1. ნავსადგურის გარე და შიდა რეიდზე გემის ღუზაზე დგომა ნებადართულია მხოლოდ ღუზაზე დგომისათვის გამოყოფილ ადგილებში, ამ წესების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.
2. ფარვატერზე კაბელებისა და მილსადენების განლაგების რაიონში, ასევე რაიონებში, სადაც შეუძლებელია თავისუფლად მანევრირება, ღუზაზე დგომა აკრძალულია.
3. საჭიროების შემთხვევაში, სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია, ნავსადგურის კაპიტნის თანხმობით, სანავსადგურე ფლოტის გემს აყენებს სანავსადგურე ერთეულის შიდა აკვატორიაში.
4. ღუზის ჯაჭვის შესაძლო გაწყვეტის გათვალისწინებით ან ღუზის დაკარგვის შემთხვევაში გემის კაპიტანმა შეძლებისდაგვარად ზუსტად უნდა იცოდეს ღუზის ჩაშვებისას გემის დგომის ადგილი, გაწყვეტილი ღუზის ჯაჭვის მიმართულება და სიგრძე. გაწყვეტის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციასა და ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს.
5. რეიდზე მდგარ გემზე სავალდებულოდ უნდა იმყოფებოდეს ეკიპაჟის მინიმუმ 2/3 (ორი მესამედი), მათ შორის, გემის კაპიტანი და მეორე მექანიკოსი ან უფროსი მექანიკოსი და უფროსი თანამშემწე.
6. რეიდზე მდგომი, ტივტივა მისაბმელზე („SPM“ „CBM“) მიბმული გემი, ასევე გემი, რომელიც მანევრირებს ნავსადგურის აკვატორიაში და მისასვლელებზე, უზრუნველყოფენ სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციასთან ულტრამოკლეტალღიანი სადგურით კავშირს.
7. ულტრამოკლეტალღიანი სადგურის 70-ე და მე-16 არხებზე მონიტორინგი სავალდებულოა ყველა გემისათვის.
8. რეიდზე ღუზაზე მდგომ გემს ჩართული/განათებული უნდა ჰქონდეს შუქები და აწეული- ნიშნები COLREG -72-ის შესაბამისად.
9. მზის ჩასვლიდან ამოსვლამდე, გემზე უნდა ენთოს შუქები: ბორტების, ქიმის, კიჩოს გასანათებლად,10. რეიდზე დგომის დროს, თუ ამის საჭიროება არ არსებობს, გემის ბორტის განივ გაბარიტს არ უნდა ცდებოდეს სატვირთო ისრები, შლუპბალკები და ტრაპები.
11. რეიდზე მდგომი გემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მისი მთავარი ძრავა უნდა იყოს მზა მდგომარეობაში იმდაგვარად, რომ მისი გაშვება მოხდეს არაუგვიანეს 30 წუთის განმავლობაში.
12. რეიდზე მდგომ გემს, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან და სანაპირო დაცვასთან შეუთანხმებლად ეკრძალება ბორტთან სხვა მცურავი ობიექტის (გარდა სანაპირო დაცვის მცურავი ობიექტებისა) მიღება. აკრძალულია ასევე გემის ბორტზე უცხო პირის მიღება, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული გარემოებების არსებობისა.
13. გემის კაპიტანი, რომელიც გემზე მიიღებს ზღვაში საფრთხეში მყოფ პირ(ებ)ს ან გემზე აღმოჩენს გარეშე პირ(ებ)ს, ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს, აგრეთვე სანაპირო დაცვას და გადასცეს ამ უკანასკნელს აღნიშნული პირ(ებ)ი.
14. გემთმფლობელმა/გემის კაპიტანმა უნდა უზრუნველყოს რეიდზე ან სანავსადგურე ერთეულში მდგომი გემის უსაფრთხოება, მათ შორის, საკმარისი რაოდენობის საწვავის, ზეთების, საკვები პროდუქტისა და წყლის მარაგის არსებობ