1. საპენსიო აქტივების ინვესტირება შეიძლება მხოლოდ ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით და საინვესტიციო ჰორიზონტში მათზე რეალური ამონაგების მაქსიმიზაციის მიზნით მონაწილეების ინტერესების შესაბამისად, კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების დაცვით.
2. კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპებია:
ა) საპენსიო აქტივების ინვესტიციის შედეგად გრძელვადიან პერიოდში რეალური ამონაგების მაქსიმიზაცია;
ბ) ინვესტიციების დივერსიფიცირება;
გ) საპენსიო აქტივების უსაფრთხოება გრძელვადიანი ინვესტირების პირობებში;
დ) ადეკვატური ლიკვიდობის შენარჩუნება.
3. საპენსიო აქტივების ინვესტირება ხორციელდება სამი განსხვავებული რისკიანობისა და მოსალოდნელი შემოსავლიანობის მქონე საინვესტიციო პორტფელში. თითოეული საპენსიო სქემის მონაწილე გაწევრიანების დროს თავად ირჩევს, თუ რომელიპორტფელი შეეფერება ყველაზე მეტად მის რისკისადმი ტოლერანტულობას.
4. თუკი საპენსიო სქემის მონაწილე არ გამოიყენებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით მინიჭებულ უფლებას, საპენსიო აქტივების ინვესტირება მოხდება შემდეგი პრინციპით:
ა) გაწევრიანების მომენტისათვის ორმოც (40) წლამდე მონაწილის აქტივები – მაღალი რისკიანი პორტფელი;
ბ) გაწევრიანების მომენტისათვის ორმოციდან (40) ორმოცდაათ (50) წლამდე მონაწილის აქტივები – საშუალო რისკიანი პორტფელი;
გ) გაწევრიანების მომენტისათვის ორმოცდაათი (50)და მეტი წლის მონაწილის აქტივები – ნაკლებად რისკიანი პორტფელი.
5. საპენსიო სქემის მონაწილეს შეუძლია სრულად ან ნაწილობრივ შეცვალოს მის მიერ არჩეული საინვესტიციო პორტფელი სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საინვესტიციო საბჭოსთან შეთანხმებით დადგენილი პერიოდულობით. ეს პერიოდი არ უნდა იყოს თორმეტ (12) თვეზე ნაკლები.
6. საინვესტიციო საბჭო ამ მუხლით განსაზღვრული პრინციპების გათვალისწინებით შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც განხორციელდება საპენსიო აქტივების ინვესტირება.
7. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი საპენსიო აქტივების ინვესტირების მიზნებისთვის ცხადად უნდა ადგენდეს და განსაზღვრავდეს სულ მცირე შემდეგ საკითხებს თითოეული ტიპის პორტფელის ჭრილში:
ა) საინვესტიციო მიზნებს;
ბ) აქტივების განთავსების სტრატეგიას და აქტივების განთავსების სტრატეგიიდან მაქსიმალური გადახრის დაშვებულ ნორმებს თითოეული კლასის აქტივებისათვის და მიზნობრივი საინვესტიციო მაჩვენებლებისათვის;
გ) მთლიანი რისკების პროფილს და ცალკეული რისკების მიმართ ტოლერანტულობის მატრიცას, მისი მოქმედების საინვესტიციო ჰორიზონტის მითითებით;
დ) პროცედურას, რომლის შესაბამისადაც ხდება საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის, აქტივების მმართველ(ებ)ის, სპეციალიზებული დეპოზიტარის და საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გამწევის პირის შერჩევა, მონიტორინგი, შეფასება და ხელშეკრულების შეწყვეტა ამ კანონის შესაბამისად. თითოეულ საინვესტიციო პორტფელში ინვესტიციები უნდა დაიგეგმოს იმ გათვლით, რომ მაღალი სანდოობით (95% და მეტი ალბათობით) მოსალოდნელი იყოს დადებითი რეალური ამონაგები საინვესტიციო ჰორიზონტის ბოლოსთვის.
8. თითოეულ საინვესტიციო პორტფელი უნდა ითვალიწინებდეს განსხვავებულ საინვესტიციო ჰორიზონტს, რომელიც განისაზღვრება საინვესტიციო საბჭოს მიერ, ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით. ამასთან:
ა) ნაკლებად რისკიანი პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტი არ უნდა იყოს ხუთ (5) წელზე ნაკლები;
ბ) საშუალო რისკიანი პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტი უნდა აღემატებოდეს ნაკლებად რისკიანი პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტს;
გ) მაღალ რისკიანი პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტი უნდა აღემატებოდეს საშუალო რისკიანი პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტს.
9. თითოეული საინვესტიციო პორტფელის საშუალებით განხორციელებული ინვესტირებიდან მიღებული ამონაგების და საინვესტიციო პოლიტიკის ეფექტიანობის შეფასება უნდა მოხდეს საინვესტიციო ჰორიზონტის ვადიანობის გათვალისწინებით.
