1. საპენსიო სააგენტო ვალდებულია შეარჩიოს სპეციალიზებული დეპოზიტარი, რომელსაც დააკისრებს საპენსიო სააგენტოს ან/და აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ის საინვესტიციო მართვის ქვეშ მყოფი საპენსიო აქტივების შენახვის ვალდებულებას და აღნიშნულის თაობაზე გააფორმოს მასთან დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულება. სპეციალიზებული დეპოზიტარი და მის მიერ დასაქმებული პირები, რომელთაც გააჩნიათ დისკრეციული უფლებამოსილება საპენსიო აქტივებთან მიმართებით, ამ კანონის მიზნებისთვის წარმოადგენენ ნდობითი ვალდებულების მქონე პირებს.

2. საინვესტიციო საბჭო კონკურსის წესით შეარჩევს სპეციალიზებულ დეპოზიტარს. კონკურსის ჩატარების პირობებს და პროცედურას, მათ შორის სპეციალიზებული დეპოზიტარის წინასწარი შერჩევის მოთხოვნებს შეიმუშავებს და ამტკიცებს საინვესტიციო საბჭო. აღნიშნული შერჩევის პროცესზე არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა.

3. სპეციალიზებული დეპოზიტარი შეიძლება მომსახურებას უწევდეს ერთზე მეტ პირს, მაგრამ უნდა ჰქონდეს აღრიცხული და შენახული საპენსიო სააგენტოს საპენსიო აქტივები, დაკავშირებული ოპერაციები და ჩანაწერები მკაცრად გამოცალკევებული ფორმით ნებისმიერი სხვა პირის ან/და საკუთარი აქტივებისგან და ჩანაწერებისგან.

4. საქართველოში რეგისტრირებული სპეციალიზებული დეპოზიტარი, რომელიც მომსახურებას უწევს საპენსიო სააგენტოს, უნდა იყოს ლიცენზირებული და აკმაყოფილებდეს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს. საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული დეპოზიტარული მომსახურების გამწევი პირი ლიცენზირებული უნდა იყოს სხვა ქვეყნის შესაბამისი მარეგულირებლის მიერ და აღიარებული ეროვნული ბანკის მიერ. ასეთი სპეციალიზებული დეპოზიტარი უნდა იყოს მოქმედი და მის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება. ის უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებს.

5. საპენსიო სააგენტოს სპეციალიზებული დეპოზიტარი ამავე დროს:

ა) არ უნდა მოქმედებდეს როგორც საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველი კომპანია;

ბ) არ უნდა იყოს საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველი კომპანიის ან საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო ან საინვესტიციო საბჭოს რომელიმე წევრთან აფილირებული პირი;

გ) არ უნდა ასესხებდეს ან სესხულობდეს თანხებს საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველი კომპანიისგან ან მასთან აფილირებული პირისგან.

6. სპეციალიზებული დეპოზიტარი ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) იღებს და ინახავს ფასიან ქაღალდებს, რომლებიც შეადგენენ საპენსიო აქტივებს;

ბ) იღებს და ინახავს ანგარიშსწორების დოკუმენტების ასლებს გადარიცხვების და ფულადი სახსრების გაცემის თაობაზე, რაც შეადგენს საპენსიო აქტივებს;

გ) ახორციელებს ჩანაწერებს სპეციალიზებულ დეპოზიტართან დეპონირებული საპენსიო აქტივების რეესტრის შესაბამის ანგარიშებში;

დ) უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოს ყველა საჭირო ინფორმაციით, რათა დაეხმაროს მას ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაში;

ე) უზრუნველყოფს, რომ საპენსიო აქტივების შეძენის და განკარგვის დოკუმენტები შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და საპენსიო სააგენტოს მიერ დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

7. სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულება საპენსიო სააგენტოსა და სპეციალიზებულ დეპოზიტარს შორის უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ საკითხებს:

ა) სპეციალიზებული დეპოზიტარის კონკრეტულ ვალდებულებებს;

ბ) მათი შესრულების ვადებს და ფორმას;

გ) სპეციალიზებული დეპოზიტარის ანაზღაურების მოცულობას და გამოთვლის წესს;

დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს.

8. სპეციალიზებული დეპოზიტარის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში, ან დეპოზიტარული ხელშეკრულების ნებისმიერი არსებითი დარღვევის ან არასათანადო შესრულების შემთხვევაში, ან თუ დაიწყო სპეციალიზებული დეპოზიტარის გადახდისუუნარობის საქმისწარმოება, საპენსიო სააგენტო გაუგზავნის სპეციალიზებულ დეპოზიტარს შეტყობინებას ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და დაუყოვნებლივ აცნობებს აღნიშნულის შესახებ ეროვნულ ბანკს და საინვესტიციო საბჭოს.

9. სპეციალიზებული დეპოზიტარის თითოეული ცვლილება განხორციელდება ისეთი ფორმით, რომელიც უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოსთვის სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების უწყვეტ მიწოდებას.

10. სპეციალიზებულ დეპოზიტართან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში სპეციალიზებული დეპოზიტარი გადასცემს მასთან განთავსებულ საპენსიო აქტივებს და ყველა დოკუმენტს, რომელიც უკავშირდება მის მიერ მოვალეობების შესრულებას ახალ სპეციალიზებულ დეპოზიტარს ხელშეკრულებით ან მხარეთა შორის დამატებით შეთანხმებულ ვადებში.

11. ამ მუხლის შესაბამისად, სპეციალიზებულ დეპოზიტართან დეპონირებული საპენსიო აქტივები არ წარმოადგენს სპეციალიზებული დეპოზიტარის საკუთრებას, არ შეიძლება მიექცეს სპეციალიზებული დეპოზიტარის ვალდებულებების აღსრულების მიზნებისთვის, არ წარმოადგენს სპეციალიზებული დეპოზიტარის აქტივების ნაწილს, რომელზეც შეიძლება გავრცელდეს გაკოტრების პროცედურები და არ დაექვემდებარება რაიმე ანგარიშსწორების პროცესს, გარდა იმისა, რაც უკავშირდება საპენსიო აქტივების ინვესტირების პროცესს.

12. თუ საინვესტიციო საბჭო დაადგენს, რომ არ არის მიზანშეწონილი საპენსიო აქტივები საქართველოში განთავსდეს ერთ სპეციალიზებულ დეპოზიტართან, შესაძლოა დაინიშნოს მეორე სპეციალიზებული დეპოზიტარი საქართველოში საპენსიო აქტივების განსათავსებლად. ასეთ შემთხვევაში სპეციალიზებული დეპოზიტარი შეირჩევა და მასთან ხელშეკრულება გაფორმდება ამ მუხლით დადგენილი წესი