1. სანავსადგურე ერთეულში, ტარაში მოთავსებული ადვილად აალებადი სითხის მიღების, დატვირთვისა და გადმოტვირთვისათვის სპეციალურად უნდა გამოიყოს/შემოიღობოს და აღიჭურვოს ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობებით მოედნები/ნავმისადგომები, რომლებიც განლაგებული უნდა იქნეს სხვა ტვირთების გადამუშავების ადგილებიდან არანაკლებ 200 მეტრის დაშორებით.

2. +60˚C-ზე ნაკლები ფეთქების ტემპერატურის მქონე ადვილად აალებად სითხეებს მისი მფლობელი სანავსადგურე ერთეულს დასატვირთად აწვდის უშუალოდ გემის ბორტთან, ხოლო სანავსადგურე ერთეულიდან ადვილაალებადი სითხის გამოტანა ხორციელდება გემიდან გადმოტვირთვისთანავე. +23˚C-დან +60˚C-მდე ფეთქების ტემპერატურის მქონე ადვილად აალებადი სითხის (ქვეკლასი 3.3) გადმოტვირთვა გამონაკლის შემთხვევებში შესაძლოა ნავმისადგომზე, თუ არსებობს ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, იმ პირობით, რომ მფლობელი გადმოტვირთვიდან არაუგვიანეს 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში გაიტანს ტვირთს სანავსადგურე ერთეულიდან.

3. ადვილად აალებადი სითხის დაღვრა სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე აკრძალულია.

4. ტარაში მოთავსებული ადვილად აალებადი სითხის დატვირთვა და გადაზიდვა უნდა ხორციელდებოდეს ამ „წესების“ და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

5. ადვილად აალებადი სითხის გადასაზიდად (ტვირთის სახით) მიღება აკრძალულია:

ა) სამგზავრო გემზე;

ბ) სატვირთო-სამგზავრო გემზე;

გ) სატვირთო გემზე, თუ ის ბორტზე იღებს მგზავრებს;

დ) სარკინიგზო/სამგზავრო და საავტომობილო/სამგზავრო ბორნებზე.

6. გემს, რომელსაც გადააქვს IMO კლასის 3.1 ან/და 3.2 ქვეკლასის ადვილად აალებადი სითხე, ეკრძალება რაიმე სახის საბუქსირე სამუშაოების წარმოება.

7. ადვილად აალებად სითხესა ან მის ტარასთან დაკავშირებული დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ღამით წარმოება გემსა და ნაპირზე, როგორც გამონაკლისი, დასაშვებია სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციისა და ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის ინფორმირებით შემდეგი პირობების დაცვით:

ა) სამუშაო ადგილების განათება უნდა იყოს არანაკლებ 45 (ორმოცდახუთი) ლუქსისა;

ბ) განათების დონის უზრუნველყოფა ხორციელდება პროჟექტორებით, რომლებიც სამუშაო ადგილის პერიმეტრიდან დაშორებულია არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) მეტრით, ასევე გადასატანი განათების მეშვეობით, ფეთქებადუსაფრთხო ფარნების გამოყენებით.

8. ტარაში განთავსებული ტვირთის აწევა და დაშვება სატვირთო ოპერაციების მიმდინარეობისას უნდა ხდებოდეს მდორედ, ბიძგებისა და ტვირთის ერთმანეთზე ან გემის ბორტზე დარტყმის გარეშე. ადგილებში, სადაც დარტყმებია მოსალოდნელი საჭიროა ფარებისა და საგებების განთავსება.

9. IMO კლასის 3.1. ან 3.2. ქვეკლასის ადვილად აალებადი სითხით სავსე კასრების სატვირთო ოპერაციებისას წყვილკავის გამოყენება აკრძალულია. დატვირთვა/გადმოტვირთვისას გამოიყენება ქერელის ან სხვა მასალის თოკისაგან დამზადებული ბადე.

10. ტარაში მოთავსებული ადვილად აალებადი სითხით დატვირთული გემის ტრიუმებში შესვლა დასაშვებია მხოლოდ მათი განიავების შემდეგ, არაფეთქებადსაშიში ხელის აკუმულატორიანი ფარნით და რეზინის ფეხსაცმელით.

11. საზღვაო გადაზიდვის დაწყებამდე ტვირთგამგზავნმა ცარიელი ტარა უნდა გაწმინდოს ადვილადაალებადი სითხისაგან და აღნიშნული დაადასტუროს სატვირთო ორდერსა (დატვირთვის საგანკარგულებლო საბუთი) და საზღვაო ზედნადებზე ხელმოწერით. ასეთ შემთხვევაში ადვილად აალებადი სითხის ტარით გადაზიდვა ხორციელდება ჩვეულებრივი ტვირთის გადაზიდვის ანალოგიურად.

12. იმ შემთხვევაში, თუ ტარა არაა გაწმენდილი, მისი გადაზიდვა უნდა მოხდეს ისევე, როგორც სახიფათო ტვირთისა.

13. სატვირთო ორდერსა და საზღვაო ზედნადებში, რომელიც თან ახლავს ტარას, გრაფაში „ტვირთის დასახელება“ წითელი ფერით აღინიშნება იმ ტვირთის დასახელება, რომელიც ბოლოს იქნა გადატანილი ამ ტარით.

14. ამ მუხლის მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ტვირთგამგზავნს.

თავი XI

მგზავრთა გადაყვანის ოპერაციე