10. საინვესტიციო საბჭო შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის გადასინჯვის წესს და პერიოდულობას.
11. საფინანსო ბაზრებზე განვითარებულ მნიშვნელოვან რყევებზე ან მათთან დაკავშირებულ რისკებზე რეაგირების მიზნით, საინვესტიციო საბჭო ვალდებულია განიხილოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ცვლილების საჭიროება.
12. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული საინვესტიციო პორტფელების ტიპები და დასაშვები ინვესტიციების ლიმიტები აქტივების ფართო კლასების ჭრილში განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) ნაკლებად რისკიანი პორტფელი;
ა.ა) ფულადი სახსრები და დეპოზიტები – 75%-მდე,ა.ბ) სავალო ფასიანი ქაღალდები – 100%-მდე,ა.გ) საწარმოთა აქციები – 20%-მდე.
ბ) საშუალო რისკიანი პორტფელი;
ბ.ა) ფულადი სახსრები და დეპოზიტები – 50%-მდე,ბ.ბ) სავალო ფასიანი ქაღალდები – 75%-მდე,ბ.გ) საწარმოთა აქციები – 20%-დან 40%-მდე,ბ.დ) სხვა აქტივების ტიპები – 10%-მდე.
გ) მაღალრისკიანი პორტფელი;
გ.ა) ფულადი სახსრები და დეპოზიტები – 25%-მდე,გ.ბ) სავალო ფასიანი ქაღალდები – 50%-მდე,გ.გ) საწარმოთა აქციები – 40%-დან 60%-მდეგ;
გ.დ) სხვა აქტივების ტიპები – 10%-მდე.
13. საერთაშორისო კლასის აქტივებში განთავსების მაქსიმალური ზღვრები საინვესტიციო პორტფელების ჭრილში განისაზღვრება შემდეგი მოცულობით:
ა) ნაკლებად რისკიანი – 20%;
ბ) საშუალო რისკიანი – 40%;
გ) მაღალ რისკიანი – 60%.
14. ეროვნული ბანკი და საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია სამეთვალყურეო საბჭოს წარუდგინოს რეკომენდაციები ამ კანონით გათვალისწინებული საინვესტიციო ლიმიტების და შეზღუდვების ცვლილებასთან დაკავშირებით, თუ ზემოხსენებული ლიმიტები და შეზღუდვები აფერხებს საპენსიო აქტივების ოპტიმალურად განთავსებას საპენსიო სქემის მონაწილეთა საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.
15. საინვესტიციო საბჭო თითოეული აქტივების მმართველისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამტკიცებს დეტალურ საინვესტიციო სახელმძღვანელოს, რომელიც სულ მცირე უნდა მოიცავდეს უკუგების მიზნობრივ მაჩვენებლებს (თამასას), ნამეტ შემოსავალს მიზნობრივ მაჩვენებლებთან მიმართებით, ასევე დასაშვებ და აკრძალულ ინვესტიციებს, საკრედიტო რისკებს, საინვესტიციო ჰორიზონტს, სარეიტინგო ზღვრებს, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის და ამ კანონის შესაბამისად.
16. საპენსიო სააგენტოს მიერ საპენსიო აქტივები შეიძლება ინვესტირებულ იქნეს შემდეგი სახის საერთაშორისო ფინანსურ ინსტრუმენტებში:
ა) ფულადი სახსრები, მათ შორის, საბანკო ანგარიშები სახელმწიფოს საბანკო მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებში, რომელთა წინააღმდეგ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის სააღსრულებო წარმოება და რომელთა ლიცენზიაც არ არის შეჩერებული;
ბ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი;
გ) სახელმწიფოს, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ან სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი, თუ ის სათანადოდ არის გარანტირებული შესაბამისი სახელმწიფოს მიერ;
დ) სავალო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც რეგისტრირებულია შესაბამისი მარეგულირებლის მიერ და განთავსებულია საჯარო ან კერძო შეთავაზების გზით;
ე) საწარმოთა აქციები ან გლობალური დეპოზიტარული ხელწერილები, რომლებიც რეგისტრირებულია სახელმწიფოს კაპიტალის ბაზრის შესაბამისი მარეგულირებლის მიერ და განთავსებულია საჯარო შეთავაზების გზით და ივაჭრება საფონდო ბირჟაზე იმ პირობით, რომ იგი ექვემდებარება შესაბამისი მარეგულირებლის განგრძობად ზედამხედველობას;
ვ) ღია საფონდო ინსტრუმენტები;
ზ) სხვა ფინანსური ან/და არაფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც შეიძლება ინვეტირებისათვის დაშვებულ იქნეს ეროვნული ბანკის მიერ.
