წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეთანხმება სხვაგვარად ითვალისწინებს, ტერმინი:

1) „შეთანხმებული მიმოსვლა“ და „დადგენილი მარშრუტები“ ნიშნავს საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვას წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლისა („უფლებების მინიჭება“) და I დანართის შესაბამისად;

2) „შეთანხმება“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმებას, მის დანართებს და მათში შეტანილ ნებისმიერ ცვლილებას;

3) „საჰაერო გადაზიდვა“ ნიშნავს საჰაერო ხომალდების საშუალებით მგზავრების, ბარგის, ტვირთის და ფოსტის ცალ-ცალკე ან ერთობლივად ტრანსპორტირებას, ფულადი ან სხვა სახის ანაზღაურებით, რაც, ბუნდოვანების თავიდან ასაცილებლად, მოიცავს რეგულარულ და არარეგულარულ (ჩარტერულ) ავიარეისებს, და სატვირთო გადაზიდვების სრულ პაკეტს;

4) „კომპეტენტური ორგანოები“ ნიშნავს ხელისუფლების ორგანოებს ან ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ ადმინისტრაციულ ფუნქციებს წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად;

5) „შესაფერისობა“ ნიშნავს, შესწევს თუ არა ავიაგადამზიდველ კომპანიას უნარი განახორციელოს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა, ანუ გააჩნია თუ არა მას სათანადო ფინანსური რესურსები, ადეკვატური მენეჯერული გამოცდილება და ნება შეასრულოს ის კანონები, წესები და მოთხოვნები, რომლებიც არეგულირებს ამგვარი მომსახურებების განხორციელებას;

6) „მოქალაქეობა“ ნიშნავს, აკმაყოფილებს თუ არა ავიაგადამზიდველი კომპანია მოთხოვნებს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა საკუთრება, ეფექტური კონტროლი და კომერციული საქმიანობის ძირითადი ადგილი;

7) „კონვენცია“ ნიშნავს კონვენციას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ, რომელიც ხელმოსაწერად გაიხსნა ჩიკაგოში, 1944 წლის 7 დეკემბერს, და მოიცავს შემდეგს:

a. მის ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც ძალაში შევიდა კონვენციის 94(a) მუხლის შესაბამისად და მისი რატიფიცირება განხორციელდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ან წევრი სახელმწიფოებისა და საქართველოს მიერ, და

b. მის ნებისმიერ დანართს ან მასში შეტანილ ნებისმიერ ცვლილებას, მიღებულს კონვენციის 90-ე მუხლის შესაბამისად, თუ ეს დანართი ან ცვლილება მოცემულ მომენტში ძალაშია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ან წევრი სახელმწიფოებისა და საქართველოსათვის და იგი შეეხება განსახილველ საკითხს;

8) „მეხუთე თავისუფლების უფლება“ ნიშნავს უფლებას, ან პრივილეგიას, რომელსაც ერთი სახელმწიფო („მიმნიჭებელი სახელმწიფო“) ანიჭებს სხვა სახელმწიფოს („მიმღები სახელმწიფო“) ავიაგადამზიდველ კომპანიებს საერთაშორისო საჰაერო სატრანსპორტო მომსახურების განხორციელების მიზნით მიმნიჭებელი სახელმწიფოს ტერიტორიასა და მესამე სახელმწიფოს ტერიტორიას შორის იმ პირობით, რომ ამგვარი მიმოსვლა იწყება, ან მთავრდება მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე;

9) „მთლიანი ხარჯები“ ნიშნავს მომსახურების გაწევის ხარჯს დამატებული ადმინისტრაციული ზედნადები ხარჯები და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი შესაბამისი ანაკრეფი ეკოლოგიური ხარჯების ანაზღაურების მიზნით, რომლებიც წესდება მოქალაქეობის მიუხედავად;

10) „საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვა“ ნიშნავს საჰაერო ტრანსპორტირებას, რომელიც გულისხმობს ერთზე მეტი სახელმწიფოს ტერიტორიის ზემოთ არსებული საჰაერო სივრცის გადაკვეთას;

11) „ECAA შეთანხმება“ ნიშნავს ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცის დამფუძნებელ მრავალმხრივ შეთანხმებას ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, ალბანეთის რესპუბლიკას, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ხორვატიის რესპუბლიკას, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიას, ისლანდიის რესპუბლიკას, მონტენეგროს რესპუბლიკას, ნორვეგიის სამეფოს, სერბიის რესპუბლიკას და კოსოვოში გაეროს დროებით ადმინისტრაციის მისიას1 შორის;

