1. თუ სუბიექტი წარადგენს აუდიტირებულ ანგარიშგებას, ხოლო ჯგუფის შემთხვევაში, აუდიტირებულ ინდივიდუალურ ან/და კონსოლიდირებულ ანგარიშგებას და ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაამატა აუდიტორი, მის მიერ გადასაგზავნ ღილაკზე დაჭერით აუდიტორს ელექტრონული ფოსტის მისამართზე ავტომატურად ეგზავნება შეტყობინება და ბმული. ვებგვერდზე მიეთითება ამ პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების აუდიტორისთვის გადაგზავნის თარიღი.

2. აუდიტორი ვალდებულია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიღებულ ბმულზე გადასვლით გაიაროს ერთჯერადი ავტორიზაცია ანგარიშგების პორტალზე პირადი ნომრისა და პაროლის მითითებით. ერთჯერადი ავტორიზაციის გავლის შემდეგ აუდიტორი უფლებამოსილია, მართოს ანგარიშგების ვებგვერდზე თავისი გვერდი ერთი ან ერთზე მეტი სუბიექტისთვის.

3. აუდიტორი ვალდებულია სუბიექტის მიერ ანგარიშგების აუდიტორისთვის გადაგზავნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაადასტუროს ან ხარვეზი დაუდგინოს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სუბიექტის მიერ ამ წესის მე-14 მუხლის შესაბამისად შევსებული ციფრული ფორმები ან/და კონსოლიდირებული ციფრული ფორმები არსებითად შეესაბამება სუბიექტის მიერ აუდიტორისათვის მიწოდებულ სამუშაო დოკუმენტაციასა და აუდიტორის მიერ ხელმოწერილი აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების ან/და კონსოლიდირებულ ფინანსური ანგარიშგების შესაბამის ფორმებს;

ბ) სუბიექტის მიერ ამ წესის მე-15 მუხლის შესაბამისად ატვირთული, ხელმოწერილი აუდიტირებული ანგარიშგებები ან/და აუდიტირებული კონსოლიდირებული ანგარიშგებები შეესაბამება აუდიტორის მიერ ხელმოწერილ ანგარიშგებებს ან/და კონსოლიდირებულ ანგარიშგებებს.

4. აუდიტორი მიუთითებს ანგარიშგებების ან/და კონსოლიდირებული ანგარიშგებების აუდიტორული დასკვნის თარიღს.

5. თუ აუდიტორი ხარვეზს დაუდგენს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას, იგი ვალდებულია შესაბამის ველში აღწეროს შეუსაბამობის არსი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აისახება ვებგვერდზე და სუბიექტს გაეგზავნება შეტყობინება ელექტრონულ ფოსტის მისამართზე.

6. აუდიტორის მიერ შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, სუბიექტი ვალდებულია აღმოფხვრას დადგენილი შეუსაბამობა. ამ შემთხვევაში აუდიტორს თავიდან ეგზავნება ელექტრონული ფოსტით შეტყობინება სუბიექტის მიერ ანგარიშგების აუდიტორისთვის გადაგზავნის თაობაზე. აუდიტორი ვალდებულია დაადასტუროს ან ხარვეზი დაუდგინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას ამავე პუნქტით დადგენილი წესითა და ვადაში. ვებგვერდზე მიეთითება ამ პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების აუდიტორისთვის ხელახლა გადაგზავნის თარიღი.

7. აუდიტორი ვალდებულია მიუთითოს მის მიერ ხელმოწერილი ფინანსური ანგარიშგების ან/და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტორულ დასკვნაში გამოთქმული შემდეგი მოსაზრებებიდან ერთ-ერთი:

ა) არამოდიფიცირებული მოსაზრება;

ბ) პირობითი მოსაზრება;

გ) უარყოფითი მოსაზრება;

დ) მოსაზრების გამოთქმაზე უარი;

ე) არამოდიფიცირებული მოსაზრება მნიშვნელოვან გარემოებათა ამსახველი აბზაცით;

ვ) არამოდიფიცირებული მოსაზრება სხვა გარემოებათა ამსახველი აბზაცით.

8. აუდიტორის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში ანგარიშგებები იგზავნება სამსახურში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აისახება ვებგვერდზე და სუბიექტს გაეგზავნება შეტყობინება ელექტრონული ფოსტის მისამართზ