1. სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია არსებული აღჭურვილობის გათვალისწინებით, ნავმისადგომებს ყოფს სატვირთო რაიონებად და ტერმინალებად (დასამუშავებელი ტვირთის კატეგორიების მიხედვით), რომელიც აღნიშნულის თაობაზე აცნობებს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს და მოცემულ ინფორმაციას აქვეყნებს საჯაროდ.

2. აკრძალულია ადვილაალებადი და ფეთქებადი ტვირთის დამუშავება არასპეციალიზირებულ ნავმისადგომზე. ტვირთის სპეციფიკიდან გამომდინარე, სააგენტოსთან შეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელია ზემოაღნიშნული ტვირთის (გარდა ნედლი ნავთობისა და ნათელი ნავთობპროდუქტებისა) დამუშავება არასპეციალიზებულ ნავმისადგომზე.

3. აკრძალულია მავნე, მტვრიანი, ქიმიური და მძაფრი სუნის მქონე ტვირთის დამუშავება ცხოველური წარმოშობის და საკვები ტვირთისათვის განკუთვნილ ნავმისადგომებსა და ტერმინალებზე.

4. სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია, გემის ადმინისტრაცია, სატრანსპორტო ორგანიზაცია და ტერმინალის ოპერატორი, სატვირთო ოპერაციების განხორციელებისას, ვალდებულნი არიან იხელმძღვანელონ IMO-ს IMDG CODE-ით, „სატვირთო სატრანსპორტო ერთეულების შეფუთვის შესახებ“ IMO-ს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და გაეროს სახელმძღვანელოს, აგრეთვე, „სახიფათო ტვირთების უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე და საპორტო რაიონებში დაკავშირებულ საქმიანობაზე“ IMO-ს რეკომენდაციებით.

5. სატვირთო ოპერაციები უნდა წარმოებდეს ცალკეული ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის ტექნოლოგიური სქემებისა და ტექნიკური პირობების შესაბამისად, შრომის უსაფრთხოების, ეკოლოგიური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

6. პასუხისმგებლობა სატვირთო ოპერაციების განხორციელებისას ადამიანებთან დაკავშირებით მომხდარი უბედური შემთხვევების ან ტვირთის დაზიანების გამო ეკისრება:

ა) გემის ეკიპაჟს ან გემთმფლობელს – თუ უბედური შემთხვევა ან ტვირთის დაზიანება გამოწვეულია გემის ტაკელაჟის, გემის სატვირთო და სხვა აღჭურვილობის გაუმართაობით;

ბ) სანავსადგურე ერთეულის/ტერმინალის ოპერატორს – თუ სატვირთო ოპერაციები ხორციელდებოდა სანავსადგურე ერთეულის/ტერმინალის პერსონალის და აღჭურვილობის გამოყენებით.

7. საკვები პროდუქტების, პირუტყვის, ფრინველის, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის და მცენარეული ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

8. ტვირთის ფუმიგაციის განმავლობაში გემზე არ დაიშვებიან გარეშე პირები. აღნიშნულ შემთხვევაში გემის დაცვას უზრუნველყოფს გემის ეკიპაჟი.

9. გემის ბორტს მიღმა ან ნავმისადგომთან ტვირთის წყალში გადავარდნის ყველა შემთხვევის შესახებ გემის კაპიტანი და სტივიდორი დაუყოვნებლივ ატყობინებენ სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას და ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს.

10.აკრძალულია ტვირთის დაწყობა გზის სავალ ნაწილზე, გასასვლელებში, ასევე სარკინიგზო ლიანდაგთან 2 (ორი) მეტრზე, ხოლო ნავმისადგომის კიდესთან 3 (სამი) მეტრზე ახლოს, აგრეთვე, ნავთობტერმინალის ნავმისადგომებთან სახანძრო მისასვლელებისა და საევაკუაციო გზების გადაკეტვა.

11. თუ სატვირთო ოპერაციები ჩერდება ამინდის მოსალოდნელ გაუარსებასთან დაკავშირებით, მაშინ აუცილებელია გემის ტრიუმის სახურავის და ლუკის დახურვა. აღნიშნულ შემთხვევაში, მოსახსნელი ბიმსების და მექანიკური სექციების დაუმაგრებლად დატოვება აკრძალულია.

12. ნავსადგურის აკვატორიაში ნავთობის ავარიული დაღვრის ან აღმოჩენის შემთხვევაში, საჭიროებისამებრ სატვირთო ოპერაციები სანავსადგურე ერთეულში უნდა შეწყდეს და გემები გაყვანილ იქნეს რეიდზე. გადაწყვეტილებას აღნიშნულთან დაკავშირებით იღებს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური, სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციასა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმებით.

13. სატვირთო ოპერაციების განმახორციელებელ ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც ფუნქციონირებს სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე, უნდა გააჩნდეს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციასთან და სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებული სატვირთო ოპერაციების წარმოების ტექნოლოგიური რუკა ან/და სტანდარტული საოპერაციო პროცედურები (SOP).

14. ყველა სატვირთო ოპერაცია სანავსადგურე ერთეულში, როგორც წესი, ხორციელდება სანავსადგურე ერთეულის/ტერმინალის ძალებითა და ტექნიკური საშუალებებით. იმ შემთხვევაში, თუ სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის თანხმობით, სატვირთო ოპერაციები ხორციელდება ტვირთგამგზავნის/ტვირთმიმღების ძალებითა და ტექნიკური საშუალებებით, ამ ტექნიკური საშუალებების გამართულობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ტვირთგამგზავნს/ტვირთმიმღებს.

15. დატვირთვა/გადმოტვირთვის სამუშაოების წარმოებისა და სატვირთი სატრანსპორტო საშუალებების მომსახურების უფლება აქვს 18 (თვრამეტი) წელს მიღწეულ პირს, რომელიც სამედიცინო კომისიის მიერ მიჩნეულია ვარგისად აღნიშნული სამუშაოების წარმოებისათვის. დამსაქმებელი ვალდებულია დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესასრულებლად დაშვებამდე აღნიშნულ პირს ჩაუტაროს შესაბამისი ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების და პროფესიული საქმიანობის საკითხებში.

16. გემის დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ჩასატარებლად განკუთვნილ გემზე არსებული საშუალებები უნდა იმყოფებოდეს ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში, რასაც უზრუნველყოფს გემის კაპიტანი. სხვა შემთხვევაში ამ საშუალებათა ტექნიკურ გამართულობას უზრუნველყოფს მათი მფლობელი.

17. ამ მუხლის მე-14 და მე-16 პუნქტებით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებებით სატვირთო ოპერაციების წარმოება დასაშვებია ტვირთგამგზავნის/ტვირთმიმღების ან გემის კაპიტნის მიერ მათი ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ.

18. რეიდზე მდგომი გემის დამუშავებისას ამ ოპერაციის განმახორციელებელი პირი ვალდებულია, ოპერაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დასამუშავებელი გემის ბორტის სიახლოვეს ან ბაკშტოვზე მუდმივი მორიგეობისათვის გამოყოს ბუქსირი.

19. მაგიდა-რამპები და ბაქნები, რომლებიც ეწყობა გემის გადმოტვირთვის მიზნით, უნდა იყოს მტკიცე და ისეთი ზომის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მომუშავეთა უსაფრთხო მანძილით დაშორება ტვირთის აწევისას (დაშვებისას).

20. აკრძალულია სატვირთო მოწყობილობებით სატვირთო ოპერაციების წარმოება, თუ ტვირთის მასა აჭარბებს აღნიშნული მოწყობილობისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს.

