2. გუშაგი ვალდებულია:

ა) ფხიზლად და მტკიცედ დაიცვას თავისი საგუშაგო;

ბ) არ გაუშვას ხელიდან და არავის გადასცეს იარაღი, მათ შორის, არც უშუალო უფროსებს;

გ) გადაადგილებისას ყურადღებით დაათვალიეროს საგუშაგოს მისადგომები და გარე აკრძალული ზოლის შემოღობვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) არ მიატოვოს საგუშაგო, სანამ არ იქნება შეცვლილი ან მოხსნილი საგუშაგოდან. საგუშაგოს თვითნებური მიტოვება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით;

ე) მკაცრად დაიცვას იარაღთან და საბრძოლო მასალებთან მოპყრობისას უსაფრთხოების წესები;

ვ) არ დაუშვას საგუშაგოსთან საგუშაგო ტაბელში მითითებულ საზღვრებს შიგნით არავინ, გარდა იმ პირებისა, ვისაც ის ექვემდებარება და იმ პირებისა, ვისაც ისინი აცილებენ;

ზ) საგუშაგოზე არსებული მდგომარეობის შესახებ, დადგენილ დროში, მოახსენოს ყარაულის  უფროსს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს;

თ) სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად, იარაღი იქონიოს დამუხტული და  მოქმედებისათვის მზადყოფნაში;

ი) იცოდეს საგუშაგოზე არსებული ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების წესები;

კ) გამოიძახოს ყარაულის უფროსი ან მისი არყოფნის შემთხვევაში საამისოდ უფლებამოსილი მოსამსახურე დასაცავ ობიექტზე, საგუშაგოზე, ღობეზე რაიმე გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში და დასაცავი ობიექტის მახლობლად ან მეზობელ საგუშაგოზე წესრიგის დარღვევის შემჩნევის ყველა შემთხვევაში.

3. მოყარაულის გადასვლა გუშაგის მდგომარეობაზე, ხოლო გუშაგისა - მოყარაულისაზე, ხდება ყარაულის უფროსისადმი ან ყარაულის უფროსის თანაშემწისადმი საგუშაგოს მიღება-ჩაბარების შესახებ მოხსენების მომენტიდან. აკრძალულია გუშაგების თვითნებური შეცვლა.

4. ღამის საათებში გუშაგს იარაღი უნდა ჰქონდეს ფეხზე მდგარი სროლისათვის მზადმყოფ მდგომარეობაში, ხოლო დღის  საათებში – იმავე მდგომარეობაში ან „ქამარზე“.

5. ხანძრის ჩაქრობის ან სტიქიური უბედურების დროს გუშაგს უფლება აქვს იარაღი იქონიოს  მდგომარეობაში „ზურგზე“.

6. საგუშაგოზე ყოფნის დროს გუშაგს ეკრძალება ძილი, ჯდომა, რაიმეზე მიყრდნობა, წერა, კითხვა, სიმღერა, ლაპარაკი, ჭამა, სმა, მოწევა, ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ვინმესგან რაიმე საგნის მიღება ან ვინმესთვის რაიმეს გადაცემა, აუცილებლობის გარეშე ვაზნის სავაზნეში შეტანა. გუშაგი მხოლოდ ყარაულის უფროსის, ყარაულის უფროსის თანაშემწის და მათთან  ერთად შემოწმებაზე მოსული პირების შეკითხვებს პასუხობს.

7. გუშაგი ვალდებულია ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენოს იარაღი მასზე ან მის მიერ დასაცავ ობიექტზე აშკარა შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში.

8. კარგი ხილვადობის პირობებში ყველა პირს, რომელიც უახლოვდება დასაცავ ობიექტს ან საგუშაგოს საზღვარს, გარდა ყარაულის უფროსის, ყარაულის უფროსის თანაშემწის და მათთან  ერთად მოსული პირებისა, გუშაგი აჩერებს შეძახილით – „სდექ, უკან!“ ან „სდექ, მოუარე მარჯვნივ (მარცხნივ)!“, ხოლო თუ ყარაულის უფროსი ან/და ყარაულის უფროსის თანაშემწე თანმხლებ პირებთან ერთად მოდის/მოდიან – „სდექ, ყარაულის უფროსი/ყარაულის უფროსის თანაშემწე ჩემთან, დანარჩენები ადგილზე!“ და შემდეგ მოქმედებს ყარაულის უფროსის/ყარაულის უფროსის თანაშემწის მითითებით.

9. თუ დასაცავ ობიექტთან ან საგუშაგოს საზღვართან მიახლოებული პირი არ შეასრულებს გუშაგის მოთხოვნას ან ყარაულის უფროსთან, ყარაულის უფროსის თანაშემწესთან და მათთან ერთად მოსული პირები არ ასრულებენ გუშაგის მოთხოვნას დარჩნენ ადგილზე, გუშაგი ვალდებულია წინასწარ გააფრთხილოს შეძახილით – „სდექ, ვისვრი!“ და მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელი ან შეუძლებელია. გუშაგი ვალდებულია, აღნიშნული ფაქტის შესახებ გაფრთხილებისთანავე, დაუყოვნებლივ, შეატყობინოს ყარაულის უფროსს, ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში.

