1. კრედიტორთა კრებას თავმჯდომარეობს რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი.
2. კრედიტორთა კრებამ უნდა გადაწყვიტოს, დაამტკიცებს თუ არა შეთავაზებულ რეგულირებულ შეთანხმებას:
ა) კრედიტორების მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით;
ბ) მოვალის მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით;
გ) კრედიტორებისა და მოვალის მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით;
დ) ცვლილებების გარეშე.
3. ცვლილება არ შეიძლება შეიცავდეს რაიმე ისეთ პირობას, რომლითაც რეგულირებული შეთანხმება კარგავს ამ კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრულ არსს.
4. კრედიტორთა მიერ ცვლილების შეთავაზება უნდა განხორციელდეს რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის მიერ მოსაწვევში მითითებული წესის მიხედვით, ხოლო მოვალის მიერ ინიცირებული ცვლილება რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს უნდა მიეწოდოს კრების ჩატარებამდე არაუგვიანეს 7 დღისა.
5. კრედიტორთა კრებაზე ხმის უფლება განისაზღვრება ამ კანონის 82-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.
6. რეგულირებული შეთანხმების ან მისი ცვლილების დამტკიცებისათვის აუცილებელია ხმის უფლების მქონე იმ დამსწრე კრედიტორთა არანაკლებ 75%-ის მხარდაჭერა, რომლებიც არ არიან მოვალესთან დაკავშირებული პირები.
7. დაუშვებელია კრედიტორთა კრების მიერ ისეთი რეგულირებული შეთანხმების ან მასში ისეთი ცვლილების დამტკიცება:
ა) რომელიც გავლენას ახდენს უზრუნველყოფილი კრედიტორის უფლებაზე, აღასრულოს უზრუნველყოფა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავად უზრუნველყოფილი კრედიტორი დაეთანხმება ასეთ შეთანხმებას/ცვლილებას;
ბ) რომლის მიხედვითაც, მოვალის არაუზრუნველყოფილი კრედიტორი კმაყოფილდება პრეფერენციულ კრედიტორზე პრიორიტეტულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პრეფერენციული კრედიტორი დაეთანხმება ასეთ შეთანხმებას/ცვლილებას;
გ) რომლის მიხედვითაც, პრეფერენციული კრედიტორი სხვა პრეფერენციულ კრედიტორ(ებ)თან შედარებით კმაყოფილდება პროპორციულობის პრინციპის დარღვევით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი კრედიტორი დაეთანხმება ასეთ შეთანხმებას/ცვლილებას.
8. კრედიტორთა კრების დასრულების შემდეგ, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი სასამართლოს წარუდგენს ანგარიშს კრების გადაწყვეტილების შესახებ, კრების ოქმის ასლთან ერთა