1. საერთო და გარანტირებული სტანდარტით გათვალისწინებული მომსახურების შესრულების ვადები აითვლება ამ მუხლით გათვალისწინებული წესით:
ა) წყვეტის თაობაზე მომხმარებელთა ინფორმირებისათვის საჭირო დრო აითვლება:
ა.ა) გეგმური წყვეტის შემთხვევაში – მომარაგების წყვეტის შესახებ მომხმარებლების ინფორმირებიდან მომარაგების ფაქტობრივ წყვეტამდე;
ა.ბ) არაგეგმური წყვეტის შემთხვევაში – მომარაგების წყვეტის დასაწყისიდან მომხმარებლების ინფორმირებამდე;
ბ) მომარაგების არაგეგმური წყვეტის გამო სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო დრო აითვლება წყვეტის დასაწყისიდან მომარაგების აღდგენამდე;
გ) ქოლცენტრის ოპერატორის პასუხის დრო, წამებში განსაზღვრული, აითვლება სტანდარტულ სიტუაციაში ქოლცენტრში მომხმარებლის შემომავალი ზარის დაფიქსირებიდან ოპერატორისაგან პასუხის მიღებამდე; წინამდებარე სტანდარტთან მიმართებაში ფორსმაჟორი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც საწარმოს მომსახურების არეალში გეგმური/არაგეგმური წყვეტის შედეგად ერთდროულად მომარაგება შეწყვეტილი აქვს 15 000 მომხმარებელს ან თვითმმართველი ერთეულის მომხმარებლების არანაკლებ 30 პროცენტს. ფორსმაჟორის შემთხვევაში, საწარმო ვალდებულია დააფიქსიროს აღნიშნული გარემოება (მისი დაწყებისა და დამთავრების ზუსტი დროის მითითებით). წინამდებარე სტანდარტთან მიმართებაში ფორსმაჟორი დადასტურებული უნდა იყოს საწარმოს ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. ამასთან, საწარმო ვალდებულია განცალკევებულად აღრიცხოს ფორსმაჟორი და მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს კომისიას;
დ) იმ მომხმარებლისათვის მომარაგების აღსადგენად საჭირო დრო, რომელიც გაითიშა დავალიანების გადაუხდელობის ან/და მომხმარებლის მოთხოვნის გამო, აითვლება მომხმარებლის მიერ გადახდის ასახვიდან, მომხმარებლის მიერ ამ დავალიანების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენიდან ეტაპობრივად გადახდის გრაფიკის ხელშეკრულების გაფორმებიდან ან მომხმარებლის მოთხოვნის გამო მომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში, მომარაგების აღდგენის შესახებ შესაბამისი განაცხადში მითითებული დღიდან და სრულდება მომარაგების ფაქტობრივად აღდგენით;
ე) მომხმარებლის წერილობით/ელექტრონულ მიმართვაზე დასაბუთებული პასუხის, ტექსტური შეტყობინების გაგზავნის ან/და რეაგირებისათვის საჭირო დრო აითვლება წერილობითი/ელექტრონული მიმართვის მიღებიდან და სრულდება მომხმარებლისათვის გარანტირებული სტანდარტით გათვალისწინებული ფორმით დასაბუთებული პასუხის ან ტექსტური შეტყობინების გაგზავნით (ან რეაგირების ფაქტის მომხმარებლის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით დადასტურებით);
ვ) მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე აღრიცხვის ხელსაწყოების შემოწმებისთვის საჭირო დრო აითვლება საწარმოს მიერ განაცხადის მიღებიდან და სრულდება მომხმარებლისთვის შემოწმების შედეგის წერილობითი ფორმით წარდგენით (ხოლო შემოწმებისას მომხმარებლის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში – მომხმარებლისათვის შემოწმების შედეგის გაგზავნით);
ზ) აბონენტად დარეგისტრირებისათვის საჭირო დრო აითვლება საწარმოს მიერ განაცხადის მიღებიდან და სრულდება აბონენტად დარეგისტრირებით (საჭიროებისას, აგრეთვე მომარაგების უზრუნველყოფით);
თ) საწარმოს მიერ ახალი მომხმარებლის (ობიექტის)/ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი პუნქტის მიერთების/სიმძლავრის გაზრდისათვის საჭირო დრო აითვლება შესაბამისი განაცხადის მიღებიდან და სრულდება მოთხოვნილი პირობებით მომარაგების დაწყებით (კომისიის მიერ დამტკიცებული მომსახურების პირობებისა და წესების შესაბამისად);
ი) მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე მომარაგების ტექნიკური ხარისხის შემოწმებისთვის საჭირო დრო აითვლება საწარმოს მიერ განაცხადის მიღებიდან და სრულდება მომხმარებლისთვის შემოწმების შედეგის წერილობითი ფორმით წარდგენით (ხოლო მომხმარებლის შემოწმების ადგილზე არყოფნის შემთხვევაში – მომხმარებლისათვის შემოწმების შედეგის გაგზავნით).
კ) ახალი მომხმარებლის (ობიექტის) მიერთების ტექნიკური პირობის გაცემისათვის საჭირო დრო აითვლება ახალი მომხმარებლის (ობიექტის) მიერთების ტექნიკური პირობის გაცემის შესახებ შესაბამისი განაცხადის მიღებიდან და სრულდება ტექნიკური პირობის გაცემით (კომისიის მიერ დამტკიცებული მომსახურების პირობებითა და წესებით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით);
ლ) აღრიცხვის კვანძის მოწესრიგება, მოწყობისა და ქსელზე შეჭრისათვის საჭირო დრო აითვლება აღრიცხვის კვანძის მოწესრიგება, მოწყობისა და ქსელზე შეჭრის შესახებ შესაბამისი განაცხადის მიღებიდან და სრულდება მოთხოვნილი პირობებით მომარაგების დაწყებით (კომისიის მიერ დამტკიცებული მომსახურების პირობებისა და წესების შესაბამისად);
მ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთებისათვის საჭირო დრო აითვლება „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების შესახებ“ მომხმარებლის განაცხადის მიღებიდან და სრულდება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთებითა და მოთხოვნილი პირობებით მომარაგების დაწყებით.
2. როდესაც საწარმოს მიერ ამ წესებით განსაზღვრული მოქმედება ვერ სრულდება მომხმარებლის მიზეზით, მათ შორის ობიექტზე მისი არყოფნის, უარის ან/და მომხმარებლის შიდა ქსელის გაუმართაობის, ასევე ამ მომხმარებლის ობიექტზე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების აშკარა დაუცველობით, ასეთ შემთხვევაში, ამ წესების მიზნებისთვის, საწარმოს ვალდებულებები ითვლება შესრულებულად, მომხმარებლისთვის წერილობითი ფორმით შესაბამისი აქტის წარდგენის თარიღიდან (ხოლო მომხმარებლის ადგილზე არყოფნის ან უარის შემთხვევაში, შესაბამისი აქტის გაგზავნის თარიღიდან).
3. თუ მომხმარებლის მიმართვის შესწავლისას ვერ ხერხდება კონკრეტული მომხმარებლის ან მისი მოთხოვნის იდენტიფიცირება, საწარმომ ამ მიმართვაზე უნდა დაადგინოს ხარვეზი და აღნიშნულის შესახებ საწარმოს ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ხელმოწერილი დოკუმენტი ატვირთოს ელექტრონულ ჟურნალში (აღნიშნული დოკუმენტის ატვირთვის თარიღი ჩაითვლება მიმართვაზე რეაგირების დროდ).
მომსახურების ხარისხის თაობაზე ინფორმაციის აღრიცხ