12) „Euromed ქვეყანა“ ნიშნავს ნებისმიერ ხმელთაშუაზღვის აუზის ქვეყანას, რომელიც მონაწილეობს ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში (რომლებიც შეთანხმების ხელმოწერის დროისათვის არიან: მაროკო, ალჟირი, ტუნისი, ლიბია, ეგვიპტე, ლიბანი, იორდანია, ისრაელი, პალესტინის ტერიტორია, სირია და თურქეთი);

13) „მოქალაქე“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს საქართველოს მოქალაქეობა საქართველოს მხარისთვის, ან წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა ევროპის მხარისთვის, ან იურიდიულ პირს, რამდენადაც, იურიდიული პირის შემთხვევაში, მის მიმართ ეფექტურ კონტროლს ნებისმიერ დროს უშუალოდ ან უმრავლესობით მონაწილეობით ახორციელებენ ის ფიზიკური პირები, რომლებსაც აქვთ საქართველოს მოქალაქეობა საქართველოს მხარისთვის, ან ის ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომლებსაც აქვთ წევრი სახელმწიფოს, ან IV დანართში მითითებული რომელიმე მესამე ქვეყნის მოქალაქეობა – ევროპის მხარისთვის;

14) „ექსპლუატაციის ლიცენზიები“ ნიშნავს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების შემთხვევაში – ექსპლუატაციის ლიცენზიებს და ნებისმიერ სხვა შესაბამის დოკუმენტს ან სერტიფიკატს გაცემულს ევროკავშირში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, ხოლო საქართველოს შემთხვევაში – ლიცენზიებს, სერტიფიკატებს, ან ნებართვებს გაცემულს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

15) „მხარეები“ ნიშნავს, ერთი მხრივ, ევროკავშირს, ან მის წევრ სახელმწიფოებს, ან ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, თავიანთი შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში (ევროპის მხარე) და, მეორე მხრივ, საქართველოს (საქართველოს მხარე);

16) „ფასი“ ნიშნავს შემდეგს:

i. „მგზავრთა გადაყვანის ტარიფი”, რომელიც უნდა გადაეხადოს ავიაგადამზიდველ კომპანიებს ან მათ წარმომადგენლებს ან ბილეთების გამყიდველ სხვა ბიუროებს მგზავრების გადაყვანისა და ბარგის გადატანისთვის, და ის პირობები, რომელთა ფარგლებშიც გამოიყენება ეს ფასები, მათ შორის სააგენტოსთვის გადახდილი ანაზღაურება და შეთავაზებული პირობები, და სხვა დამატებითი მომსახურებები; და

ii. „სატვირთო გადაზიდვების ტარიფი”, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს ტვირთების გადაზიდვისთვის, მათ შორის სააგენტოსთვის გადახდილი ანაზღაურება და შეთავაზებული პირობები, და სხვა დამატებითი მომსახურებები.

ეს განსაზღვრება მოიცავს, საჭიროების შემთხვევაში, სახმელეთო ტრანსპორტირებას, რომელიც ხორციელდება საჰაერო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით და იმ პირობებს, რომელთა დაცვითაც ხორციელდება ეს ტრანსპორტირება.

17) „კომერციული საქმიანობის ძირითადი ადგილი“ ნიშნავს ავიაგადამზიდველი კომპანიის სათავო ოფისს, ან რეგისტრირებულ ოფისს მხარის ტერიტორიაზე, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ავიაგადამზიდველი კომპანიის ძირითადი ფინანსური ფუნქციები და ოპერაციული კონტროლი, მათ შორის ფრენის ვარგისობის უწყვეტი მენეჯმენტი;

18) „საზოგადოების მომსახურების ვალდებულება“ ნიშნავს ნებისმიერ ვალდებულებას, რომელიც ეკისრება ავიაგადამზიდველ კომპანიას, რათა მან კონკრეტულ მარშრუტზე უზრუნველყოს მინიმალური რაოდენობის რეგულარული რეისების განხორციელება უწყვეტობის, რეგულარობის, ფასდადების და მინიმალური ტვირთტევადობის დადგენილი სტანდარტების დაცვით, რომელსაც ავიაგადამზიდველი კომპანიები არ იკისრებდნენ, მხოლოდ თავიანთი კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე რომ ემოქმედათ. საზოგადოების მომსახურების ვალდებულების შესრულებისთვის მხარემ შესაძლოა კომპენსაცია გადაუხადოს ავიაგადამზიდველ კომპანიებს;

