2. საიმპორტო ტვირთის გადაზიდვისას სადგური ვაგონის (კონტეინერის) გახსნის აქტს ადგენს სამ ეგზემპლარად‚ ხოლო საექსპორტო ტვირთის გადაზიდვისას – ოთხ ეგზემპლარად. აქტის ერთი ეგზემპლარი, ვაგონიდან (კონტეინერიდან) მოხსნილ საკეტ-საპლომბ მოწყობილობასთან ერთად, რჩება აქტის შემდგენელ სადგურში‚ მეორე – დაერთვის გადაზიდვის დოკუმენტს და ტვირთს თან ახლავს დანიშნულების სადგურამდე‚ მესამე – გადაეცემა იმ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენელს‚ რომლის მოთხოვნითაც გაიხსნა ვაგონი (კონტეინერი)‚ ხოლო მეოთხე ეგზავნება გაგზავნის სადგურს. აქტის მეოთხე ეგზემპლარის საფუძველზე, ტვირთგამგზავნი იხდის ვაგონზე‚ კონტეინერზე‚ ავტომობილზე‚ ტრაქტორსა და სხვა თვითმავალ მანქანაზე ახლად დაყენებული საკეტ-საპლომბი მოწყობილობის ღირებულებას. ზედნადების მეორე მხარეს, გრაფაში „რკინიგზის აღნიშვნები“ ან დამატებით საგზაო უწყისში ტვირთის დასახელების ქვეშ, ვაგონის (კონტეინერის) გახსნის აქტის შემდგენელმა სადგურმა უნდა აღნიშნოს ვაგონის (კონტეინერის) გახსნის აქტის შედგენის თაობაზე. ეს აღნიშნვა მოწმდება აქტის შემდგენელი მუშაკის ხელმოწერითა და სადგურის კალენდარული შტემპელით