1. ნებისმიერი თვითმფრინავი უნდა აღიჭურვოს ხელსაწყოებით, რომლებიც საფრენოსნო ეკიპაჟს საშუალებას მისცემს გააკონტროლოს თვითმფრინავის ფრენის ტრაექტორია, განახორციელოს ნებისმიერი საჭირო პროცედურული მანევრი და დაიცვას თვითმფრინავის საექსპლუატაციო შეზღუდვები მოსალოდნელ საექსპლუატაციო პირობებში.

2. თვითმფრინავი უნდა აღიჭურვოს:

ა) ხელმისაწვდომი პირველადი დახმარების სამედიცინო კომპლექტით;

ბ) იმ ტიპის პორტატული ცეცხლმაქრებით, რომლებიც განმუხტვისას თვითმფრინავში არ იწვევენ ჰაერის სახიფათო დაბინძურებას. სულ მცირე, ერთი ცეცხლმაქრი უნდა იქნეს განთავსებული:

ბ.ა) პილოტების კაბინაში; და

ბ.ბ) თითოეულ სამგზავრო სალონში, რომელიც გამოყოფილია პილოტის კაბინისაგან და ადვილად არაა ხელმისაწვდომი საფრენოსნო ეკიპაჟისათვის;

გ) სავარძლით ან საძინებელი ადგილით ყველა ბავშვისთვის, რომელმაც მიაღწია 24 თვის ასაკს;

დ) უსაფრთხოების ღვედებით თითოეული სავარძლისთვის და შემაკავებელი ღვედებით თითოეული საწოლისთვის;

ე) შემდეგი დოკუმენტაციით:

ე.ა) ფრენის  შესრულების სახელმძღვანელოთი ან  საექსპლუატაციო შეზღუდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციით, რომელიც დადგენილია თვითმფრინავისათვის უფლებამოსილი მასერტიფიცირებელი ორგანოს მიერ და საჭიროა ამ წესის  III თავის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად;

ე.ბ) რეგისტრაციის სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებისმიერი სპეციალური ნებართვით, იმ შემთხვევაში, თუ სხ-ის  ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს  აღნიშნული ნებართვის შესაბამისად;

ე.გ) დაგეგმილი ფრენის მარშრუტების შესაბამისი და მოქმედი რუკებით, ფრენის გეგმიდან შესაძლო გადახრების გათვალისწინებით;

ე.დ) პროცედურებით, რომელიც განსაზღვრულია ჩიკაგოს კონვენციის მე-2 დანართში, გზაგადაჭრილი სხ-ის მეთაურისათვის;

ე.ე) ინფორმაციით გზაგადამჭრელი და გზაგადაჭრილი სხ-ის მიერ გამოსაყენებელი ვიზუალურ სიგნალებზე, ჩიკაგოს კონვენციის მე-2 დანართის შესაბამისად.

შენიშვნა: საქართველოს საჰაერო სივრცეში სხ-ის გზის გადაჭრა ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4  სექტემბრის №428 დადგენილებით დამტკიცებული „საჰაერო ხომალდის გზის გადაჭრის წესის“ შესაბამისად.

ვ) თუ თვითმფრინავი აღჭურვილია ელექტრული მცველებით, რომელთა შეცვლა შესაძლებელია ფრენის განმავლობაში, შესაბამისი სიმძლავრის სათადარიგო ელექტრული მცველებით;

ზ)  სამგზავრო ადგილების  შესაბამისი რაოდენობის სამედიცინო საშუალებების მარაგით, რომელიც განლაგებული უნდა იყოს  ხელმისაწვდომ ადგილზე;

შენიშვნა: 1. სამედიცინო  საშუალებების მარაგი უნდა მოიცავდეს პირველადი დახმარების ერთ ან რამდენიმე კომპლექტს.

2. სამედიცინო საშუალებების ტიპების, რაოდენობის, განთავსების ადგილების და შიგთავსის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის I ნაწილის A დამატებაში.

თ) მისაბმელი სისტემებით საფრენოსნო ეკიპაჟის ყოველ სავარძელზე, რომელიც ავტომატურად ზღუდავს პილოტის სხეულის მოძრაობას მკვეთრი დამუხრუჭების შემთხვევაში. მისაბმელი სისტემა საფრენოსნო ეკიპაჟის ყოველ სავარძელზე უნდა შეიცავდეს მოწყობილობას, რომელიც შეზღუდავს პილოტის ჩარევას სხ-ის მართვაში შრომისუნარიანობის უეცარი დაკარგვისას;

შენიშვნა: მისაბმელი სისტემა მოიცავს სამხრე და წელის ღვედებს, რომელთა მოხმარებაც შესაძლებელია ცალ-ცალკე.

ი) საშუალებებით, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრებისათვის შემდეგი ინფორმაციის და მითითებების შეტყობინებას:

ი.ა) როდის არის აუცილებელი უსაფრთხოების ღვედების შეკვრა;

ი.ბ) როდის და როგორ უნდა იქნეს ჟანგბადის აღჭურვილობა გამოყენებული;

ი.გ) აკრძალვა თამბაქოს მოწევის თაობაზე;

ი.დ) სამაშველო ჟილეტების ან ანალოგიური სატივტივე საშუალებების განთავსების ადგილებსა და მოხმარების წესებზე;

ი.ე) საავარიო აღჭურვილობის განთავსების ადგილებზე;

ი.ვ) საავარიო გასასვლელების განლაგების ადგილებსა და გაღების წესებზე.

3. თვითმფრინავზე  უნდა იყოს:

ა) ფშს ან მისი ნაწილი, რომელიც ეხება ფრენის შესრულებას;

ბ) სხ-ის სესი, ან ამ წესის III თავით განსაზღვრული სტმ-ის შემცველი სხვა დოკუმენტები და ვარგისობის სერტიფიკატის მიხედვით განსაზღვრული საფრენოსნო ექსპლუატაციისათვის საჭირო  ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, თუ ის მოცემული არ არის  ფშს-ში;

გ) ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული შემოწმების კითხვარები;

დ) სხ-ის რეგისტრაციის მოწმობა;

ე) სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობა;

ვ) ბორტჟურნალი (საფრენოსნო დავალება);

ზ) სხ-ის რადიოსაშუალებებით სარგებლობის ნებართვა;

თ) მგზავრების სია, დაფრენისა და დანიშნულების პუნქტების მითითებით;

ი) სატვირთო მანიფესტი, ტვირთზე განსაკუთრებული ინფორმაციის ჩათვლით;

კ) სხ-ის ტექნიკური ჟურნალი;

ლ) სააგენტოს მიერ დამოწმებული სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის ასლი და სხ-ის სპეციფიკაციების დანართი;

მ) ხმაურის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში);

ნ) MEL;

ო) II და III კატეგორიის მეტეომინიმუმების პირობებში ფრენების სახელმძღვანელო;

პ) შევსებული და რეგისტრირებული ფრენის გეგმა;

ჟ) NOTM;

რ) ფრენის გეგმის შესაბამისად საჭირო მეტეოინფორმაცია;

ს) დატვირთვისა და გაწონასწორების საბუთები;

ტ) ეკიპაჟის ფრენისშემდგომი შეტყობინებების ფორმების ნიმუშები;

უ) საერთაშორისო რეისზე – გენერალური დეკლარაცია (GD);

ფ) საქართველოს და სხვა, ამ ფრენასთან დაკავშირებული, სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი საბუთი;

ქ) ავარიული და სამაშველო აღჭურვილობის საკონტროლო ფურცელ(ებ)ი და მისი გამოყენების ინსტრუქცია;

ღ) ეკიპაჟის წევრების მოქმედი მოწმობები;

ყ) სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი პოლის(ებ)ი მესამე პირების მიმართ;

შ) ფრენის სამუშაო გეგმა, რომელშიც უნდა მიეთითოს:

შ.ა) სხ-ის რეგისტრაციის ნომერი;

შ.ბ) სხ-ის ტიპი;

შ.გ) ფრენის თარიღი;

შ.დ) რეისის ნომერი;

შ.ე) ხმ-ის სახელი და გვარი;

შ.ვ) გაფრენის პუნქტი;

შ.ზ) გაფრენის დრო (ფაქტობრივი საფრენოსნო დრო, აფრენის დრო);

შ.თ) დანიშნულების პუნქტი;

შ.ი) ჩაფრენის დრო (ფაქტობრივი დაფრენის დრო);

შ.კ) ფრენის სახეობა (ETOPS, VFR, etc);

შ.ლ) მარშრუტი და მარშრუტის სეგმენტები საკონტროლო წერტილების, მანძილის, დროისა და ტრასების აღნიშვნით;

შ.მ) საკონტროლო წერტილებს შორის კრეისერული სიჩქარე და საფრენოსნო დრო (სავარაუდო და ფაქტობრივი დრო);

შ.ნ) უსაფრთხო მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე;

შ.ო) გეგმით გათვალისწინებული აბსოლუტური სიმაღლეები;

შ.პ) საწვავის გამოთვლისა და კონტროლის ჩანაწერები;

შ.ჟ) ძრავების გაშვებისას სხ-ზე საწვავის რაოდენობა;

შ.რ) გამოსაყენებელი სათადარიგო აეროდრომები: აფრენის აეროდრომისათვის, მარშრუტისა და დანიშნულების აეროდრომებისათვის ამ პუნქტის „შ.ლ“, „შ.მ“, „შ.ნ“ და „შ.ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით;

შ.ს) საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს მიერ დამტკიცებული პირველადი ფრენის გეგმის ცვლილება;

შ.ტ) გამოთვლები ფრენისას მარშრუტის ცვლილებისა