1. მონაწილე, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ უფლებამოსილია, მიიღოს საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე არსებული საპენსიო აქტივის ღირებულების შესაბამისი მოცულობის თანხა მთლიანი თანხის ერთჯერადი ან პროგრამული გადახდის ფორმით.
2. მონაწილე ასევე უფლებამოსილია, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მიმართოს საპენსიო სააგენტოს და მოსთხოვოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე არსებული საპენსიო აქტივების გადატანა მონაწილის მიერ არჩეული სადაზღვევო კომპანიის მიერ დაფუძნებულ კერძო დაგროვებით საპენსიო სქემაში ამავე მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე.
3. საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია, შეიმუშაოს და უზრუნველყოს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე არსებული საპენსიო აქტივის მონაწილისათვის პენსიად გაცემის სხვა ფორმაც.
4. მონაწილე უფლებამოსილია, მიიღოს საპენსიო აქტივების ღირებულების მთლიანი მოცულობა საკუთარი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან, თუ მან საპენსიო ასაკს მიაღწია არაუმეტეს ხუთი (5) წლის ფარგლებში საპენსიო შენატანების განხორციელების დაწყების თარიღიდან.
5. საპენსიო სააგენტო ადგენს საპენსიო აქტივის ღირებულების მინიმალურ ზღვარს, რომლის ფარგლებშიც მონაწილე უფლებამოსილია, მიიღოს პენსია მთლიანი თანხის ერთჯერადი გაცემით.
6. მონაწილე მიიღებს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე დარიცხული თანხის მთლიან მოცულობას მას შემდეგ, რაც ამ მუხლში განსაზღვრული წესების დაცვით შეატყობინებს საპენსიო სააგენტოს საპენსიო აქტივების მიღების სურვილის თაობაზე.
7. სამეთვალყურეო საბჭო ამტკიცებს პროგრამულ პერიოდულობას საპენსიო აქტივის გაცემისთვის იმ მონაწილეებისთვის, რომლებმაც არ მოახდინეს საპენსიო აქტივების გატანა ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
8. პროგრამულად გასაცემი თანხის ოდენობა გამოითვლება ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისათვის რიცხული საპენსიო აქტივების ღირებულების მონაწილის სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფით, რომელიც ეყრდნობა სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ უზრუნველყოფილ მონაცემებს მოსახლეობის ასაკობრივი განაწილების და სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შესახებ.
9. პროგრამულად გასაცემი თანხის ოდენობა გადაანგარიშდება ყოველწლიურად ყოველი მონაწილისთვის ასაკის შეცვლის თვეში. დაუშვებელია გადახდების პროგრამა განსხვავდებოდეს ჯანმრთელობის, რასის, რელიგიის, სქესის, ეროვნების ან ნებისმიერი სხვა მსგავსი დისკრიმინაციული ნიშნის საფუძველზე.
10. საპენსიო სააგენტო წერილობით შეატყობინებს მონაწილეს მისი საპენსიო ასაკის მოახლოების შესახებ ამ ასაკის დადგომამდე ექვსი (6) თვით ადრე და უზრუნველყოფს მას წვდომით სტანდარტული განაცხადის ფორმებზე.
11. მონაწილე, რომელიც გადაწყვეტს პენსიაზე გასვლას საპენსიო ასაკის მიღწევისას, ვალდებულია წერილობით შეატყობინოს საპენსიო სააგენტოს საპენსიო ასაკის მიღწევისას პენსიაზე გასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე და მოითხოვოს პენსიის გადახდის დაწყება საპენსიო ასაკიდან საპენსიო ასაკის მიღწევამდე არანაკლებ ოცდაათი (30) დღით ადრე.
12. მონაწილის საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ დამსაქმებელი და სახელმწიფო შეწყვეტენ საპენსიო შენატანების განხორციელებას.
13. მონაწილე უფლებამოსილია, გადადოს პენსიაზე გასვლის თარიღი საპენსიო ასაკს მიღმა და დაიწყოს პენსიის მიღება ნებისმიერ დროს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, მონაწილემ წერილობით უნდა შეატყობინოს საპენსიო სააგენტოს პენსიაზე გასვლის თარიღი არანაკლებ ასეთ თარიღამდე ოცდაათი (30) დღით ადრე.
14. თუ მონაწილე მიიღებს გადაწყვეტილებას, გავიდეს პენსიაზე საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, მას შეუძლია განცხადების საფუძველზე შეწყვიტოს საპენსიო შენატანების განხორციელება საკუთარი ხელფასიდან. არ შეიძლება მონაწილემ გააგრძელოს საპენსიო შენატანების განხორციელება პენსიის მიღების დაწყების შემდეგ.
15. საპენსიო სააგენტო დაიწყებს პენსიის გადახდას მონაწილის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან არაუგვიანეს ოცდაათ (30) დღეში პენსიაზე გასვლის თარიღის შესახებ შეტყობინების მიღებიდან.
16. საპენსიო სააგენტო პერიოდულად ახორციელებს მონაცემთა შედარებასა და გადამოწმებას და გამოვლენილი შეუსაბამობის შემთხვევაში ახდენს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული აქტივების შესაბამის კორექტირებას. საპენსიო სააგენტომ შეიძლება მოითხოვოს მონაწილისთვის ნებისმიერი შეცდომით გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.
17. თუ დაგროვებითი სქემის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ირიცხება საპენსიო აქტივები, რომლებიც მონაწილეს პენსიის სახით სრულად არ მიუღია, დარჩენილი გადახდები განხორციელდება მისი მემკვიდრის მიმართ ამ კანონის და შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად.
18. საპენსიო სააგენტო განსაზღვრავს ისეთ მონაწილეთა და მათ მემკვიდრეთა წარმომადგენლების დადგენის და აღრიცხვის წესს და ფორმას, რომელთაც კანონმდებლობის შესაბამისად ესაჭიროებათ წარმომადგენლები ან/და მეურვეებ