1. ტყის პათოლოგიური მონიტორინგის სისტემა ხორციელდება ტყის კორომებში სპეციალურად შერჩეულ მუდმივი დაკვირვების უბნებზე, რომლის უმთავრესი მიზანია კორომებში ამჟამინდელი სანიტარიული მდგომარეობისა და მოსალოდნელი საფრთხეების წინასწარი პროგნოზირება, რაც ხორციელდება ტყის მართვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შესაბამისი სპეციალისტების მიერ ან/და ტყის მართვის ორგანოს მიერ განსაზღვრული ტექნიკური დავალების შესაბამისად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ. ტყის პათოლოგიური მონიტორინგის სისტემა მოიცავს წინასწარ, საკონტროლო და დეტალურ კვლევებს. მონიტორინგისას ძირითადად გამოიყენება სამოდელო ხეები, საჭერი/სატყუარა მორები/ძირკვები, ფერომონიანი მწერსაჭერები (მავნებლების შემთხვევაში) და სხვა.
2. წინასწარი კვლევის მიზანია:
ა. ტყის კორომების საერთო პათოლოგიური მდგომარეობის დადგენა, სატყეო უბნის ან რეგიონის მასშტაბით, ხოლო დაცულ ტყეში დაცული ტერიტორიის კატეგორიის ან მისი ნაწილის (ზონის) მასშტაბით.
ბ. მავნებელ-დაავადებების მოსალოდნელი აფუთქარების დროული განსაზღვრა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუარესება (ბიოტური და აბიოტური ფაქტორები);
გ. სწრაფი რეაგირება მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ (საჭიროების შემთხვევაში) შესაბამისი ბრძოლის ღონისძიების შერჩევა/განხორციელებით;
დ. წინასწარი პათოლოგიური მონიტორინგი ხორციელდება შერჩევით იმ ადგილებში, სადაც ცნობილია ან მოსალოდნელია ტყის კორომების დაზიანება. ძირითადად გამოიყენება კვლევის რეკოგნოსცირების მეთოდი, როდესაც ტყის პათოლოგიური მდგომარეობის შეფასება ხდება თვალზომურად.
3. საკონტროლო პათოლოგიური კვლევა ტარდება მაღალი და საშუალო რისკის ტყის ზონებში, ტყის კორომების სანიტარული მდგომარეობის შეფასების, მავნებელ-დაავადებების სახეობათა გამოვლენისა და მათი გავრცელების რისკის დადგენის მიზნით, ზამთრამდე და გამოზამთრების შემდეგ, მათ წინააღმდეგ ღონისძიებების განხორციელებამდე და განხორციელების შემდგომ.
4. დეტალური პათოლოგიური კვლევა ტარდება მას შემდეგ, რაც წინასწარი ან საკონტროლო პათოლოგიური მონიტორინგის შედეგად სანიმუშო ფართობებზე ან სამოდელო ხეებზე (და სხვა) დაფიქსირდება განსაკუთრებით საშიში, არაადგილობრივი ანდა ინვაზიური სახეობის მავნებელ-დაავადება. აღნიშნული კვლევის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:
ა. ტყის კორომებში მავნებელ-დაავადებებით გამოწვეული დაზიანების ხარისხის დადგენა;
ბ. მავნებელ-დაავადებების გავრცელების ინტენსივობისა და მათი სიმჭიდროვის შეფასება/დადგენა;
გ. მავნებელ-დაავადებების რაოდენობისა და გავრცელების რისკების/მოსალოდნელი შედეგების შეფასება;
დ. ტყის კორომებში ხეების ზრდა განვითარების შეზღუდვის ან/და ხმობის რისკების შეფასება;
ე. მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლისა და ტყის კორომების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის შესაბამისი ღონისძიების შერჩევა/განხორციელება.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დგება შესაბამისი აქტი, რომელიც წარედგინება ტყის მართვის ორგანოს.
6. ტყის კორომებში მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები დაცულ ტერიტორიაზე ხორციელდება დაცული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის საფუძელზე.
7. საქართველოს ტერიტორიის სასაზღვრო ზოლში და სასაზღვრო ზონაში მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები ხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან შეთანხმებით.
ტყის აღდგენა-გაშენება, სანერგე და პლანტაციური მეურნეობის მოწყო