1. სუბიექტი, გარდა მეოთხე კატეგორიის საწარმოსი, ვალდებულია ანგარიშგების ატვირთვის ჩანართში ატვირთოს მისთვის კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება, მმართველობის ანგარიშგება და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა სრულად, ერთ დოკუმენტში, ხოლო ჯგუფის არსებობის შემთხვევაში, ასევე, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, კონსოლიდირებული მმართველობის ანგარიშგება და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა სრულად, ერთ დოკუმენტში.
2. თუ სუბიექტი წარმოადგენს მესამე კატეგორიის საწარმოს, რომელიც არ არის სდპ ან კანონმდებლობით არ ევალება აუდიტის ჩატარება ან რომლის საქმიანობის მარეგულირებელი შესაბამისი ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს/სუბიექტი ნებაყოფლობით არ ირჩევს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) გამოყენებას, იგი უფლებამოსილია ატვირთოს მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) შესაბამისად მომზადებული ანგარიშგების შემოკლებული ვერსია, რომელიც, სულ მცირე, მოიცავს ფინანსური მდგომარეობის, საქმიანობის შედეგების ანგარიშგებებს და განმარტებითი შენიშვნებს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ანაგრიშგებებზე ხელმოწერის შესრულება/შტამპის დასმა ხორციელდება ელექტრონულად „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. სუბიექტი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ანგარიშგებებზე შეასრულოს პირადი ხელმოწერა.
5. სუბიექტმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგებები უნდა ატვირთოს „pdf” ფორმატში, რომელშიც შესაძლებელია ტექსტის ძიება, მონიშვნა და კოპირება, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ის გვერდები, რომლებზეც მოცემულია პირადი ხელმოწერები, დამატებით, ამავე დოკუმენტში წარმოდგენილი უნდა იყოს ამავე დოკუმენტში, შესაბამის ხელმოუწერელ გვერდებამდე ან გვერდების შემდგომ, დასკანერებულ „pdf” ფორმატში.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ანგარიშგებები სუბიექტმა უნდა წარადგინოს ქართულ ენაზე. თუ წარსადგენი ანგარიშგებები/აუდიტირებული ანგარიშგებები შედგენილია უცხო ენაზე, სუბიექტმა უნდა ატვირთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი და უცხო ენაზე შედგენილი ანგარიშგება.
7. სუბიექტი უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებულ ანგარიშგებებთან ერთად წარადგინოს სანოტარო წესით დამოწმებული ანგარიშგებების უცხო ენაზე/ენებზე თარგმანი.
8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი სუბიექტმა უნდა ატვირთოს დასკანერებულ „pdf” ფორმატში და ასევე, ამავე დოკუმენტში იდენტური თარგმანი წარმოადგინოს „pdf” ფორმატში, რომელშიც შესაძლებელია ტექსტის ძიება, მონიშვნა და კოპირება.
9. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის მაქსიმალური დასაშვები მოცულობა არის 50 მეგაბაიტ