1. საწარმოს რეგისტრაცია, ანგარიშგება, აგრეთვე კომისიის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენა ხორციელდება ელექტრონული ფორმით.

2. საწარმოთა ელექტრონული პორტალის შექმნას და განვითარებას უზრუნველყოფს კომისია.

3. საწარმოები ვალდებული არიან საქმიანობის დაწყების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, დარეგისტრირდნენ საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციისთვის საჭიროა საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ინფორმაცია საწარმოს შესახებ:

ა.ა) საწარმოს დასახელება;

ა.ბ) სამართლებრივი ფორმა;

ა.გ) საიდენტიფიკაციო კოდი;

ა.დ) საწარმოს რეგისტრაციის თარიღი;

ბ) შესაბამისი საქმიანობის სახე/სახეები;

გ) ინფორმაცია საწარმოს ხელმძღვანელის შესახებ:

გ.ა) სახელი, გვარი;

გ.ბ) პირადი ნომერი;

გ.გ) ელექტრონული ფოსტის მისამართი;

გ.დ) საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

5. საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენლის რეგისტრაცია და საწარმოთა ელექტრონული პორტალის გამოყენება ხდება შემდეგი სტატუსის მქონე მომხმარებლის ანგარიშით:

ა) თანამშრომელი – საწარმოს წარმომადგენელი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული მინდობილობის საფუძველზე უფლებამოსილია შეავსოს ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული მონაცემები საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე;

ბ) ხელმძღვანელი – კანონმდებლობის შესაბამისად საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი, რომელიც საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე არეგისტრირებს საწარმოს სხვა წარმომადგენლებს, უფლებამოსილია მონაცემების სიზუსტის დადასტურებაზე და კომისიასთან ანგარიშგების განხორციელებაზე, აგრეთვე, კომისიის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენაზე.

6. საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე საწარმოს და საწარმოს ხელმძღვანელის რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის კომისიის მიერ მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემები ეგზავნება რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

7. საწარმოს ხელმძღვანელი უფლებამოსილია საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე დაარეგისტრიროს საწარმოს სხვა წარმომადგენლები თანამშრომლის სტატუსით.

8. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო შესაბამისი საქმიანობის დაწყების/შეწყვეტის შესახებ  კანონმდებლობის შესაბამისად აცნობებს კომისიას, კომისიას არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა შეაქვს შესაბამისი ცვლილებები საწარმოთა ელექტრონული პორტალზე.

9. საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე მონაცემების შევსება შესაძლებელია:

ა) ავტომატურად – თუ არსებობს ელექტრონული კავშირი საწარმოთა ელექტრონულ პორტალსა და საწარმოს მონაცემთა ბაზებს შორის;

ბ) მექანიკურად – თუ არ არსებობს ელექტრონული კავშირი საწარმოთა ელექტრონულ პორტალსა და საწარმოს მონაცემთა ბაზებს შორის.

10. საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე შესაძლებელი უნდა იყოს ანგარიშგების ფორმების შესაბამისი ველების შევსება და დროებით შენახვა შესაბამისი ანგარიშგების ფორმის წარმოდგენის ვადის გასვლამდე.

11. საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში საქმიანობის შესახებ ანგარიშგების ფორმებს ენიჭებათ შემდეგი სტატუსები:

ა) მიმდინარე – ანგარიშგების ფორმა, რომლის კომისიაში წარდგენის ვალდებულება გააჩნია საწარმოს მიმდინარე საანგარიშო პერიოდში;

ბ) ვადაგადაცილებული – ანგარიშგების ფორმა, რომლის მონაცემთა ველების სრულად შევსება და კომისიაში გაგზავნა არ განხორციელდა ამ წესებით განსაზღვრულ ვადაში;

გ) გასასწორებელი – გაგზავნილი ანგარიშგების ფორმა, რომელიც საწარმოს დაუბრუნდა უკან მონაცემების დასაზუსტებლად;

დ) დასრულებული – ანგარიშგების ფორმა, რომლის წარდგენაც დადასტურებულია. ასეთ შემთხვევაში, საწარმოს მიერ შესაბამისი ანგარიშგების ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულა