატება ამ დასაქმებულისათვის წლიურად ხელფასის სახით გაცემულ სამოცი ათას (60 000) ლარს. დამსაქმებელი დასაქმებულის სახელით არ განახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულის სასარგებლოდ წლიურად დასაბეგრი ხელფასის სახით გაცემულ იმ მოცულობაზე, რომელიც აღემატება სამოცი ათას (60 000) ლარს;

გ) დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე თვითდასაქმებული განახორციელებს შენატანს თავისი შემოსავლის ოთხი პროცენტის (4%) ოდენობით წელიწადში სამოცი ათასი (60 000) ლარის მოცულობის შემოსავალზე. თვითდასაქმებული არ განახორციელებს საპენსიო შენატანს წლიურად მიღებული დასაბეგრი შემოსავლის სახით მიღებულ იმ მოცულობაზე, რომელიც აღემატება სამოცი ათას (60 000) ლარს;

დ) დაგროვებითი საპენსიო სქემის თითოეული მონაწილის სასარგებლოდ სახელმწიფო მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხავს ორ (2) პროცენტს ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის იმ მოცულობაზე, რომელიც ჯამურად არ აღემატება მონაწილის მიერ წლიური ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის სახით მიღებულოცდაოთხი ათას (24 000) ლარს, ხოლო ერთ (1) პროცენტს მონაწილის მიერ ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის სახით მიღებულ თანხაზე ოცდაოთხი ათასი (24 000) ლარიდან სამოცი ათას (60 000) ლარამდე. სახელმწიფო განახორციელებს აღნიშნულ შენატანს მას შემდეგ, რაც საპენსიო სააგენტოს შეტყობინებით დადასტურდება, რომ მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აისახა ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ან/და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შენატანები. სახელმწიფო არ განახორციელებს საპენსიო შენატანს მონაწილის მიერ წლიურად ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის სახით მიღებულ იმ მოცულობაზე, რომელიცაღემატება სამოცი ათას (60 000) ლარს.

თავი III. საპენსიო სააგენ