1. საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესი (შემდგომში – „წესი“) შემუშავებულია ევროკავშირის რეგულაცია (EU) No 1321/2014 (Part-147) და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) პირველი დანართის („სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების სახელმძღვანელო“ (Doc.9841) საფუძველზე.
2. წესი ადგენს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულებების სასერტიფიკაციო მოთხოვნებს.
3. წესის მოქმედება ვრცელდება საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულებაზე, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სწავლებას და შემოწმებას.
4. საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების (შემდგომში-სდ) – სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, შეზღუდვას, შეჩერებას, განახლებას, სერტიფიკატის გაუქმებას, სერტიფიკატში და/ან მის დანართში ცვლილების შეტანას, სერტიფიკატის და/ან მისი დანართის დუბლიკატის გაცემას, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სდ-ის სერტიფიკატის აღიარებას, სერტიფიკატის მფლობელის საქმიანობაზე ზედამხედველობას, ამ წესის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
5. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 4 თვის ვადაში.
6. სერტიფიკატი ადასტურებს სასწავლო დაწესებულების შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან.
7. ამ წესის შესაბამისად სერტიფიკატი გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე.
8. სერტიფიკატით და მისი დანართით (დანართი №1) განისაზღვრება სასწავლო დაწესებულების უფლებამოსილება და ნებადართული სასწავლო კურსების ჩამონათვალი.
9. სდ-ს შეიძლება მიეცეს უფლება განახორციელოს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის:
ა) საბაზო თეორიული და/ან პრაქტიკული სწავლება;
ბ) საბაზო თეორიული და/ან პრაქტიკული გამოცდა/შემოწმება;
გ) საჰაერო ხომალდის ტიპზე თეორიული და/ან პრაქტიკული სწავლება;
დ) საჰაერო ხომალდის ტიპზე თეორიული და/ან პრაქტიკული გამოცდა/შემოწმებ