1. დასაქმებულთა და სხვა პირთა უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად, დამსაქმებელი ვალდებულია, დაიცვას შემდეგი პირობები:

ა) არსებობის შემთხვევაში, მუდმივად შეინარჩუნოს საევაკუაციო გასასვლელები და მათკენ მიმავალი გზები, წინაღობებისა და დაბრკოლებების გარეშე;

ბ) უზრუნველყოს სამუშაო სივრცისა და სივრცეში არსებული მოწყობილობებისა და დანადგარების ტექნიკური გამართულობა და დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები იმ გამოვლენილი დარღვევების წინააღმდეგ, რომლებსაც შეუძლიათ, ზიანი მიაყენონ სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა და სხვა პირთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას;

გ) რისკის დონისა და მწარმოებლის მითითებების (ტექნიკური პასპორტი, ტექნიკური მახასიათებლები და სხვა) გათვალისწინებით, უზრუნველყოს უსაფრთხოების მოწყობილობებისა და დამცავი აღჭურვილობის რეგულარული შემოწმება და შეკეთება, მოახდინოს რისკების პრევენცია და გაატაროს საფრთხეების აღმოფხვრისთვის აუცილებელი ღონისძიებები;

დ) რეგულარულად დაასუფთაოს სამუშაო სივრცე, სამუშაო მოწყობილობები და დანადგარები, ასევე სამუშაო სივრცესთან დაკავშირებული სხვა ადგილები, იმგვარად, რომ დასაქმებულთა სამუშაო ადგილები იყოს მუდმივად სუფთა.

2. დამსაქმებელმა მუშაობის ყველა ეტაპზე, ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების რისკის შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად, საწარმოს სიდიდიდან და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეაფასოს ეს რისკი, განაახლოს რისკის შეფასების შესახებ დოკუმენტი და მიიღოს შესაბამისი ზომები.

3. სამუშაო სივრცე უნდა მოეწყოს მაქსიმალურად ერგონომიულად. დამსაქმებელმა სამუშაო პროცესის ყველა ეტაპზე უნდა უზრუნველყოს სამუშაოს ადაპტირება დასაქმებულთან, განსაკუთრებით − სამუშაო სივრცის მოწყობის, სამუშაო აღჭურვილობის, სამუშაო და საწარმოო მეთოდების შერჩევის თვალსაზრისით, მონოტონური სამუშაოს შემსუბუქებისა და დასაქმებულის ჯანმრთელობაზე სამუშაო გარემოსა და სამუშაო პროცესების მავნე ზეგავლენის შესამცირებლა