2. ყარაულის უფროსი პასუხისმგებელია:

ა) დასაცავი ობიექტების დაცვასა და დასაცავ ობიექტზე დადგენილი სასაშვო რეჟიმის განხორციელებაზე;

ბ) დასახული ამოცანების ზუსტ და დროულ შესრულებაზე;

გ) ყარაულში განწესებული მოსამსახურეების საბრძოლო მზადყოფნაზე საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედებისათვის;

დ) ყარაულში განწესებული მოსამსახურეების საქმიანობის კონტროლსა და უსაფრთხოების წესების დაცვაზე;

ე) პირამიდის საიმედო დაცვაზე;

ვ) საყარაულო შენობაში წესრიგისა და სისუფთავის კონტროლზე;

ზ) დასაცავ ობიექტზე არსებულ მატერიალურ ფასეულობათა შენახვასა და სწორ ექსპლუატაციაზე.

3. ყარაულის უფროსი ვალდებულია:

ა) იცოდეს ყარაულის ამოცანები, მათი შესრულების თანმიმდევრობა და ყარაულში შემავალი ყველა პირის უფლება-მოვალეობები;

ბ) მოითხოვოს ყარაულში განწესებული ყველა მოსამსახურისაგან თავიანთი ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ცოდნა, მათი ზედმიწევნით შესრულება, სიფხიზლე და დისციპლინა;

გ) საგუშაგოებზე გამსვლელი ცვლის შემადგენლობას საყარაულო შენობაში დაატოვებინოს ნივთები (საჭიროების შემთხვევაში, ჩაუტაროს ამ ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუციის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი შემოწმება), რომელთა ქონაც საგუშაგოზე აკრძალულია;

დ) ყარაულების შეცვლის დროს წინა ყარაულის უფროსისაგან პირადად ჩაიბაროს დაცვის გეგმა და სხვა დოკუმენტები, შეიარაღება, იარაღის შესანახი ოთახი და მისი გასაღები, კავშირგაბმულობის, დაცვის ტექნიკური და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები, ასევე, აწარმოოს მორიგეობის მიღება-ჩაბარების აღრიცხვისა (დანართი №12) და შეიარაღების მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №13);

ე) წინა ყარაულის უფროსთან ერთად პირადად შეამოწმოს დასაცავი ობიექტის გარე აკრძალული ზოლის მდგომარეობა და განათების გამართულობა;

ვ) საგუშაგო უწყისში აღრიცხოს ყველა გამოვლენილი ხარვეზი;

ზ) დროულად გააგზავნოს ცვლები საგუშაგოებზე, დაუზუსტოს ამოცანები, მიუთითოს, რას უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება, შეახსენოს იარაღის გამოყენებისა და ყარაულთან დაკავშირების წესები;

თ) სასაშვო-გამშვებ პუნქტზე მკაცრად აკონტროლოს დადგენილი სასაშვო რეჟიმის შესრულება;

ი) საგუშაგოებიდან ყოველი ცვლის დაბრუნების შემდეგ ჩაატაროს ყარაულის საბრძოლო გათვლა;

კ) დაიცვას წესრიგი და დისციპლინა საყარაულო შენობაში;

ლ) აკონტროლოს გუშაგების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება, პირადად შეამოწმოს ისინი დღე-ღამის განმავლობაში არანაკლებ ოთხჯერ, მათ შორის, ორჯერ - ღამით, შემოწმების შედეგების შესახებ გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი საგუშაგო უწყისში და სასწრაფოდ მიიღოს ზომები გამოვლენილ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად;

მ)  უზრუნველყოს დადგენილ ვადებში გუშაგებისგან საგუშაგოზე არსებული მდგომარეობის შესახებ მოხსენებების მიღება და მიღებული მოხსენებების სასაშვო-გამშვები პუნქტის გუშაგის მიერ კავშირგაბმულობის საშუალებებით საგუშაგოების შემოწმების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №14) აღრიცხვა; მოხსენების დაგვიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მივიდეს ან გააგზავნოს ყარაულის უფროსის თანაშემწე საგუშაგოზე სიტუაციის გასარკვევად;

ნ) არ დაუშვას საყარაულო შენობაში არავინ, გარდა იმ პირებისა, ვისაც ამის უფლება აქვს;

ო) გამოკითხოს საეჭვო პირი, საჭიროების შემთხვევაში, დაათვალიეროს იგი და ამის შესახებ მოახსენოს განყოფილების უფროსს;

პ) განყოფილების უფროსის მიერ ინსტრუქტაჟის ჩატარების შემდეგ აწარმოოს პირადი შემადგენლობის ინსტრუქტაჟის ჟურნალი (დანართი №15);

ჟ) უზრუნველყოს პირად შემადგენლობაზე იარაღის გაცემა და ჩაბარება და აწარმოოს პირად შემადგენლობაზე იარაღის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №16);

