1. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა, საანგარიშო დღის მომდევნო დღის 14:00 საათამდე დაუდასტურებელ გაზომვის შედეგებზე დაყრდნობით თითოეულ სისტემით მოსარგებლეს უნდა გაუგზავნოს საანგარიშო დღის პირობითი მიკუთვნების შედეგები.
2. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია ყოველი თვის მე-5 (მეხუთე) სამუშაო დღის 16:00 საათამდე, თითოეულ სისტემით მოსარგებლეს გაუგზავნოს წინა თვის თითოეული დღის პირველადი მიკუთვნების შედეგები. პირველადი მიკუთვნების მიზნებისათვის ტრანსპორტირების ლიცენზიატი იყენებს ამ წესების XIII თავის შესაბამისად დადასტურებულ გაზომვის შედეგებს.
3. სისტემით მოსარგებლე უფლებამოსილია ყოველი თვის მე-7 (მეშვიდე) სამუშაო დღის ჩათვლით, ტრანსპორტირების ლიცენზიატს წარუდგინოს დასაბუთებული პრეტენზია წინა თვის ნებისმიერი დღის პირველად მიკუთვნებასთან დაკავშირებით.
4. სისტემით მოსარგებლეები შეიძლება შეთანხმდნენ წინა თვის ნებისმიერი დღის პირველადი მიკუთვნებისგან განსხვავებულ მიკუთვნებაზე. ეს შეთანხმება უნდა იყოს წერილობითი ფორმით დადებული და უნდა მიეწოდოს ტრანსპორტირების ლიცენზიატს ყოველი თვის მე-9 (მეცხრე) სამუშაო დღის ჩათვლით. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია გაითვალისწინოს აღნიშნული შეთანხმება, თუ:
ა) უცვლელია ჯამურად მიკუთვნებული ბუნებრივი გაზის ოდენობა კონკრეტული მიღების ან/და მიწოდების პუნქტისათვის;
ბ) შეთავაზებული მიკუთვნება არ არის დისკრიმინაციული სხვა სისტემით მოსარგებლეებისათვის და არ ახდენს უარყოფით გავლენას ტრანსპორტირების სისტემის მუშაობაზე.
5. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია მოახდინოს საბოლოო მიკუთვნება, პირველადი მიკუთვნების, პირველად მიკუთვნებაზე სისტემით მოსარგებლეების პრეტენზიებისა და სისტემით მოსარგებლეებს შორის შეთანხმებების გათვალისწინებით.
6. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა სისტემით მოსარგებლეებს ყოველი თვის მე-10 (მეათე) სამუშაო დღეს უნდა გაუგზავნოს წინა თვის თითოეული დღის საბოლოო მიკუთვნების შედეგები.
7. ბუნებრივი გაზის ოდენობა, რომელიც მიკუთვნების შესაბამისად სისტემით მოსარგებლემ მიიღო ყველა მიღების პუნქტში ჯამურად, წარმოადგენს მის დღიურ მიღებას, ხოლო ბუნებრივი გაზის ოდენობა, რომელიც სისტემით მოსარგებლისთვის გაიცა ყველა მიწოდების პუნქტიდან, წარმოადგენს მისთვის დღიურ გაცემას.
8. სისტემით მოსარგებლისთვის დღიური გაცემა (შესაბამისი ოდენობა) წარმოადგენს მისთვის ბუნებრივი გაზის დღიურად ტრანსპორტირებულ ოდენობას.
9. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შეტყობინებები სისტემით მოსარგებლეს უნდა გაეგზავნოს იმ მიღებისა და მიწოდების პუნქტების მიხედვით, რომლებიც შეტანილია ტრანსპორტირების ლიცენზიატსა და სისტემით მოსარგებლეს შორის გაფორმებულ გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებაში. ამასთან, აღნიშნული შეტყობინებები სისტემით მოსარგებლეს უნდა გაეგზავნოს ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში გამოქვეყნებული სტანდარტული ფორმების მიხედვით და სულ მცირე უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სისტემით მოსარგებლის მიერ თითოეული მიღებისა და მიწოდების პუნქტისთვის ბუნებრივი გაზის დადასტურებულ ნომინაციას;
ბ) თითოეულ მიღებისა და მიწოდების პუნქტში გაზომილი ბუნებრივი გაზის ოდენობას;
გ) თითოეული მიღებისა და მიწოდების პუნქტისათვის ყველა სისტემით მოსარგებლის დადასტურებულ ნომინაციათა ჯამს;
დ) ბუნებრივი გაზის ოდენობას, რომელიც თითოეულ მიღების და მიწოდების პუნქტში მიკუთვნებულია სისტემით მოსარგებლისათვის;
ე) სისტემით მოსარგებლის დადასტურებულ ნომინაციასა და მასზე მიკუთვნებულ ბუნებრივი გაზის ოდენობებს შორის სხვაობას;
ვ) სისტემით მოსარგებლისთვის ყველა მიღების პუნქტში მიკუთვნებული ბუნებრივი გაზის ჯამურ ოდენობას (დღიური მიღება);
ზ) სისტემით მოსარგებლისთვის ყველა მიწოდების პუნქტში მიკუთვნებული ბუნებრივი გაზის ჯამურ ოდენობას (დღიური გაცემა);
თ) სისტემით მოსარგებლის დღიურ უბალანსობას (პირობით ან საბოლოო);
ი) ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ ამ წესების X თავის შესაბამისად განხორციელებული დამაბალანსებელი ქმედებების შესახებ დასაბუთებულ ინფორმაციას.
თავი X
დაბალანსე