19) „სუბსიდია“ ნიშნავს ხელისუფლების ორგანოების ან რეგიონული ორგანიზაციის ან სხვა საჯარო ორგანიზაციის მიერ გაღებულ ფინანსურ შენატანს, ე. ი. როდესაც:

a. სახელისუფლებო, რეგიონული ორგანოს, ან სხვა საჯარო ორგანიზაციის ამგვარი ქმედება გულისხმობს ისეთი თანხების უშუალო გადარიცხვას, როგორიცაა გრანტები, სესხები, ან კაპიტალდაბანდება, კომპანიისთვის თანხების უშუალოდ გადაცემას, კომპანიის ისეთი ვალდებულებების აღებას, როგორიცაა საკრედიტო თავდებობა, კაპიტალის ჩადებას, მესაკუთრეობას, გაკოტრებისგან დაცვას ან დაზღვევას;

b. სახელისუფლებო, ან რეგიონული ორგანოს, ან სხვა საჯარო ორგანიზაციისთვის გადასახდელი გადასახადები, რომელიც სხვა შემთხვევაში უნდა გადახდილიყო, გადავადდა, არ იქნა ამოღებული ან უსაფუძვლოდ შემცირდა;

c. სახელისუფლებო, ან რეგიონული ორგანო, ან სხვა საჯარო ორგანიზაცია უზრუნველყოფს საქონლის ან მომსახურების, გარდა საერთო ინფრასტრუქტურისა, მიწოდებას, ან საქონლის ან მომსახურების შესყიდვას; ან

d. სახელისუფლებო, ან რეგიონულ ორგანოს, ან სხვა საჯარო ორგანიზაციას შეაქვს თანხები დაფინანსების მექანიზმში, ან ავალებს, ან აკისრებს კერძო ორგანოს, (ა), (ბ) და (გ) პუნქტებში მითითებული ერთი, ან მეტი ისეთი ფუნქციის შესრულებას, რომელიც წესით მთავრობას უნდა დაკისრებოდა, და ფაქტობრივად არაფრით არ განხხვავდება იმ ფუნქციებისგან, რომლებსაც ჩვეულებრივ ასრულებს მთავრობა;

და რის შედეგადაც მიიღება სარგებელი.

20) „SESAR“ ნიშნავს „ერთიანი ევროპული საჰაერო სივრცის“ ინიციატივის ტექნიკურ განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს საჰაერო მიმოსვლის მართვის ახალი თაობის სისტემების კოორდინირებულ და სინქრონულ კვლევას, განვითარებას და დანერგვას;

21) „ტერიტორია“ საქართველოს შემთხვევაში, ნიშნავს სახელმწიფოს სახმელეთო ტერიტორიას და მის მიმდებარე ტერიტორიულ წყლებს, რომლებიც ამ სახელმწიფოს სუვერენიტეტს, სიუზერენიტეტს, პროტექტორატს, ან მანდატს ექვემდებარება, ხოლო ევროკავშირის შემთხვევაში, სახმელეთო სივრცეს (კონტინენტური ნაწილი და კუნძულები), შიდა წყლებს და ტერიტორიულ ზღვას, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულება და ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულებებში და მათ შემცვლელ ნებისმიერ მომდევნო დოკუმენტში მითითებული პირობების დაცვით. მიიჩნევა, რომ ამ შეთანხმების გამოყენება გიბრალტარის აეროპორტის მიმართ გავლენას არ იქონიებს ესპანეთის სამეფოს და გაერთიანებული სამეფოს სამართლებრივ პოზიციაზე, რომელიც მათ გააჩნიათ იმ ტერიტორიის სუვერენიტეტთან დაკავშირებით წარმოშობილ დავასთან მიმართებაში, სადაც განლაგებულია აეროპორტი, და გიბრალტარის აეროპორტის მიმართ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის კორდობაში, 2006 წლის 18 სექტემბერს გიბრალტარის აეროპორტთან დაკავშირებით მიღებული მინისტერიალის განცხადების შესაბამისად 2006 წლის 18 სექტემბერს შემოღებული საავიაციო ზომების მოქმედების შეწყვეტაზე;

22) „მომხმარებლის გადასახდელი“ ნიშნავს ავიაგადამზიდველი კომპანიებისთვის აეროპორტით, აეროპორტის ეკოლოგიური, საჰაერო-სანავიგაციო, ან საავიაციო უსაფრთხოების სისტემებით, ან მომსახურებით, ასევე შესაბამისი სისტემებითა და მომსახურებებით სარგებლობისთვის დაწესებულ გადასახდელს.

თავი I

ეკონომიკური დებულებე