1. საწარმო ვალდებულია განახორციელოს კომისიასთან ანგარიშგება.
2. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო ახორციელებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში ერთზე მეტ საქმიანობას, იგი ვალდებულია ანგარიშგება განახორციელოს თითოეული საქმიანობისთვის ცალ-ცალკე.
3. საწარმო ანგარიშგებას ახორციელებს ამ წესებით განსაზღვრული ანგარიშგების ფორმების შესაბამისად ელექტრონულად, კომისიაში არსებული საწარმოთა ელექტრონული პორტალის მეშვეობით.
4. ანგარიშგების ფარგლებში შევსებული მონაცემების სიზუსტე დასტურდება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად საწარმოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.
5. საწარმოს მიერ კომისიასთან ანგარიშგება ხორციელდება შემდეგი პერიოდულობით:
ა) საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო საშუალებების შესახებ ანგარიშგება - საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე საწარმოს რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
ბ) ყოველდღიური ანგარიშგება – საანგარიშო დღის დამთავრებიდან 12 საათის განმავლობაში;
გ) ყოველთვიური ანგარიშგება – საანგარიშო თვის დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში;
დ) კვარტალური ანგარიშგება – საანგარიშო კვარტალის დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში;
ე) წლიური ანგარიშგება – საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 მაისამდე.
6. საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო საშუალებების შესახებ ანგარიშგების ფარგლებში წარმოდგენილ ინფორმაციაში ცვლილების შემთხვევაში, მონაცემები უნდა განახლდეს ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
7. საწარმოს ანგარიშგების ვალდებულება წარმოეშობა შესაბამისი საქმიანობის დაწყების დღიდან, ხოლო ანგარიშგების შესაბამისი ფორმების კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება - საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე საწარმოს რეგისტრაციის დასრულებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
8. საწარმოს მიერ შესაბამისი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, ანგარიშგება ხორციელდება შესაბამისი საქმიანობის შეწყვეტის თარიღის ჩათვლით, ანგარიშგების შესაბამისი პერიოდულობით.
9. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშგების წარდგენის ბოლო ვადა ემთხვევა კანონმდებლობით განსაზღვრულ დასვენების ან/და უქმე დღეს, ანგარიშგების წარდგენის ბოლო ვადად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
10. დასაშვებია ანგარიშგების ფარგლებში წარმოდგენილი ინფორმაცია დაზუსტების მიზნით დაუბრუნდეს საწარმოს შესაბამისი მითითებებით. საწარმო ვალდებულია, განსაზღვრულ ვადაში დააზუსტოს შესაბამისი მონაცემები და განაახლოს ანგარიშგება.
11. საწარმო ვალდებულია ენერგეტიკის ან/და წყალმომარაგების სექტორებში შესაბამისი საქმიანობის შესახებ კომისიისთვის წარდგენილი ანგარიშგების ფორმის კორექტირება განახორციელოს, გასული საანგარიშო დღის/თვის/კვარტლის/წლის კომისიისთვის წარდგენილ მონაცემებში საწარმოს მიერ უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში – შესაბამისი უზუსტობის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საწარმო ვალდებულია, შესაბამის დოკუმენტებთან ერთად, კომისიას წარუდგინოს დასაბუთებული წერილობითი განმარტება კორექტირების გამომწვევი გარემოებების თაობაზე.
13. საწარმოს მიერ ანგარიშგების წარმოუდგენლობა ამ წესებით განსაზღვრულ ვადაში ან/და არასწორად ან არასრულყოფილად წარდგენა მიიჩნევა ამ წესებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობად და კომისია უფლებამოსილია, გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომებ