1. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც საჭიროებს კონტრასიგნაციას, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა გადაეცემა პრემიერ-მინისტრს. სამართლებრივი აქტის მთავრობის ადმინისტრაციაში მატერიალური ფორმით თანდართულ მასალასთან ერთად წარდგენას უზრუნველყოფს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.

2. მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის განხილვამდე მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს მის შესწავლას სამართლებრივი თვალსაზრისით.

3. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი წინასწარი გაცნობის მიზნით გადაეგზავნოთ მთავრობის წევრებს „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.

4. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში მთავრობის წევრის მიერ დაფიქსირებული შენიშვნა ან უარყოფითი პოზიცია არ აბრკოლებს სამართლებრივი აქტის განხილვას მთავრობის სხდომაზე.

5. პრემიერ-მინისტრს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით კონტრასიგნაციისათვის გადმოცემული პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 10 დღის ვადაში გააქვს მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე განსახილველად.

6. თუ მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე ამ რეგლამენტის IV ან V თავით დადგენილი წესით მთავრობა მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრემიერ-მინისტრი მას ხელს აწერს, რითაც კონტრასიგნაცია დასრულებულად ჩაითვლება.

7. კონტრასიგნებული სამართლებრივი აქტი პრემიერ-მინისტრის მიერ გადაეცემა პრეზიდენტს.

8. თუ მთავრობა არ მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, რომელიც პრემიერ-მინისტრს გადაეცა კონტრასიგნაციისათვის, მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, მთავრობის სხდომაზე გამოთქმული საკუთარი უწყების შენიშვნები წერილობითი ფორმით გაუგზავნონ მთავრობის საპარლამენტო მდივანს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა.

9. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს უწყებათა პოზიციების შეჯერებასა და მთავრობის სახელით ამზადებს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის კონტრასიგნაციაზე უარის მოტივირებულ შენიშვნებს.

10. მთავრობის მოტივირებულ შენიშვნებს, პრეზიდენტის სამართლებრივ აქტთან ერთად, პრემიერ-მინისტრი გადასცემს პრეზიდენტს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან 10 დღის ვადაში.

11. პრეზიდენტს შეუძლია მომდევნო 10 დღის ვადაში მთავრობის შენიშვნების შესაბამისად ცვლილება შეიტანოს თავის სამართლებრივ აქტში და ამ სახით ხელახლა გადასცეს იგი პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის, რის შემდეგაც მეორდება კონტრასიგნაციისთვის ამ მუხლით დადგენილი პროცედურა.

12. თუ მთავრობა კვლავ არ მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრეზიდენტს აღარ შეუძლია გადასცეს პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის იმავე შინაარსის სამართლებრივი აქტი მისი განმეორებით უარყოფიდან 6 თვის ვადაშ