1. საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საპენსიო აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ისათვის სამართავად გადაცემასთან დაკავშირებით, რა შემთხვევაშიც აქტივების მმართველთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.

2. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია მართოს საპენსიო აქტივები საპენსიო აქტივების მართვის ხელშეკრულებისა და საინვესტიციო საბჭოს მიერ დამტკიცებული დეტალური საინვესტიციო სახელმძღვანელოს შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე. აქტივების მმართველი და მისი დასაქმებული პირები, რომელთაც გააჩნიათ დისკრეცია საპენსიო აქტივებთან მიმართებით, წარმოადგენენ ნდობითი ვალდებულების მქონე პირებს ამ კანონის შესაბამისად.

3. თუ საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველი საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია, ის უნდა ფლობდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ ლიცენზიას. ასეთი აქტივების მმართველი კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად უნდა საქმიანობდეს და მის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება ან ლიცენზიის შეჩერების ან გაუქმების პროცედურები;

ბ) არ უნდა იყოს აფილირებული პირი საპენსიო სააგენტოს მიერ შერჩეულ სპეციალიზებულ დეპოზიტართან ან საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო ან საინვესტიციო საბჭოს ნებისმიერ წევრთან;

გ) არ უნდა სესხულობდეს ან არ უნდა ასესხებდეს თანხას სპეციალიზებული დეპოზიტარისგან ან მასთან აფილირებული პირისგან;

4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს მინიმალური დასაშვები რეიტინგი ან/და დამატებითი მოთხოვნები საქართველოში რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ისათვის.

5. საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც საქართველოს გარეთ არის რეგისტრირებული, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ლიცენზირებულია იმ ქვეყნის შესაბამისი მარეგულირებლის მიერ, სადაც არის რეგისტრირებული. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს მინიმალურ დასაშვებ საკრედიტო რეიტინგს საქართველოს გარეთ რეგისტრირებული აქტივების მართვის კომპანიისათვის;

ბ) უწყვეტად საქმიანობს უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში და მის წინააღმდეგ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება ან ლიცენზიის შეჩერების ან გაუქმების პროცედურები;

გ) არ არის აფილირებული საპენსიო სააგენტოს მიერ შერჩეულ სპეციალიზებულ დეპოზიტართან ან საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო ან საინვესტიციო საბჭოს ნებისმიერ წევრთან;

დ) არ ასესხებს, ან არ სესხულობს თანხას სპეციალიზებული დეპოზიტარისგან ან მასთან აფილირებული პირისგან.

6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს დამატებითი მოთხოვნები საქართველოს გარეთ რეგისტრირებული აქტივების მართვის კომპანიისათვის.

7. საინვესტიციო საბჭო გამჭვირვალე პროცედურის გამოყენებით შეარჩევს აქტივების მმართველ ერთ ან მეტ კომპანიას. საინვესტიციო საბჭო ადგენს აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის წესს და კრიტერიუმებს.

8. ამ მუხლის შესაბამისად აქტივების მმართველ კომპანიასთან განთავსებული საპენსიო აქტივები არ წარმოადგენს აქტივების მმართველი კომპანიის საკუთრებას, არ შეიძლება მიექცეს აღსასრულებლად აქტივების მმართველი კომპანიის ვალდებულებების შესრულების მიზნით, არ წარმოადგენს აქტივების მმართველი კომპანიის აქტივების ნაწილს, რომელზეც შეიძლება გავრცელდეს გადახდისუუნარობის პროცედურები და არ დაექვემდებარება რაიმე ანგარიშსწორების პროცეს