21. სანავსადგურო ამწე და საბორნე ხიდი აღჭურვილი უნდა იყოს ანემომეტრით, სადაც ავტომატურად ჩაირთვება განგაშის სიგნალი, თუ ქარის სიჩქარე მიაღწევს ამწეს უსაფრთხო ექსპლუატაციის აკრძალულ ზღვარს. ბოფორტის შკალით 6 (ექვსი) ბალზე (10,8-13,8 მ/წმ) ძლიერი ქარის პირობებში უნდა შეწყდეს კოშკური ამწის, ხოლო ბოფორტის შკალით 7 (შვიდი) (13,9-17,1 მ/წმ) ბალზე ძლიერი ქარის შემთხვევაში – ყველა დანარჩენი სახის ამწის მუშაობა. ასეთ პირობებში სანაპირო ამწეები დაყენებული უნდა იქნეს სატაცებზე, ხოლო მცურავი ამწეები დამატებითი სამაგრებით უნდა დამაგრდეს ნავმისადგომთან ან გადაადგილებულ იქნეს უსაფრთხო ადგილზე. ადგილობრივი პირობებისა და ამწეების კონსტრუქციის გათვალისწინებით, სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, თავისი ტერიტორიის ფარგლებში, დაადგინოს ამწეების უსაფრთხო ექსპლუატაციის ამკრძალავი ქარის სიმძლავრის უფრო მცირე პარამეტრები, ვიდრე ამ პუნქტითაა გათვალისწინებული.

22. ამწის ექსპლუატაციის დროულ შეწყვეტას ზედამხედველობს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია ან ნავმისადგომის ოპერატორი.

23. გადაწყვეტილებას გემის ამწის მეშვეობით წარმოებული დატვირთვა/გადმოტვირთვის სამუშაოების შეწყვეტის შესახებ იღებს სატვირთო ტერმინალის უფლებამოსილი პირი, გემის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით.

24. თუ დატვირთვა/გადმოტვირთვის ოპერაცია ხორციელდება ამწით, მისი ექსპლუატაცია, ამ მუხლის 21-ე პუნქტით გათვალისწინებული პირობების გარდა, უნდა შეწყდეს, თუ:

ა) ამწით დასამუშავებელი გემი ახორციელებს მანევრირებას (სხვა ნავმისადგომთან გადაყვანა, გადაადგილება, მიბმა, დაყენება);

ბ) სარკინიგზო შემადგენლობის მანევრირებისას ამწის ისარი მოძრაობს სარკინიგზო შემადგენლობის თავზე.

25. გემის დატვირთვა ხორციელდება სატვირთო გეგმის მიხედვით, რომელსაც ამტკიცებს გემის კაპიტანი სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციასთან/ტერმინალის ოპერატორთან, ხოლო სახიფათო ტვირთის შემთხვევაში დამატებით სახანძრო დაცვის და ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურებთან შეთანხმებით.

26. სანავსადგურე ერთეულში გემის დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის საჭირო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრება სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის მიერ.

27. თუ სატვირთო ლუკების გახსნა-დახურვის პროცესში მონაწილეობენ სანავსადგურე ერთეულის მუშები, მაშინ უსაფრთხოების ტექნიკის წესების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გემის ადმინისტრაციას.

28. მექანიზებული (ავტომატიზებული) მოწყობილობით აღჭურვილი ლუკების გახსნა-დახურვა ხორციელდება გემის ეკიპაჟის მიერ.

29. სატვირთო ოპერაციების დაწყებამდე, სტივიდორი ვალდებულია დაათვალიეროს მოწყობილობები (ხიდურები, საბიჯელები, ჩამოსაკიდი ბადეები და სხვა) და დარწმუნდეს გამოსაყენებლად მათ ვარგისობაში.

30. აკრძალულია დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციების განსახორციელებელი მოწყობილობის გამოყენება, თუ:

ა) მასზე არ არის დაკრული ტრაფარეტი გამოცდის თარიღისა და გამოცდის მოქმედების ვადის, აგრეთვე დასაშვები ტვირთამწეობის მითითებით;

ბ) მოწყობილობას აქვს არსებითი დაზიანება.

31. თუ სატვირთო ოპერაციების წარმოება განსაზღვრულია ნავსადგურის ამწით, მაშინ აღნიშნული სამუშაოების დაწყებამდე გემის კაპიტანმა უნდა განარიდოს ამწის სამუშაო სივრცეში განთავსებული და ამწის თავისუფალი გადაადგილების ხელშემშლელი გემის აღჭურვილობა. ამასთან, გემის სატვირთო ისრები არ უნდა გადაცდნენ გემის ბორტს.

32. ყველა ასაწევი ტვირთი უნდა დამაგრდეს იმგვარად, რომ არ მოხდეს ტვირთის გადმოყრა ან/და გადმოვარდნა.

33. გემი ისე უნდა დაიტვირთოს, რომ წელიწადის მოცემული დროისა და ნაოსნობის რაიონებისათვის დადგენილი გემის სატვირთო მარკა არ აღმოჩნდეს წყალქვეშ.

34. გადატვირთულ ან არასწორად დატვირთულ გემს ეკრძალება ნავსადგურიდან გასვლა.

35. გემი გადატვირთულად ან არასწორად დატვირთულად ითვლება, თუ:

ა) მისი დავირთვა არ შეესაბამება „სატვირთო მარკის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნებს;

ბ) ტვირთი გემზე არ არის დამაგრებული ან დამაგრებულია არასათანადოდ;

გ) გემმა დატვირთვის შემდეგ მიიღო მისთვის დასაშვებზე მეტი დახრა ან მისი მდგრადობა არ შეესაბამება გემის მდგრადობის კრიტერიუმების მოთხოვნებს;

დ) ფხვიერი ან თხევადი ტვირთით დატვირთული გემი არ არის აღჭურვილი რწევის დროს ტვირთის გადაადგილების ან გადაღვრის საწინააღმდეგო საშუალებებით;

ე) გემბანზე ტვირთი განლაგებულია არასწორად, რაც საფრთხეს უქმნის გემს და მასზე მყოფ ადამიანებს;

ვ) დარღვეულია დატვირთვის და გადაზიდვის წესები.

36. დატვირთვის, განთავსების, დამაგრების, სეპარაციისა და გადმოტვირთვის თაობაზე გემის ადმინისტრაციის მითითების შესრულება სავალდებულოა იმ იურიდიული ან/და ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც ახორციელებენ სატვირთო ოპერაციებს.

37. სატვირთო ოპერაციების წარმოების წესების დარღვევის შემთხვევაში გემის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, დარღვევის აღმოფხვრამდე, შეაჩეროს აღნიშნული ოპერაციები.

38. სატვირთო ოპერაციის დასრულების შემდეგ სანაპირო ამწის ისრები უნდა მობრუნდეს ნაპირის მხარეს და არ გადაცდეს ნავმისადგომის კიდეს. ელევატორის მილები უნდა აიწიოს და განლაგდეს ისე, რომ ხელი არ შეუშალოს გემების დაყენებას (მიბმას) და გადაყვანას. ტაკელაჟი და სატვირთო საშუალებები უნდა ალაგდეს და დაიწყოს სანავსადგურე ერთეულის/ტერმინალის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

39. სატვირთო ოპერაციების განხორციელების ადგილი დაუყოვნებლივ უნდა გაიწმინდოს ნაგვისაგან და მოყვანილ იქნეს წესრიგში, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება ნავმისაგომის ოპერატორს/სატვირთო ოპერაციების ხელმძღვანელს. ამასთან, აკრძალულია ნავმისადგომიდან ნაგვის ზღვაში და ნავმისადგომის სადრენაჟო სისტემაში ჩაყრა.

40. აკრძალულია კანჯოების, ღუზების, გვარლების, მანქანის ნაწილებისა და სხვა ინვენტარის დატოვება სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიასა და ნავმისადგომზე.

41. სანავსადგურე წყლებში ჩაძირული ნებისმიერი ტვირთის შესახებ, რასაც შეუძლია შეაფერხოს და საფრთხე შეუქმნას ნაოსნობას, სატვირთო ოპერაციის ხელმძღვანელმა უნდა აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს.

42. სატვირთო ოპერაციებთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებისას დაცული უნდა იქნეს სამუშაოთა წარმოების უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო და სანიტარიული უსაფრთხოების ნორმები.

43. სატვირთო ოპერაციების უსაფრთხო წარმოებას უზრუნველყოფს:

ა) სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიასა და ობიექტებზე – პირი, რომელიც აწარმოებს სამუშაოებს;

ბ) გემზე – სტივიდორი და გემის ადმინისტრაცია.

44. დღე-ღამის ბნელ პერიოდში სატვირთო ოპერაციების წარმოების ადგილი გემზე, ნავმისადგომსა და საწყობში განათებული უნდა იყოს მოქმედი ნორმების შესაბამისად. ამასთან, განათება ხელს არ უნდა უშლიდეს ნაოსნობას.

45. ნავმისადგომსა და ტერმინალში განათებას უზრუნველყოფს სანავსადგურე ერთეული, ხოლო გემზე – გემის ადმინისტრაცია.

46. ნაპირიდან გემზე ასვლა და ჩამოსვლა დასაშვებია ტრაპით უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვით.

47. გემის ტრაპისა ტექნიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გემის ადმინისტრაციას, ხოლო სანავსადგურე ერთეულის კუთვნილი ტრაპისა, რომლებიც ნაპირიდან მოეწოდება გემს – სანავსადგურე ერთეულს.

48. ექსპლუატაციის პროცესში ტრაპისა და საბიჯელას გაუმართაობის გამოვლენის შესახებ სატვირთო ოპერაციების მწარმოებელმა, ამ მუხლის 47-ე პუნქტის შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სანავსადგურე ერთეულის ან გემის ადმინისტრაციას, ხოლო ეს უკანასკნელი ვალდებულია უზრუნველყოს დაზიანებული ტრაპისა და საბიჯელას ხარვეზ(ებ)ის დროული აღმოფხვრა ან, თუ ხარვეზ(ებ)ის აღმოფხვრა შეუძლებელია, მათი ამოღება ექსპლუატაციიდან.

49. სატვირთო ოპერაციების წარმოების ადგილას აკრძალულია:

ა) თამბაქოს მოწევა, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა;

ბ) იმ პირების ყოფნა, რომლებსაც სამსახურებრივად არა აქვთ კავშირი მიმდინარე სატვირთო სამუშაოებთან.

50. ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან დაკავშირებული უბედური შემთხვევისას სატვირთო ოპერაციების სტივიდორი, დაზარალებულისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენასთან ერთად, ვალდებულია მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს, სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას და ტერმინალს.

51. სანავსადგურე ერთეულში ყველა სატვირთო სამუშაო, როგოც წესი, უნდა განხორციელდეს კომპლექსური მექანიზაციის გამოყენებით. მექანიზირებული დატვირთვისას დამხმარე ოპერაციებისა და სამუშაოთა გარკვეული სახეობების ხელით შესრულება დასაშვებია მხოლოდ უსაფრთხოების წესების დაცვით.

52. უსაფრთხოების დაცვის მიზნით ტერმინალების, უბნების და სამსახურების ხელმძღვანელებმა უნდა შეიმუშაონ ინსტრუქციები ცალკეული პროფესიების მიხედვით. ტიპური ინსტრუქციების არსებობის შემთხვევაში ისინი საფუძვლად უნდა დაედოს სანავსადგურე ერთეულში ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, შემუშავებულ ინსტრუქციებს. აღნიშნული ინსტრუქციები დამტკიცებული უნდა იქნეს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის მიერ.

53. სატვირთო ოპერაციები, რომლებიც მიმდინარეობს გემიდან გემზე გადატვირთვის დროს, უნდა აკმაყოფილებდეს გემი გემთან (Ship to Ship) ICS-ის სახელმძღვანელოს (Ship to Ship Transfer Guide for Petroleum, Chemicals and Liquefied Gas) მოთხოვნებს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე უნდა არსებობდეს ნავსადგურის კაპიტნის თანხმობა. აგრეთვე, გემიდან გემზე გადატვირთვის პროცედურა განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ცირკულარის შესაბამისად.

თავი IX

გემის დატვირთვა, გადმოტვირთვა, ტვირთის დაწყობა და შენახ