1. თბოკვამლსაკანი ეწყობა დანაყოფის შემადგენლობის სუნთქვისათვის არახელსაყრელ პირობებში სამუშაოდ მომზადებისა და ადაპტაციისათვის სწავლების ჩასატარებლად.

2. თბოკვამლსაკანში შესაძლებელია კვამლსაკნის და თბოსაკნის ცალ-ცალკე განთავსება.

3. თბოკვამლსაკნის ელექტრომოწყობილობის სისტემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) თბოკვამლსაკნის ელექტრომოწყობილობის სისტემა უნდა იქნეს მოწყობილი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და მოიცავდეს შემდეგი სახის განათებას: მუშა (საერთო და ადგილობრივი) – 220 ვ; ავარიული – 220 ვ; საევაკუაციო – 220 ვ; საშემკეთებლო – 36 ვ;

ბ) ხანძრის (ავარიის) ვითარების იმიტატორების ჩასართავად დასაკვამლიანებელ სავარჯიშო სათავსებში უნდა მოეწყოს დენცქვიტები 36 ვ კვების ძაბვით;

გ) დასაკვამლიანებელ სათავსებში მოწყობილ უნდა იქნეს კიბის უჯრედები და ავარიული განათება;

დ) ავარიული განათება უნდა იყოს მიერთებული ორ დამოუკიდებელ წყაროსთან.

4. თბოკვამლსაკნის დაკვამლიანების და ვენტილაციის სისტემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) დაკვამლიანებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ სავარჯიშო სათავსები. კვამლწარმომქმნელი საშუალებების სახით გამოყენებულ უნდა იქნეს იმიტატორები და შემადგენლობები, რომლებიც არ გამოიწვევენ დაკვამლიანებულ სათავსებში სასუნთქი საშუალების გარეშე მყოფი კვამლდამცველების მოწამვლასა და დამწვრობას;

ბ) თბოკვამლსაკნებში აკრძალულია ნავთობპროდუქტების, წვადი ფირებისა და პოლიმერული მასალების გამოყენება;

გ) ხმაურის ეფექტი არ უნდა აღემატებოდეს დასაშვებ ნორმას;

დ) სავარჯიშო სათავსებიდან კვამლის მოსაცილებლად უნდა არსებობდეს კვამლის მოსაცილებელი სამი განცალკევებული სისტემა, რომელიც მოიცავს გამწოვ, მომდენ და ავარიულ დანადგარებს. თითოეული სისტემის მწარმოებლურობა უნდა უზრუნველყოფდეს მომსახურე სათავსში ათჯერად ჰაერმიმოცვლას;

ე) ავარიული იძულებითი ვენტილაცია უნდა მიერთდეს ძირითად და დამოუკიდებელ სათადარიგო კვების წყაროზე და უზრუნველყოს კვამლსაკნის სათავსში 2 წთ-ის განმავლობაში ნახშირორჟანგის 5%-ზე, ხოლო ნახშირჟანგის 0.24%-ზე ნაკლები ოდენობით შემცირება.

5. დამატებითი მოთხოვნები კვამლსაკნებისათვის:

ა) სავარჯიშო სათავსი უნდა მოეწყოს კვამლდამცველების ადგილმდებარეობის მაკონტროლებელი სისტემებით;

ბ) სავარჯიშო სათავსის ფართობი უნდა იძლეოდეს ორი კვამლსაწინააღმდეგო რგოლის ერთდროულად ვარჯიშის შესაძლებლობას (არანაკლებ 102 მ თითოეულ კვამლდამცველზე), ხოლო სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 2,5 მ;

გ) სავარჯიშო სათავსს უნდა ჰქონდეს არანაკლებ ორი გასასვლელი. სათავსში გასასვლელების თავზე უნდა მოეწყოს შუქმაჩვენებლები წარწერით ,,გასასვლელი“, რომლებიც იმართება მართვის პუნქტიდან;

დ) დაკვამლიანებისათვის განკუთვნილი სათავსების წინ უნდა მოეწყოს დაუკვამლიანებელი ტამბურები შენობის სხვა სათავსებში კვამლის შეღწევის გამოსარიცხად;

ე) სათავსის იატაკი უნდა იყოს გლუვი, არასრიალა (ბეტონი, ასფალტი და სხვა სამშენებლო მასალა), დახრილი ტრაპებისაკენ. კედლებისა და ჭერისათვის გამოყენებული მასალები უნდა იძლეოდეს მათი წყლით გარეცხვის შესაძლებლობას.

6. დამატებითი მოთხოვნები თბოსაკნებისათვის:

ა) თბოსაკნები შედგება ტამბურით ერთმანეთთან შეერთებული წინასაკნისა და საკნისაგან. მათ გამყოფ კედელში საჭიროა სათვალთვალო ფანჯრის მოწყობა. კვამლის და თბოსაკნებს შეიძლება ჰქონდეთ საერთო წინასაკანი;

ბ) ვარჯიშის პირობებიდან გამომდინარე, ჰაერის ტემპერატურა თბოსაკანში უნდა მერყეობდეს 30-60°C;

გ) ჰაერის გათბობა საკანში უნდა ხორციელდებოდეს ელექტროგამახურებელი ღუმელით ან თბოვენტილატორით;

დ) საკანში ჰაერის ფარდობითი ტენიანობა უნდა შეადგენდეს 25-30% და მოწმდებოდეს ფსიქომეტრის საშუალებით;

ე) საკნის კედლებს, ჭერსა და კარების კალთას უნდა ჰქონდეთ თბოიზოლაცია, ხოლო იატაკი უნდა იყოს ბეტონი