10. თუ დამრღვევი ისევ არ შეასრულებს გუშაგის მოთხოვნას, გუშაგს შეაქვს ვაზნა სავაზნეში და გამაფრთხილებლად ისვრის ჰაერში. თუ დამრღვევი ამ მოთხოვნასაც არ შეასრულებს, შეეცდება გარე დამცავი ღობის გადალახვას და სხვა უფრო მსუბუქი საშუალებით დამრღვევი პირის შეჩერება შეუძლებელია, გუშაგი უფლებამოსილია დამრღვევის მიმართ გამოიყენოს იარაღი. გამოყენებულ უნდა იქნეს მინიმალური ძალა, რამდენიც აუცილებელია დაწესებულების ტერიტორიაზე უკანონოდ შემღწევი პირის შესაჩერებლად. გამოყენებული ძალა უნდა იყოს კანონიერი მიზნისა და შექმნილი საფრთხის პროპორციული.

11. ცუდი ხილვადობის პირობებში, როდესაც შეუძლებელია საგუშაგოს ტაბელში მითითებულ მანძილზე ან აკრძალულ ზონასთან მოახლოებული პირების გარჩევა, გუშაგი აჩერებს შეძახილით – „სდექ, ვინ მოდის?“ თუ მოახლოებული პირი არ პასუხობს შეძახილზე, გუშაგი აფრთხილებს შეძახილით –„სდექ, ვისვრი!“ და აძლევს გონივრულ ვადას მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელი ან შეუძლებელია. გუშაგი ვალდებულია, აღნიშნული ფაქტის შესახებ გაფრთხილებისთანავე, დაუყოვნებლივ, შეატყობინოს ყარაულის უფროსს, ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დამრღვევი დაემორჩილება გუშაგის მოთხოვნას, გუშაგი ყურადღების მოუდუნებლად აგრძელებს ობიექტის დაცვას და თვალყურს ადევნებს დამრღვევი პირის საქციელს. თუ დამრღვევი არ დაემორჩილება გუშაგის მოთხოვნას, გუშაგი გამაფრთხილებლად ისვრის ჰაერში. თუ დამრღვევი არ შეასრულებს გუშაგის ამ მოთხოვნასაც, შეეცდება გარე დამცავი ღობის გადალახვას და სხვა უფრო მსუბუქი საშუალებით დამრღვევი პირის შეჩერება შეუძლებელია, გუშაგი უფლებამოსილია დამრღვევის მიმართ გამოიყენოს იარაღი. გამოყენებულ უნდა იქნეს მინიმალური ძალა, რამდენიც აუცილებელია დაწესებულების ტერიტორიაზე უკანონოდ შემღწევი პირის შესაჩერებლად. გამოყენებული ძალა უნდა იყოს კანონიერი მიზნისა და შექმნილი საფრთხის პროპორციული.

13. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ გუშაგის შეძახილს მოჰყვება პასუხი - „მოდის ყარაულის უფროსი/ყარაულის უფროსი თანაშემწე“, გუშაგი უბრძანებს - „ყარაულის უფროსი/ყარაულის უფროსის თანაშემწე ჩემთან, დანარჩენები ადგილზე!“.  აუცილებლობის შემთხვევაში, გუშაგი მოითხოვს, რომ მასთან მოახლოებულმა პირმა გაინათოს სახე. მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ მოპასუხე ნამდვილად არის ყარაულის უფროსი/ყარაულის უფროსის თანაშემწე, გუშაგი მასთან ერთად მოსულ ყველა პირს დაუშვებს საგუშაგოზე.

14. თუ მოსული პირი, რომელმაც თავი ყარაულის უფროსად/ყარაულის უფროსი თანაშემწედ  წარადგინა, უცნობი აღმოჩნდება ან მასთან ერთად მოსული პირები არ შეასრულებენ გუშაგის მოთხოვნას დარჩნენ ადგილზე, გუშაგი აფრთხილებს შეძახილით – „სდექ, ვისვრი!“ და მოქმედებს ამ მუხლის მე-10-მე-12 პუნქტების შესაბამისად.

15. უკიდურეს შემთხვევაში ან კავშირის არქონისას, გუშაგმა ყარაულის უფროსი/ყარაულის უფროსის თანაშემწე შეიძლება გამოიძახოს ჰაერში გასროლით.

16. გუშაგი მხედრული სალმით მიესალმება იმ პირებს, რომლებსაც იგი ემორჩილება და მათთან ერთად საგუშაგოზე მოსულ სხვა პირებს, რისთვისაც წინასწარ გადააქვს იარაღი მდგომარეობაში „ქამარზე“, იღებს მდგომარეობას „სმენა“ და თავს მოაბრუნებს მათი მიმართულებით.

17. გუშაგის მოულოდნელი ავადმყოფობის შემთხვევაში, გუშაგი დადგენილი სიგნალით იძახებს ყარაულის უფროსს/ყარაულის უფროსის თანაშემწეს და მის მოსვლამდე აგრძელებს მოვალეობის შესრულება