1. ეროვნული ბანკიახორციელებს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის პრუდენციულ რეგულირებას, რომლის ფარგლებშიც იგი ამოწმებს:
ა) საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისობას ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;
ბ) საპენსიო სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურის, აქტივების მართვასთან დაკავშირებული პროცედურების და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ადეკვატურობას საპენსიო აქტივების საინვესტიციო საქმიანობისათვის აუცილებელ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებთან;
გ) აქტივების განთავსების სტრატეგიის შემუშავების მეთოდოლოგიას, საინვესტიციო გადაწყვეტილებების და აქტივების მმართველების შერჩევის პროცედურის შესაბამისობას ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებთან, ამასთან, ეროვნული ბანკი არ ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო გადაწყვეტილებების შეფასებას;
დ) საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო, საანგარიშსწორებო, ადმინისტრაციული, საინფორმაციო სისტემების და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის საშუალებების შესაბამისობას ამ კანონითა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან;
ე) საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრულ ლიმიტებთან შესაბამისობას.
2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:
ა) დაადგინოს დამატებითი მარეგულირებელი წესები სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის, რომელიც ემსახურება საპენსიო სააგენტოს. ეს წესები შეიძლება ეხებოდეს საკუთარ კაპიტალს, სპეციალიზებული დეპოზიტარის პერსონალის გამოცდილებას, ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფას, მომსახურების მაქსიმალურ ფასს ან ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს ამ კანონის აღსრულების მიზნებისთვის;
ბ)საპენსიო სააგენტოსგან, საპენსიო სააგენტოს მომსახურე ფიზიკური და იურიდიული პირებისგან მოითხოვოს ნებისმიერი საჭირო, მათ შორის კონფიდენციალური ინფორმაცია ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესასრულებლად;
გ) მოითხოვოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია საპენსიო სააგენტოსგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისგან და აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ისგან მის მიერ დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით;
დ) განახორციელოს საპენსიო სააგენტოს, სპეციალიზებული დეპოზიტარის და აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ის ადგილზე შემოწმება ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) დაადგინოს დამატებითი პრინციპები და წესები, რომელიც გავრცელდება საპენსიო სააგენტოს მიერ ღია საფონდო ინსტრუმენტების შერჩევის პროცესზე;
ვ) ამ კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, მნიშვნელოვანი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მისცეს მითითება საპენსიო სააგენტოს ხარვეზების გამოსწორების მიზნით ან/და მისცეს რეკომენდაცია საპენსიო სააგენტოს არსებული ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ.
3. ეროვნული ბანკი ადგენს:
ა) მეთოდოლოგიას საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის, მათ შორის სავაჭრო დღის დახურვის და სიდიდეთა დამრგვალების შესახებ;
ბ) ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვები საინვესტიციო საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალურ საკრედიტო რეიტინგს, რომელშიც შესაძლოა განხორციელდეს საპენსიო აქტივების ინვესტირება ამ კანონის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ეროვნული ბანკი საპენსიო სააგენტოს აწვდის წერილობით ინფორმაციას სპეციალიზებული დეპოზიტარის ფინანსური ან ორგანიზაციული მდგომარეობის გაუარესების ან შესაძლო გაუარესების შესახებ, თუ ის მსგავს ინფორმაციას ფლობს.
5. ეროვნული ბანკი განახორციელებს სპეციალური ადმინისტრირების დროებით რეჟიმს, რომლის დაწყების საფუძველია საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან და მასთან დაკავშირებული საქმიანობის შედეგად მიღებული საპენსიო აქტივების 1%-ზე მეტი დანაკარგი, რომელიც არ არის გამოწვეული საბაზრო პირობების ცვლილებებით, ან ეროვნული ბანკის არსებითი ხასიათის მითითებების სისტემატური შეუსრულებლობა ან მდგომარეობა, როდესაც სააგენტო დროებით ვერ ახერხებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულებას და რომელიც ითვალისწინებს ეროვნული ბანკის მიერ ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ დროებით მოქმედებას საინვესტიციო საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით. ეროვნული ბანკის მიერ სპეციალური რეგულირების რეჟიმის გამოყენების და მოქმედების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის მიერ.
6. ეროვნული ბანკი ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებ