1. 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისათვის ნაკლებობით ან/და ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანების გასწორებისათვის/კორექტირებისათვის, დამსაქმებელი (გარდა სახელმწიფო დამსაქმებლისა) ვალდებულია ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის შესაბამისად წარადგინოს წლიური მაკორექტირებელი დეკლარაცია.

2. ამ მუხლით განსაზღვრული წესები არ ვრცელდება 2025 წლის 1 მაისის შემდგომ წარმოშობილ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებაზე, დამსაქმებლისა (გარდა სახელმწიფო დამსაქმებლისა) და თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანების ნაკლებობით ან ზედმეტად განხორციელებაზე ან დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის/პირის დაგროვებით საპენსიო სქემაში შეცდომით გაწევრიანებაზე.

3. დამსაქმებლის (მათ შორის, სახელმწიფო დამსაქმებლის) მიერ დასაქმებულის/პირის საპენსიო სქემაში შეცდომით გაწევრიანების შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია ელექტრონული სისტემის მეშვეობით ფონდს წარუდგინოს შესაბამისი წლიური მაკორექტირებელი დეკლარაცია(ები)/მაკორექტირებელი დეკლარაცია (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რომლის საფუძველზეც ხდება შეცდომით გაწევრიანებული დასაქმებულის/პირის საპენსიო შენატან(ებ)ის განულება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დეკლარაციის საპენსიო ფონდისათვის წარდგენისას უქმდება დამსაქმებლის მიერ შესაბამისი საპენსიო დეკლარაციის წარმოდგენის თარიღით დასაქმებულის/პირის (რომელიც შეცდომით იქნა გაწევრიანებული საპენსიო სქემაში) საპენსიო სქემაში გაწევრიანების ფაქტი, ხოლო დასაქმებული საპენსიო სქემაში გაწევრიანებულად ჩაითვლება ნებისმიერი დამსაქმებლის მიერ მისი სახელითა და მის სასარგებლოდ პირველივე საპენსიო შენატანის განხორციელების თარიღიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლის (მათ შორის, სახელმწიფო დამსაქმებლის) მიერ 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდში შეცდომით მოხდა ისეთი დასაქმებულის საპენსიო სქემაში გაწევრიანება, ვინც კანონის საფუძველზე უფლებამოსილია ნებაყოფლობით გაწევრიანდეს საპენსიო სქემაში, დამსაქმებელი ვალდებულია მოითხოვოს შეცდომით გაწევრიანებული დასაქმებულის საპენსიო სქემის მონაწილის სტატუსის გაუქმება, რისთვისაც ელექტრონულ სისტემის მეშვეობით, ხოლო სახელმწიფო დამსაქმებლმა წერილობით ფონდს, უნდა წარუდგინოს:

ა) დამსაქმებლის ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის განცხადება, რომლითაც დასტურდება, რომ დასაქმებულს არ მიუმართავს დამსაქმებლისათვის, კანონის თანახმად საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით გაწევრიანების თაობაზე;

ბ) შეცდომით გაწევრიანებული დასაქმებულის წერილობითი განცხადება მასზე, რომ მას არ მიუმართავს განცხადებით დამსაქმებლისათვის საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით გაწევრიანების მოთხოვნით;

გ) შეცდომით გაწევრიანებული დასაქმებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუკი დამსაქმებლის მიერ არასრულად ან არასწორადაა წარმოდგენილი დოკუმენტები, ფონდი უფლებამოსილია დამსაქმებელს განუსაზღვროს დამატებით 5 (ხუთი) სამუშაო დღე არსებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. საპენსიო ფონდი:

ა) განუხილველად დატოვებს დამსაქმებლის/დასაქმებულის მოთხოვნას, თუ ხარვეზის აღმოსაფხვრელად ამ პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში დამსაქმებლის მიერ არასრულად ან არასწორად იქნა წარმოდგენილი ამ მუხლის მე-5 პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტაცია;

ბ) არ დააკმაყოფილებს დამსაქმებლის/დასაქმებულის მოთხოვნას, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე მოთხოვნა წარმოდგენილი არ არის იმ დამსაქმებლის მიერ, რომელმაც დასაქმებული გააწევრიანა საპენსიო სქემაში.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევასთან დაკავშირებით, მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულად მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, ფონდის გადაწყვეტილება დამსაქმებელს და დასაქმებულს/პირს ეცნობება ელექტრონული სისტემის მეშვეობით. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ფონდი უფლებამოსილია ასეთ გადაწყვეტილებაში არ მიუთითოს ის ფაქტობრივი გარემოებები ან/და მიზეზები, რაც გახდა გადაწყვეტილების საფუძველი.