რ) დასაცავ ობიექტზე წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის დროს იმოქმედოს შესაბამისი ინსტრუქციისა და ყარაულის საბრძოლო გათვლის მიხედვით;

ს)  შემთხვევის ადგილზე გაერკვეს გუშაგის მიერ იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევის შესახებ და  დაუყოვნებლივ მოახსენოს განყოფილების უფროსს; გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი საგუშაგო უწყისში თუ როდის, სად, ვის მიერ და რა მიზნით იქნა გამოყენებული იარაღი, რა სახის და რამდენი საბრძოლო მასალა იქნა გახარჯული;

ტ) თვალყური ადევნოს ყარაულის პირადი შემადგენლობის მიერ იარაღთან მოპყრობის წესებისა და უსაფრთხოების ზომების მკაცრად დაცვას;

უ) ყარაულში მყოფი მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რის თაობაზეც აცნობოს განყოფილების უფროსს. აუცილებლობის შემთხვევაში, მოსამსახურე გააგზავნოს სამკურნალო დაწესებულებაში და გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი საგუშაგო უწყისში;

ფ) ყარაულის მიერ ამოცანის შესრულების (ყარაულების ცვლის) შემდეგ შეაჯამოს შედეგები და შეაფასოს თითოეული მოსამსახურის საქმიანობა;

ქ) საყარაულო სამსახურის დროს გამოვლენილი ყველა დარღვევისა და ნაკლოვანების შესახებ მოახსენოს განყოფილების უფროსს;

ღ) შემთხვევებისა და ტრავმატიზების აღრიცხვის ჟურნალში აღრიცხოს საგუშაგოზე მომხდარი ყველა შემთხვევა და ტრავმატიზების ფაქტი (დანართი №17);

4. დასაცავ ობიექტზე, გუშაგზე ან საყარაულო შენობაზე აშკარა თავდასხმის შემთხვევაში ყარაულის უფროსს უფლება აქვს თავად ან/და ყარაულის შემადგენლობასთან ერთად გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ყარაულის უფროსს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები ან/და ცეცხლსასროლი იარაღი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შორის არეულობის აღსაკვეთად ან გაქცეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ. ამ შემთხვევაში მან შეძახილით უნდა გააფრთხილოს ის პირი, რომლის წინააღმდეგაც აპირებს ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალების ან/და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას.

6. ყარაულის უფროსი ვალდებულია გამოიძახოს ყარაული განგაშით:

ა) დასაცავ ობიექტზე, გუშაგზე, საყარაულო შენობაზე თავდასხმისას ან დაცვის ტექნიკური საშუალებებით სათანადო სიგნალის მიღების დროს;

ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ არეულობის მოწყობის, წესრიგის ჯგუფურად დარღვევისას ან/და ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევის მცდელობის თავიდან ასაცილებლად;

გ) დასაცავ ობიექტზე ან საყარაულო შენობაში ხანძრის გაჩენის, სტიქიური უბედურების ან სხვა საგანგებო შემთხვევების დროს.

7. ყარაულის განგაშით გამოსაძახებლად ყარაულის უფროსი გასცემს ბრძანებას - „განგაში!“. ამ ბრძანების მიღებისას ყარაულის მთელი შემადგენლობა მოქმედებს ყარაულის საბრძოლო გათვლის შესაბამისად.

8. ყარაულის უფროსი საყარაულო შენობაში დაუშვებს მხოლოდ იმ პირს, ვისაც ამის უფლება აქვს და მის თანმხლებ პირს, ხოლო სხვა პირს - მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაადგენს მისი მოსვლის მიზანს, ვინაობას, შეამოწმებს შესაბამისი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებსა და უფლებამოსილებას.

9. ყარაულის უფროსს ეკრძალება:

ა) საყარაულო შენობიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს დაკავშირებულია მისი მოვალეობის შესრულებასთან (საყარაულო შენობიდან გასვლისას იგი ტოვებს თავის თანაშემწეს);

ბ) გამოიყენოს კავშირგაბმულობის საშუალებები პირადი საუბრებისათვის ან დართოს ამის ნება ყარაულის შემადგენლობაში მყოფ სხვა პირებს;

გ) შეცვალოს საგუშაგო უწყისით გათვალისწინებული ყარაულის შემადგენლობის განლაგება ან მათი სამსახურის გრაფიკი განყოფილების უფროსის თანხმობის გარეშე;

დ) სხვა პირს გადასცეს პირამიდის გასაღები.

10. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ყარაულის უფროსი მოახსენებს განყოფილების უფროსს და მოქმედებს მისი მითითების შესაბამისად.

11. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ყარაულის უფროსი შეიარაღდება მისთვის განკუთვნილი სამსახურებრივი საშტატო იარაღი