1. საექსპლუატაციო რისკის შეფასება მოიცავს:

ა) უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის აღწერას და მის მახასიათებლებს;

ბ) შესაბამისი საექსპლუატაციო უსაფრთხოების მიზნებს;

გ) ხმელეთზე და საჰაერო სივრცეში ექსპლუატაციასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებას, რა დროსაც მხედველობაში მიიღება:

გ.ა) ექსპლუატაციის შედეგად ხმელეთზე მყოფი მესამე პირების ან ქონების დაზიანების შესაძლო მასშტაბი;

გ.ბ) უპილოტო საჰაერო ხომალდის კომპლექსურობა და საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლები;

გ.გ) ფრენის მიზანი, უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ტიპი, სხვა საჰაერო ხომალდთან შეჯახების ალბათობა და გამოყენებული საჰაერო სივრცის კლასი;

გ.დ) უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის ან მასთან დაკავშირებული საქმიანობის ტიპი, მასშტაბი და კომპლექსურობა, მათ შორის, უპილოტო საჰაერო ხომალდების სისტემების რაოდენობა და ტიპები;

გ.ე) ექსპლუატანტის მეირ უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის თანმხლები რისკების შეფასების და გაკონტროლების შესაძლებლობა.

დ) რისკების პრევენციული ზომების იდენტიფიცირებას;

ე) შერჩეული პრევენციული ზომების იმ საჭირო მდგრადობის მახასიათებლის დონის განსაზღვრას, რომელიც აუცილებელია ექსპლუატაციის უსაფრთხოდ განხორციელებისთვის.

2. უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის აღწერა მოიცავს, სულ მცირე, შემდეგს:

ა) შესასრულებელი საქმიანობის აღწერა;

ბ) ექსპლუატაციისათვის განსაზღვრული საექსპლუატაციო გარემო და გეოგრაფიული არე, მათ შორის, ხალხის სიმჭიდროვე, რელიეფი, საჰაერო სივრცის კლასი და არე, საჰაერო სივრცის კოორდინატები, სადაც ხორციელდება ექსპლუატაცია, საჰაერო სივრცის ის ნაწილი, რომელიც გამოყენებულია რისკის ბუფერულ ზონად და, ასევე, უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის გეოგრაფიული ზონებისადმი დადგენილი საექსპლუატაციო მოთხოვნები;

გ) ექსპლუატაციის კომპლექსურობა, მათ შორის პერსონალის შემადგენლობა, კვალიფიკაცია, გამოცდილება და ექსპლუატაციის განსახორციელებლად გამოყენებული ტექნიკური საშუალებები;

დ) უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ტექნიკური მონაცემები, მათ შორის დაგეგმილი ექსპლუატაციის პირობებში მისი საექსპლუატაციო მახასიათებლები და სარეგისტრაციო ნომერი;

ე) ექსპლუატაციაში ჩართული პერსონალის კვალიფიკაცია, შემადგენლობა, ფუნქციები, ვალდებულებები, სწავლება და გამოცდილება.

3. უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციისთვის დამახასიათებელი სპეციფიკის გათვალისწინებით, შეფასებაში წარმოდგენილი უნდა იყოს უსაფრთხოების მიზნობრივი დონე, რომელიც პილოტირებადი ავიაციისთვის დადგენილი დონის ეკვივალენტური უნდა იყოს;

4. რისკების იდენტიფიცირებისას განსაზღვრული უნდა იყოს შემდეგი:

ა) ხმელეთზე არსებული საექსპლუატაციო რისკი, ექსპლუატაციის ტიპის და საექსპლუატაციო პირობების გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს არანაკლებ შემდეგს:

ა.ა) (VLOS) ან (BVLOS);

ა.ბ) ფრენის რაიონში დასახლების სიმჭიდროვე;

ა.გ ) ადამიანების თავშეყრის ადგილის თავზე ფრენა;

ა.დ) უპილოტო საჰაერო ხომალდის გაბარიტული ზომები.

ბ) საჰაერო სივრცეში არსებული საექსპლუატაციო რისკი, რომელიც მოიცავს შემდეგს:

ბ.ა) ექსპლუატაციის განსახორციელებლად საჭირო საჰაერო სივრცის ზუსტი კოორდინატები და გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების პროცედურების განსახორციელებლად საჭირო საჰაერო სივრცე;

ბ.ბ) საჰაერო სივრცის კლასი;

ბ.გ) საჰაერო მოძრაობაზე და საჰაერო მოძრაობის მართვაზე გავლენა, კერძოდ:

ბ.გ.ა) ფრენის აბსოლუტური სიმაღლე;

ბ.გ.ბ) კონტროლირებადი თუ არაკონტროლირებადი საჰაერო სივრცე;

ბ.გ.დ) აეროდრომი თუ აეროდრომის გარეშე გარემო;

ბ.გ.ე) საჰაერო სივრცე დასახლებული თუ დაუსახლებელი ტერიტორიის თავზე;

ბ.გ.ვ) საჰაერო მოძრაობისგან სეგრეგაცია.

5. უსაფრთხოების მიზნობრივი დონის მისაღწევად საჭირო პრევენციული ზომების იდენტიფიკაციისას, გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი:

ა) ფრენის გეოგრაფიის არის მესამე პირების შეღწევისგან დაცვის ზომები;

ბ) უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის სტრატეგიული საექსპლუატაციო შეზღუდვები, მათ შორის:

ბ.ა) უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის გეოგრაფიული ზონების შეზღუდვა, სადაც ექსპლუატაცია ხორციელდება;

ბ.ბ) ფრენის ხანგრძლივობის შეზღუდვა ან ფრენის განრიგის შედგენა დროის იმ პერიოდისათვის, როდესაც ფრენა ხორციელდება,გ) რისკის სტრატეგიული შემცირება ფრენის საერთო წესების დაცვით ან საჰაერო სივრცის საერთო სტრუქტურის და საჰაერო მოძრაობის მომსახურების გამოყენებით;

დ) არახელსაყრელ საექსპლუატაციო პირობებთან გამკლავების შესაძლებლობა;

ე) ექსპლუატანტის მიერ შემუშავებული საექსპლუატაციო და ტექმომსახურების პროცედურები. ტექმომსახურების პროცედურები შესაბამისობაში უნდა იყოს მწარმოებლის „მომხმარებლის სახელმძღვანელოსთან“;

ვ) ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩართული პერსონალის კვალიფიკაცია და გამოცდილება;

ზ) ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომის რისკი საექსპლუატაციო პროცედურების განხორციელების პროცესში;

თ) უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის თავისებურებანი და მახასიათებლები, კერძოდ:

თ.ა) შეჯახების რისკის პრევენციისათვის საჭირო საშუალებების ხელმისაწვდომობა;

თ.ბ) ისეთი სისტემების არსებობა, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება შეჯახებისას დარტყმის ენერგიის ჩახშობა ან უპილოტო საჰაერო ხომალდის მსხვრევადობის შემცირება;

6. შემუშავებული პრევენციული ზომების მდგრადობა უნდა შეფასდეს ექსპლუატანტის მიერ, რათა დადგინდეს დაგეგმილ ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ რისკებთან და უსაფრთხოების მიზნებთან მათი თანაზომიერება, განსაკუთრებით ექსპლუატაციის ყველა ეტაპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით