1. საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს ამ წესებით გათვალისწინებული ქოლცენტრის მუშაობა 24-საათიან რეჟიმში.
2. მომხმარებელთა სრულად და დროულად ინფორმირების მიზნით შესაბამისი საწარმოს ქოლცენტრის ოპერატორებს, საწარმოს საქმიანობის გათვალისწინებით, ხელი უნდა მიუწვდებოდეთ ყველა იმ ინფორმაციაზე, რაც შეიძლება დასჭირდეს მომხმარებელს, მათ შორის:
ა) წყვეტის (გეგმური, არაგეგმური) არსებობის შემთხვევაში – მისი მიზეზი და სავარაუდო ხანგრძლივობა;
ბ) მომხმარებლის დავალიანების ოდენობა (როგორც მიმდინარე, ისე დაგროვილი), გადახდის ბოლო ვადა, გადაუხდელობის შედეგები;
გ) დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლის მხრიდან დავალიანების დაფარვის შემთხვევაში – მომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო და მოთხოვნის შესრულების ეტაპი;
დ) გადანაწილებული დავალიანების გადახდის გრაფიკის შესახებ;
ე) აბონენტად რეგისტრაციის შესახებ;
ვ) ახალი მომხმარებლის (ობიექტის) /ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი პუნქტის/მიკროსიმძლავრის მიერთების/სიმძლავრის გაზრდის შესახებ;
ზ) საწარმოს მიერ მომხმარებელზე ადმინისტრაციული სახდელის დადების შემთხვევაში, მისი გასაჩივრების წესი და ვადა;
თ) მიწოდების ფასები, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფები და მიწოდების პირობები;
ი) მიმწოდებლის მოქმედი საჯარო შეთავაზებები;
კ) მიმწოდებლის შეცვლის შესახებ;
ლ) პრეტენზიის განხილვის შესახებ;
მ) მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის დადებული მიწოდების ხელშეკრულების შესახებ;
ნ) მოხმარების შესახებ;
ო) მომსახურების საფასურის გადახდის და გადახდის საშუალებების შესახებ;
პ) რეკომენდაციები მოხმარების შემცირებისა და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობის სხვა ღონისძიებების თაობაზე.
3. საწარმოს ქოლცენტრი აღჭურვილი უნდა იყოს შემდეგი პროგრამული უზრუნველყოფით:
ა) იმ შემთხვევაში, თუ ყველა ოპერატორი დაკავებულია და შემოდის მომხმარებლის ზარი, პროგრამამ უნდა უზრუნველყოს მომხმარებლის ზარის გადაყვანა ლოდინის რეჟიმში;
ბ) ყოველ შემომავალ ზარს ქოლცენტრის პროგრამამ უნდა მიანიჭოს უნიკალური კოდი.
4. ქოლცენტრს უნდა გააჩნდეს თავისი სერვერი, სადაც არანაკლებ ერთი წლის ვადით შეინახება (დაარქივდება) შემდეგი ინფორმაცია:
ა) კალენდარული წლის განმავლობაში შემომავალი ზარების რაოდენობა;
ბ) კალენდარული წლის განმავლობაში ყოველ შემომავალ ზარზე პასუხის გაცემის დრო და საუბრის ხანგრძლივობა;
გ) კალენდარული წლის განმავლობაში ქოლცენტრში შემოსული ყველა ზარი (საუბრის ჩანაწერი).
5. საწარმო ვალდებულია კომისიას წარუდგინოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია, კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ერთიანი ანგარიშგების ფორმის მოთხოვნის შესაბამისად.
6. კომისია უფლებამოსილია, გამოითხოვოს ქოლცენტრის მუშაობასთან დაკავშირებული საწარმოს სერვერზე შენახული (დაარქივებული) ნებისმიერი ინფორმაცია.
ფინანსური მექანიზმები მომსახურების ხარისხის მიმა