1. სახიფათო ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა ხორციელდება IMO-ს IMDG CODE-ის და ამ „წესების“ მოთხოვნათა შესაბამისად.
2. IMO FAL 7 ფორმის შესაბამისად, სანავსადგურე ერთეულში სახიფათო ტვირთის შეტანამდე 7 (შვიდი) დღით ადრე, ტვირთგამგზავნმა ან/და გადამზიდავმა კომპანიამ სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას და ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს უნდა წარუდგინოს დადგენილი წესით შევსებული განაცხადი და თანდართული დოკუმენტები აღნიშნული ტვირთის გემით გადაზიდვის შესახებ. თუ რეისის ხანგრძლივობა 7 (შვიდი) დღეზე ნაკლებია, ტვირთგამგზავნმა ან/და გადამზიდავმა კომპანიამ სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას და ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სახიფათო ტვირთის გემით გადაზიდვის შესახებ.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებულ განაცხადში მითითებული უნდა იყოს რომელ კლასს, კატეგორიასა და ჯგუფს მიეკუთვნება სახიფათო ტვირთი, მისი ტექნიკური დასახელება, ადგილების რაოდენობა, წონა ბრუტო და დანიშნულების ადგილი. გარდა ამისა, აღნიშნული უნდა იყოს, რომ ტვირთგამგზავნისათვის ცნობილია IMO-ს IMDG CODE, ხოლო გადასაზიდი ტვირთის შეფუთვა, მარკირება (დანართი №6) და საშიშროების დამადასტურებელი მარკირება სრულად შეესაბამება სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესებს.
4. გემი, რომელმაც სახიფათო ტვირთი მოიტანა ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის დარღვევით, სანავსადგურე ერთეულში შესვლამდე უნდა დადგეს ღუზაზე, აღნიშნული ტვირთის სანავსადგურე ერთეულში გადმოტვირთვის თანხმობის მიღებამდე.
5. გემის კაპიტანი ვალდებულია აცნობოს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას და ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს ბორტზე სახიფათო ტვირთის არსებობის შესახებ და მიიღოს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის თანხმობა ამ ტვირთის გადმოტვირთვაზე, გადმოტვირთვის დროისა და ადგილის მითითებით.
6. სახიფათო ტვირთის სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე შემოტანა გემზე დატვირთვა-გადმოტვირთვის მიზნით დასაშვებია მხოლოდ სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის წერილობითი თანხმობისა და ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის ინფორმირებით.
7. სახიფათო ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის ადგილს განსაზღვრავს სანავსადგურე ერთეული, სახანძრო დაცვის სამსახურთან, სანავსადგურე ერთეულის დაცვის სამსახურთან, შემოსავლების სამსახურთან და გარემოს დაცვის სამსახურთან შეთანხმებით.
8. სახიფათო ტვირთის დატვირთვა/გადმოტვირთვა და დახარისხება ხდება სანავსადგურე ერთეულის და/ან სატვირთო ტერმინალის წარმომადგენლის თანდასწრებით.
9. სახიფათო ტვირთის მოსალოდნელ გადამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაოს შესახებ, სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია წინასწარ, ტვირთის ნავსადგურში შეტანამდე აცნობებს სანავსადგურე ერთეულის შესაბამის სამსახურებს.
10. სახიფათო ტვირთის დატვირთვა/გადმოტვირთვა უნდა განხორციელდეს სატვირთო ოპერაციებზე დაკავებული ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო საშუალებებით და მეთოდებით, გემის საცხოვრებელი, სამსახურებრივი და საწარმოო სათავსოების დაჭუჭყიანებისაგან დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით. ნაყარი სახიფათო ტვირთის გადატვირთვისას თავიდან უნდა იქნეს აცილებული სამუშაო ადგილისა და მიმდინარე ტერიტორიის დაბინძურება.
11. სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული სატვირთო ოპერაციების განხორციელებისას აკრძალულია გემის საწვავით მომარაგება.
12. სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული სატვირთო ოპერაციები უნდა ხორციელდებოდეს ტვირთის თვისებების გათვალისწინებით, შედგენილი ტექნოლოგიური რუკის მიხედვით. ტექნოლოგიური რუკა უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან, სანავსადგურე ერთეულის სახანძრო დაცვის სამსახურთან, სანავსადგურე ერთეულის გარემოს დაცვის სამსახურთან და დამტკიცდეს სანავსადგურე ერთეულის მიერ.
13. სახიფათო ტვირთი, როგორც წესი, გემში უნდა ჩაიტვირთოს ყველა სხვა ტვირთის შემდეგ და გადმოიტვირთოს პირველ რიგში.
14. სატვირთო ოპერაციების დაწყებამდე ოპერატორს და სატვირთო ოპერაციის ხელმძღვანელს უნდა გააჩნდეთ ხანძრის, აფეთქების ან სხვა ინციდენტის შემთხვევაში ქონების განლაგების, ვაგონების გადაადგილების, გემებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაყვანის გეგმა.
15. სახიფათო ტვირთის განსათავსებლად უნდა გამოიყოს ცეცხლგამძლე მასალით აგებული, ასეთივე იატაკისა და საფარის მქონე, ცეცხლგამძლე კედლებით დაყოფილი შენობა (საწყობი). დასაშვებია სახიფათო ტვირთის სპეციალურ სარდაფებში და საცავებში შენახვა სახიფათო ტვირთის თავისებურების გათვალისწინებით.
16. სახიფათო ტვირთის განთავსების ადგილი უნდა იყოს მუდმივად დაცული, გააჩნდეს სახანძრო სიგნალიზაცია და დაცვის თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომი სატელეფონო კავშირი. სახიფათო ტვირთის შესანახ შენობას გარეთ და შიგნით უნდა გააჩნდეს ამკრძალავი და გამაფრთხილებელი ნიშნები: „საშიშია“, „მოწევა სასტიკად აკრძალულია“ და სხვა.
17. ექსპედიტორს (ფორვარდერს) და/ან გადამზიდველს (ოპერატორს), რომლებიც ახორციელებენ ოპერაციებს სახიფათო ტვირთთან დაკავშირებით, უნდა ჰყავდეთ სახიფათო ტვირთების გადაზიდვის სფეროში შესაბამისი სერტიფიკატის მქონე თანამშრომელი.
18. სახიფათო ტვირთის მიმართ სატვირთო ოპერაციების (დატვირთვა/გადმოტვირთვა, დახარისხება, დასაწყობება, ნავსადგურისა და მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტირება) წარმოებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაძლო დაზიანების ზონაში მცხოვრები პირებისა და მომუშავე პერსონალის შეტყობინების ლოკალური სისტემ