1. ადვილად აალებადი სითხეების დატვირთვა/გადმოტვირთვა ტანკერებში ხდება სპეციალიზებულ ნავმისადგომთან, უნავმისადგომო ჩამოსასხმელთან ან რეიდზე – ბორტიდან, ISGOTT-ის მოთხოვნების შესაბამისად.

2. სატვირთო ოპერაციების განხორციელებისას ტერმინალის ოპერატორის მიერ მიღებული უნდა იქნეს ზომები ელექტროგამტარობის საწინააღმდეგო ღონისძიებები ISGOTT-ის მოთხოვნების შესაბამისად.

3. ნავთობ/გაზტერმინალში, ნავთობთან და ადვილად აალებად სითხესთან დაკავშირებული სატვირთო ოპერაციები, უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით, უნდა მიმდინარეობდეს დახურული მეთოდით (სანაპირო სატვირთო სადენის შლანგის მილტუჩი მჭიდროდ უნდა იყოს მიერთებული ტანკერის მიმღებ სატვირთო მილთან, რათა გამოირიცხოს ადვილადაალებადი სითხის გამოჟონვა შლანგიდან; ტანკერის გემბანზე ყველა ღიობი უნდა იყოს დახურული, გარდა ტანკების ვენტილაციის სისტემისა).

4. 8 000 ტონა და მეტი დედვეითის (DW) მქონე ტანკერების სატვირთო ოპერაციები უნდა ხორციელდებოდეს ინერტული ტანკების პირობებში, ჟანგბადის “O2“-ს შემცველობა ტანკებში არ უნდა აღემატებოდეს 8%-ს. ტანკერის დატვირთვის წინ ტანკებში წყალბადის სულფიდის „H2S“-ს შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 5 (ხუთი) ppm, რათა არ მოხდეს დატვირთვის დროს ამ მავნე ნივთიერებით გარემოს დაბინძურება.

5. ადვილად აალებადი სითხის და ნავთობის გემბანზე ან ზღვაში გადაღვრის თავიდან აცილების მიზნით, ტანკერისა და საწვავმზიდი გემის მევახტე სამსახური მუდმივად უნდა ადევნებდეს თვალყურს ჩამკეტი სარქველის (ფარსახური) და სატვირთო შლანგების მდგომარეობას და დახურული იქონიოს გემის ყველა ღიობი, რათა ადვილად აალებადი სითხის ავარიული დაღვრის შემთხვევაში თავიდან იქნეს აცილებული ადვილად აალებადი სითხის და ნავთობის მოხვედრა ნავსადგურის აკვატორიაში.

6. გარეთა ჩამოსასხმელ-გადასასხმელი მილსადენებიდან (სახელოები, შლანგები და სხვა) ადვილად აალებადი სითხის გადინების შემთხვევაში, მათი შეერთების ადგილას უნდა განთავსდეს ქვესადგარები და ლოტები ადვილად აალებადი სითხეების შესაგროვებლად.

7. სატვირთო ან საბუნკერე ოპერაციების პროცესში ნავთობის დაღვრისას გემის დამუშავება უნდა შეწყდეს, გემზე გამოცხადდეს გემის საერთო განგაში, ხოლო სანავსადგურე ერთეულის სანავთობე უბნის მორიგე სამსახურმა უნდა გაატაროს ქმედითი ზომები აკვატორიისა და ნავსადგურის ტერიტორიის დაბინძურებული ადგილების გასაწმენდად, აგრეთვე გამოიძახოს სახანძრო დაცვა და ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური შესაბამისი საბუთების გასაფორმებლად.

8. თუ სანაპირო და გემის მილსადენის შემაერთებელი მოწყობილობები არ არიან აღჭურვილნი სპეციალური შეუქცევადი სარქველით ან სხვა მოწყობილობით, რომელიც გამორიცხავს ადვილად აალებადი სითხის გადაღვრას, მაშინ მათ განცალკევებამდე, სატვირთო ოპერაციების დასრულების შემდეგ ისინი უნდა დაიცალოს. მოქმედი შლანგები უნდა იქნეს წამოწეული ზემოთ სატვირთო ისრების, კრონშტეინების და სხვათა მეშვეობით.

9. სატვირთო ოპერაციების მიმდინარეობისას ტანკერს ეკრძალება:

ა) გემბანზე ფეთქებადი და ადვილად აალებადი ნივთიერებების ქონა;

ბ) გემის ტანკების რეცხვა, გარდა ნედლი ნავთობით რეცხვისა (COW);

გ) დეგაზაციის წარმოება.

10. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების გარდა, რეიდზე ადვილად აალებადი სითხის გადმოტვირთვისას საბუქსირე ჩასასხმელმა ბარჟამ/ლიხტერმა უნდა დაიცვას შემდეგი პირობები:

ა) გემის ღუზაზე დგომისას დაცული იქნეს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მითითება დგომის ადგილის შესახებ;

ბ) ბარჟის/ლიხტერის მიყენება ტანკერის ბორტთან უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, რათა არ მოხდეს დაჯახება ხახუნი ან დაწოლა;

გ) ტანკერის, ბარჟისა/ლიხტერის ბორტები უნდა აღიჭურვოს რბილი საკიდი საცავბალიშებით;

დ) ბარჟაზე/ლიხტერში ადვილად აალებადი სითხის დატვირთვა ან ბარჟიდან/ლიხტერიდან გადმოტვირთვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ დახურული წესით, შესაბამისი მილსადენის მეშვეობით;

ე) ღელვის პირობებში გადმოტვირთვა/დატვირთვა შეიძლება შეწყვეტილ იქნეს ტანკერის კაპიტნის შეხედულებისამებრ. ამ შემთხვევაში ბარჟა/ლიხტერი გაყვანილი უნდა იქნეს ტანკერის ბორტიდან და დადგეს ღუზაზე;

ვ) რეიდზე სატვირთო ოპერაციების განხორციელებისას უნდა მორიგეობდეს ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობით აღჭურვილი ბუქსირმზიდი გემი, რათა დაუყოვნებლივ აღმოუჩინოს დახმარება ტანკერს ხანძრის წარმოშობის შემთხვევაში;

ზ) ბარჟას უნდა გააჩნდეს ელექტროგანათება, რომელიც შეესაბამება ამ ტიპის გემისათვის საკლასიფიკაციო საზოგადოებების მიერ დადგენილ მოთხოვნებს;

თ) სატვირთო ოპერაციების წარმოება გემის სვლის დროს აკრძალულია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რაც ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან უნდა იქნეს შეთანხმებული;

ი) დაუშვებელია +230C-ზე ნაკლები ფეთქების ტემპერატურის მქონე ადვილად აალებადი სითხეების ორ ბარჟაში ერთდროულად ჩასხმა.

11. ნავსადგურში ან რეიდზე ადვილად აალებადი სითხეების სატვირთო ოპერაციების განხორციელებისას გემზე უნდა აღიმართოს დღისით წითელი დროშა „B“ (BRAVO), ღამით – წითელი ციმციმა შუქ