1. დასაქმებული მონაწილე, რომელსაც დროებით შეუჩერდება ხელფასის სახით თანხის მიღება, დროებით შეაჩერებს საპენსიო სქემაში შენატანების განხორციელებას. მონაწილე განაახლებს შენატანების განხორციელებას ხელფასის სახით თანხის მიღების აღდგენისთანავე. თუ მონაწილე შეწყვეტს შენატანის განხორციელებას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ან ისეთი მიზეზით, როგორიცაა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ან დროებითი ან მუდმივი შრომისუუნარობა, საპენსიო აქტივები რჩება მის ინდივიდუალურ ანგარიშზე ამ კანონის შესაბამისად.
2. თვითდასაქმებულ მონაწილეს, რომელიც შეაჩერებს საპენსიო შენატანების განხორციელებას, შეუძლია ნებისმიერ დროს განაახლოს შენატანების განხორციელება.
3. მონაწილეს, რომელიც გადაწყვეტს საქართველოს დატოვებას მუდმივად, შეუძლია მოითხოვოს საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე დაგროვილი საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების მიღება ერთიანი მოცულობით გადახდის მოთხოვნით ან პროგრამული გადახდით. მოთხოვნა დაკმაყოფილდება იმ პირობით, რომ მონაწილე წარმოადგენს სხვა ქვეყანაში კანონიერი მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სათანადოდ დამოწმებულ დოკუმენტს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან მისაღებ თანხას ჩამოეჭრება მის სასარგებლოდ განხორციელებული სახელმწიფო შენატანის პროპორციული საპენსიო აქტივების ღირებულება, ხოლო დარჩენილი მისაღები თანხის მოცულობა დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.