1. ნაგებობები უნდა იმყოფებოდეს გამართულ მდგომარეობაში და გამოიყენებოდეს მათი ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დაცვით. სანავსადგურე ნაგებობათა ტექნიკური ექსპლუატაციის წესების ასლი უნდა წარედგინოს სააგენტოს, მათი განახლებული ვერსიებით.
2. გემის ნავმისადგომთან მისვლამდე, გემის ბორტებიდან უნდა ალაგდეს და იმგვარად დამაგრდეს შვერილები, რომ არ მოხდეს ნავმისადგომისა და მასზე არსებული მოწყობილობების დაზიანება.
3. გემის ნავმისადგომზე მიბმისას გემის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 0,3 კვანძს და ნავმისადგომთან მიდგომის კუთხე უნდა იყოს მაქსიმალურად მიახლოვებული ნულთან.
4. იმ შემთხვევაში, როცა ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პირობების შესრულება შეუძლებელია, გემის კაპიტანი ყველა ღონეს ხმარობს ნავმისადგომის დაზიანებისა და ძირის გამორეცხვის თავიდან ასაცილებლად.
5. გემის მიბმის ოპერაციის მიმდინარეობისას უნდა გატარდეს ღონისძიებები გემის კორპუსის ნავმისადგომის კონსტრუქციასთან შეხების თავიდან ასაცილებლად, თუ ეს უკანასკნელი არ არის დაცული ამრიდი მოწყობილობებით და სათანადოდ არ არის გამოყენებული დამცავი ბალიშები.
6. 5000 ტონაზე მეტი წყალწყვის გემს ეკრძალება ორზე მეტი ბაგირის (mooring line) დამაგრება ნავმისადგომის ერთ ბოძკინტზე.
7. ხიმინჯებიან ნავმისადგომზე გემის მიბმისას გარე მხარეს გემის დახრა ხიმინჯების დაზიანების საფრთხის გამო დაუშვებელია.
8. აკრძალულია ამუშავებული ხრახნით გემსაბმელებზე გამოცდის (mooring trials) წარმოება ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მახლობლად, თუ ეს ნაგებობები არ გამოიყენება გემსაბმელებზე გამოცდის ჩასატარებლად.
9. იმ შემთხვევაში, თუ გემის ნავმისადგომიდან გასვლა ხდება ბუქსირის გარეშე, მაშინ ძრავებმა უნდა იმუშაონ ყველაზე ნელი სვლით, სანამ გემის ბორტი ნავმისადგომს არ მოსცილდება მინიმუმ 10 მეტრით.
10. თუ გემს არ შეუძლია დამოუკიდებლად მანევრის ჩატარება, მაშინ აუცილებლად მოწვეული უნდა იქნეს ბუქსირმზიდი გემი.
11. გემის კაპიტანი, რომელმაც დააზიანა ჰიდროტექნიკური, სანავსადგომო და სხვა ნაგებობა, ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს.
12. გემის მიერ ნავმისადგომის ან სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობის დაზიანების შემთხვევაში უნდა შედგეს აქტი სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის და გემთმფლობელის მიერ დანიშნული შემმოწმებლის მონაწილეობით.
13. გემის კაპიტანი ნავსადგურის აკვატორიაში და რეიდზე ნაოსნობისა და გემის დგომისას ვალდებულია შეასრულოს ნაგებობათა დაცვის დადგენილი მოთხოვნებ