17. საპენსიო აქტივების ინვესტირება შეიძლება მხოლოდ შემდეგ ადგილობრივ ფინანსურ ინსტრუმენტებში:
ა) ფულადი სახსრები, მათ შორის, საბანკო ანგარიშები ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებში, რომელთა წინააღმდეგ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის წარმოება და რომელთა ლიცენზიაც არ არის გაუქმებული;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები;
გ) საწარმოთა სავალო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც რეგისტრირებულია შესაბამისი მარეგულირებლის მიერ საქართველოში და განთავსებულია საჯარო ან კერძო შეთავაზების გზით;
დ) საწარმოთა აქციები, რომელიც განთავსებულია საჯარო შეთავაზების გზით და განთავსებულია საქართველოში ლიცენზირებული საფონდო ბირჟის ან სხვა სახელმწიფოში ლიცენზირებული საფონდო ბირჟის ლისტინგში და მათზე ხორციელდება შესაბამისი მარეგულირებლის განგრძობადი ზედამხედველობა;
ე) ღია საფონდო ინსტრუმენტები რეგისტრირებული და რეგულირებული საქართველოში;
ვ) სხვა ფინანსური ან/და არაფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც შეიძლება ინვეტირებისათვის დაშვებულ იქნეს ეროვნული ბანკის მიერ.
18. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს მინიმალურ დასაშვებ რეიტინგს ამ მუხლით განსაზღვრული ნებისმიერი სახის საინვესტიციო ინსტრუმენტებისათვის ან/და ემიტენტისათვის.
19. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს დამატებითი მოთხოვნები ამ მუხლით განსაზღვრული ნებისმიერი სახის საინვესტიციო ინსტრუმენტებისათვის ან/და ემიტენტისათვის.
20. საპენსიო აქტივების ინვესტირება აკრძალულია:
ა) აქტივებში, რომელთა გასხვისებაც შეუძლებელია კანონით;
ბ) ფასიან ქაღალდებში, ოფციონებში, ფიუჩერსულ, ფორვარდულ და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებებში და ფინანსურ აქტივებში, გარდა ჰეჯირების სტრატეგიისთვის გამოსაყენებელი დერივატივებისა, რომლებიც ემსახურება რისკების შემცირებას და ამავე დროს არ ზრდის ღია პოზიციებს;
გ) უძრავ ქონებაში ან ფიზიკურ აქტივებში, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) აქტივების მმართველის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, საინვესტიციო საბჭოს წევრის ან მათთან აფილირებული პირის ნებისმიერ ქონებაში;
ე) ფასიანი ქაღალდებში, რომლებიც გამოუშვა:
ე.ა) აქტივების მმართველმა ან მასთან აფილირებულმა პირმა;
ე.ბ) საპენსიო სააგენტოს ან/და საპენსიო აქტივების მმართველი კომპანიის მომსახურე სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა ან მასთან აფილირებულმა პირმა;
ვ) ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სხვა ფინანსურ ან/და არაფინანსურ ინსტრუმენტებში.
21. საინვესტიციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, დაუშვას ინვესტიციები საფონდო ბაზრის ლისტინგს გარეთ მყოფ ადგილობრივ ან/და საერთაშორისო უძრავ ქონებასთან ან ფიზიკურ აქტივებთან დაკავშირებულ ინსტრუმენტებში იმ პირობით, რომ პერიოდულად ხდება აღნიშნული ინსტრუმენტების საბაზრო ფასის დადგენა/შეფასება გამჭვირვალე და ობიექტური გზით.
22. დაუშვებელია საპენსიო აქტივების ხუთ (5) პროცენტზე მეტის ინვესტირება ერთი ემიტენტის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში (არ მოიცავს ფულად სახსრებსა და საბანკო დეპოზიტებს).
23. დაუშვებელია ერთი ემიტენტის მიმოქცევაში არსებული ფასიანი ქაღალდების ათ (10) პროცენტზე მეტის ფლობა.
24. ამ მუხლის 22-ე და 23-ე პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის ან მთავრობის მიერ აღიარებული მინიმუმ АА- (ან ეკვივალენტის) საკრედიტო რეიტინგის მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ემიტირებულ ფასიან ქაღალდებზე.
25. საპენსიო აქტივები არ შეიძლება გასხვისდეს:
ა) სპეციალიზებულ დეპოზიტარზე, რომელიც ემსახურება ამ აქტივებს;
ბ) აქტივების მმართველ(ებ)ზე, რომელიც ემსახურება ამ აქტივებს;
გ) საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს ან საინვესტიციო საბჭოს წევრზე;
დ) ნებისმიერ პირზე, რომელიც არის აქტივების მმართველის, სპეციალიზებული დეპოზიტარის ან საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს ან საინვესტიციო საბჭოს წევრის აფილირებული პირი.
26. აქტივების მმართველმა კომპანიამ არ შეიძლება გასცეს რაიმე სახის სესხი ან გარანტია იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც ჩამოთვლილია ამ მუხლის 25-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში.
27. აქტივების მმართველი კომპანია ახორციელებს ხმის უფლების რეალიზებას ყველა იმ აქციასთან დაკავშირებით, რომელიც იმყოფება მისი მართვის ქვეშ საპენსიო სააგენტოს სახელით მხოლოდ მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისა