საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე
დანართი №1
შრომის ინსპექტორთა ქცევის კოდექსი
პრეამბულა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურში (შემდგომში – სამსახური) დასაქმებული თითოეული შრომის ინსპექტორი (შემდგომში – შრომის ინსპექტორი) აცნობიერებს, რა საკუთარ როლსა და მნიშვნელობას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში, აანალიზებს რა, რომ შრომის ინსპექციის სამსახურში მუშაობა გულისხმობს საზოგადოების მიერ გამოცხადებულ მაღალ ნდობას მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე, იღებს პასუხისმგებლობას, რომ საკუთარი მოვალეობის შესრულების დროს იხელმძღვანელებს წესიერების, პატიოსნების, თავაზიანობის, ღირსების, ურთიერთპატივისცემის, ნდობის, საზოგადოდ მიღებული კულტურის, ზნეობისა და ეთიკის ნორმებითა და პრინციპებით. შრომის ინსპექტორს სრულად გააზრებული აქვს საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებები, შესაბამისად, იგი არასოდეს განახორციელებს ისეთ ქმედებას, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობასა და სამსახურის იმიჯზე. იგი საკუთარი ქმედებებით იქნება სამსახურის მიმართ საზოგადოების რწმენისა და ნდობის განმტკიცების გარანტი.