8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებში ფონდსა და სახელმწიფო დამსაქმებელს შორის გათვალისწინებული კომუნიკაცია, დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნა და ფონდისთვის ასეთი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენა განხორციელდება წერილობითი ფორმით.

9. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფონდის მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების ელექტრონულ სისტემაში ასახვისას, უქმდება საპენსიო სქემაში დასაქმებულის/პირის გაწევრიანების ფაქტი.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის შემთხვევაში ფონდის მიერ დამსაქმებლის შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში:

ა) დამსაქმებლის მიერ ზედმეტად გადახდილი საპენსიო შენატანი და მასზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაბრუნდება დამსაქმებლის იმ საბანკო ანგარიშზე, რომლიდანაც განხორციელდა საპენსიო შენატანი ან დამსაქმებლის მიერ ფონდისთვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილ მის სხვა საბანკო ანგარიშზე. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს დაუბრუნოს დასაქმებულის სახელით და ხარჯით განხორციელებული საპენსიო შენატანი და ასეთ საპენსიო შენატანზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დაბეგვრით, ფონდის მიერ ჩარიცხვიდან  10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში;

ბ) სახელმწიფოს მიერ ასეთი მონაწილის სასარგებლოდ განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაბრუნდება ფონდის სახაზინო ანგარიშზე, ხოლო ასეთ საპენსიო შენატანზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაირიცხება ბიუჯეტის ერთიან სახაზინო ანგარიშზე.

11. ამ მუხლის მე-9 პუნქტის შემთხვევაში ფონდის მიერ სახელმწიფო დამსაქმებლის შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სახაზინო სამსახურის ელექტრონული მომსახურების სისტემის მეშვეობით:

ა) დასაქმებულის სახელით და ხარჯით ზედმეტად გადახდილი საპენსიო შენატანი სრულად, ფონდის მიერ დაბრუნდება სახელმწიფო დამსაქმებლის სახაზინო ანგარიშზე. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს დაუბრუნოს დასაქმებულის სახელით და ხარჯით განხორციელებული საპენსიო შენატანი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დაბეგვრით, ფონდის მიერ თანხის დაბრუნებიდან  10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში;

ბ) დასაქმებულის სახელით და ხარჯით ზედმეტად გადახდილ საპენსიო შენატანზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაირიცხება დასაქმებულის საბანკო ანგარიშზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დაბეგვრით, სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის მეშვეობით;

გ) სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ ზედმეტად გადახდილი საპენსიო შენატანი დაბრუნდება ფონდის სახაზინო ანგარიშზე ზარალის გათვალისწინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ ზედმეტად გადახდილ საპენსიო შენატანებზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტის ერთიან სახაზინო ანგარიშზე;

ე) სახელმწიფოს მიერ ასეთი მონაწილის სასარგებლოდ განხორციელებულ საპენსიო შენატანის თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაბრუნდება ფონდის სახაზინო ანგარიშზე ზარალის გათვალისწინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო ასეთ საპენსიო შენატანზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაირიცხება ბიუჯეტის ერთიან სახაზინო ანგარიშზე.

12. ზედმეტობით განხორციელებულ საპენსიო შენატანთან მიმართებით წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციის საფუძველზე საპენსიო შენატანების დაბრუნების საკითხი რეგულირდება ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის საფუძველზე.

13. სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ ზედმეტად განხორციელებულ შენატანებზე მაკორექტირებელი დეკლარაციის დახურვის და ელექტრონულ სისტემაში ასახვიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სახაზინო სამსახურის ელექტრონული მომსახურების სისტემის მეშვეობით თანხები ბრუნდება შემდეგი რიგითობით:

ა) დახურული მაკორექტირებელი დეკლარაციის საფუძველზე დასაქმებულის სახელით და ხარჯით ზედმეტად გადახდილი საპენსიო შენატანი სრულად, ფონდის მიერ დაბრუნდება სახელმწიფო დამსაქმებლის სახაზინო ანგარიშზე;

გ) სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ ზედმეტად გადახდილი საპენსიო შენატანი დაბრუნდება ფონდის სახაზინო ანგარიშზე ზარალის გათვალისწინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ ზედმეტად გადახდილ საპენსიო შენატანებზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტის ერთიან სახაზინო ანგარიშზე;

ე) სახელმწიფოს მიერ ასეთი მონაწილის სასარგებლოდ განხორციელებულ საპენსიო შენატანის თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაბრუნდება ფონდის სახაზინო ანგარიშზე ზარალის გათვალისწინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო ასეთ საპენსიო შენატანზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაირიცხება ბიუჯეტის ერთიან სახაზინო ანგარიშზ