1. დისტანციური პილოტი ვალდებულია:

ა) გააჩნდეს ექსპლუატაციის შესაბამის ქვეკატეგორიაში უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის დაგეგმილი ექსპლუატაციისათვის საჭირო კომპეტენცია, ამ წესის 21-ე, 22-ე ან 23-ე მუხლების შესაბამისად მასზე დაკისრებული ამოცანის შესასრულებლად და იქონიოს კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა ამ წესის 21-ე მუხლის  „ე“ პუნქტის „ე.ა“, „ე.ბ“ ან „ე.გ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის შემთხვევაში;

ბ) მოიპოვოს, უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის დაგეგმილ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული განახლებული ინფორმაცია იმ ნებისმიერი უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის გეოგრაფიულ ზონებთნ დაკავშირებით, რომლებიც გამოქვეყნებულია ამ წესის მე-16 მუხლის შესაბამისად;

გ) დააკვირდეს საექსპლუატაციო გარემოს, შეამოწმოს დაბრკოლებების არსებობა და გარდა იმ შემთხვევისა, როცა ექსპლუატაცია ხორციელდება „ღია კატეგორიის“ (A1) ქვეკატეგორიაში ამ წესის 21-ე მუხლის  „ე“ პუნქტის „ე.ა“, „ე.ბ“ ან „ე.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უპილოტო საჰაერო ხომალდით, დარწმუნდეს, რომ ფრენის გეოგრაფიის არეში არ იმყოფებიან ექსპლუატაციაში არამონაწილე პირები;

დ) უზრუნველყოს უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ისეთ მდგომარეობაში ყოფნა, რომ დაგეგმილი ფრენა შესრულდეს უსაფრთხოდ და შეამოწმოს, რომ პირდაპირი დისტანციური იდენტიფიცირების სისტემა, არსებობის შემთხვევაში, ფუნქციონირებს გამართულად;

ე) შეამოწმოს, რომ მწარმოებლის მიერ დადგენილი ან კლასის შესაბამისი მაქსიმალური ასაფრენი მასის ზღვარს არ აღემატება უპილოტო საჰაერო ხომალდის მასა იმ შემთხვევაში, თუ იგი აღჭურვილია დამატებითი სასარგებლო ტვირთით.

2. ფრენის განმავლობაში დისტანციურმა პილოტმა:

ა) არ უნდა შეასრულოს ექსპლუატაცია ალკოჰოლური და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ან ისეთ მდგომარეობაში ყოფნის დროს, როდესაც ტრავმის, გადაღლილობის, მედიკამენტების მიღების, ავადმყოფობის ან სხვა გამომწვევი მიზეზების გამო მისი მდგომარეობა შეუსაბამოა მასზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად;

ბ) უპილოტო საჰაერო ხომალდი უნდა შეინარჩუნოს პირდაპირი ხედვის არეში (VLOS) და უწყვეტ რეჟიმში დააკვირდეს უპილოტო საჰაერო ხომალდის გარშემო არსებულ საჰაერო სივრცეს, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერ პილოტირებად საჰაერო ხომალდთან შეჯახების რისკი. დისტანციურმა პილოტმა უნდა შეწყვიტოს ფრენა, თუ ექსპლუატაცია საფრთხეს უქმნის სხვა საჰაერო ხომალდს, ადამიანებს, გარემოს ან საკუთრებას;

გ) უნდა დაიცვას ამ წესის მე-16 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ გეოგრაფიულ ზონებში მოქმედი საექსპლუატაციო შეზღუდვები;

დ) უნდა გააჩნდეს უპილოტო საჰაერო ხომალდის კონტროლის შენარჩუნების უნარი, გარდა კავშირის დაკარგვის ან თავისუფლად მფრენი უპილოტო საჰაერო ხომალდის (free-flight UA) ექსპლუატაციის შემთხვევაში;

ე) უნდა განახორციელოს უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაცია მწარმოებლის მიერ შემუშავებული „მომხმარებლის სახელმძღვანელოს“ შესაბამისად, მათ შორის ნებისმიერი მოქმედი შეზღუდვების დაცვით;

ვ) უნდა შეასრულოს ექსპლუატანტის მიერ შემუშავებული პროცედურები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. დისტანციურმა პილოტმა და ექსპლუატანტმა არ უნდა შეასრულოს ფრენა საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ადგილას ან მის სიახლოვეს, შესაბამისი უფლებამოსილი პირის თანხმობის გარეშე;

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, დისტანციურ პილოტს შეიძლება დაეხმაროს უპილოტო საჰაერო ხომალდის დამკვირვებელი. დისტანციურ პილოტსა და უპილოტო საჰაერო ხომალდის დამკვირვებელს შორის უნდა დამყარდეს ორმხრივი და ეფექტური კომუნიკაცი